მოწოდებული ინფორმაცია

ბათუმის საკრებულოს წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მირდატ ქამადაძე აჭარის დედაქალაქში 23 იანვარს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მის კოლეგას, ბათუმის საკრებულოს წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი დააყარეს.

როგორც მირდატ ქამადაძემ „საქართველოს პირველ არხს“ განუცხადა, გამოხატვის ასეთი ფორმა არასასურველია,  მაგრამ ის ჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში.

გადამოწმებული: 1tv.ge

გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობის მიუხედავად, აღნიშნული უფლება აბსოლუტური არ არის, რაც ნიშნავს, რომ ის, შესაძლოა, რიგ შეზღუდვებს დაექვემდებაროს.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები მოცემულია თავად საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტში, რომლის თანახმად, შეზღუდვა „დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“.

სიტყვისა  და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებს ითვალისწინებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიც, რომელიც შეიცავს კონკრეტულ ჩანაწერებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, კანონის მე-9 მუხლში აღნიშნულია, რომ „კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება უხამსობას… პირისპირ შეურაცხყოფას“.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ადასტურებს, რომ „გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას“.

„პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ქმედებისთვის, როდესაც 2018 წლის 10 ოქტომბერს, სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს გორში, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვილმა თავზე ნაგავი დააყარა, ამ უკანასკნელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საკრებულოს წევრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, მირდატ ქამადაძის განცხდება, რომ „თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით