სომხეთმა აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ მისცა ხმა

მოწოდებული ინფორმაცია

12 ივნისს, „ფეისბუქის” გვერდმა „ქართული ერთსულოვნება” გამოაქვეყნა ინფორმაცია:„იცნობდეთ 16 ქვეყანას, რომლებმაც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ მისცეს ხმა”. ამ ქვეყნების ჩამონათვალშია სომხეთიც. პოსტს “ფეისბუქზე“ 525 გაზიარება აქვს. “ფეისბუქის” მომხმარებლები „ქართული ერთსულოვნების” გვერდზე სომხებზე აგრესიულად წერენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება არ გაუწიოს.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ფეისბუქის” გვერდმა „ქართული ერთსულოვნება” 12 ივნისს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომლებმაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ მისცეს ხმა. მათ შორის მოხსენიებულია სომხეთიც. “ფეისბუქის” მომხმარებლებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა სულ ახლახანს ჩატარდა და სომხეთმა საქართველოს საწინააღმდეგო პოზიცია დაიჭირა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სომხეთს არანაირი დახმარება არ გაუწიოს.

აღნიშნული ინფორმაცია არის სიყალბე, ვინაიდან გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2019 წლის 4 ივნისს, 73-ე სესიაზე, მიიღო საქართველოს მიერ 2008 წლიდან ინიცირებული რეზოლუცია “აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.  ასამბლეის 79-მა წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგ კი, ხმა 15-მა მისცა. კენჭისყრაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა 57-მა წარმომადგენელმა.

აღნიშნული რეზოლუციის კენჭისყრაში სომხეთს მონაწილეობა არ მიუღია. სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ არ გააგრძელა წინა ხელისუფლების დამკვიდრებული დამოკიდებულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა სტატუსის თაობაზე და ხმა საქართველოს საწინააღმდეგოდ აღარ მისცა.

ამდენად, „ქართული ერთსულოვნების” მიერ “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არის სიყალბე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით