

მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 22 ივნისიდან საქართველოში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. პირველი ივლისიდან კი ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება. მსგავსი ვითარებაა მსოფლიოში – ვაქცინაციის პროცესთან ერთად, ქვეყნები ცდილობენ, კოვიდშეზღუდვები შეარბილონ ან მთლიანად გააუქმონ.
„ანტიფეიკმა“ მოიძია მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანა, სადაც რეგულაციების განსხვავებული და უცნაური ფორმები მოიფიქრეს.
გადამოწმებული: 1tv.ge
ესპანეთი
2020 წლის აგვისტოში, ესპანეთში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, მოწევა აიკრძალა – მიზეზად კოვიდ-19-ის გადაცემის საფრთხე დასახელდა.
შეზღუდვა, თავდაპირველად, კანარის კუნძულებზე დაწესდა. კუნძულების პრეზიდენტმა აკრძალვა იმით გაამართლა, რომ მოწევის დროს, დაინფიცირებულ მწეველებს, ნერწყვის ან შხეფების გზით, შესაძლოა, ვირუსი გაევრცელებიათ.
კოსოვო
კოსოვოში ე.წ კომენდანტის საათის მეტად საინტერესო ფორმა მოქმედებდა. მოქალაქეების უმრავლესობისთვის გადაადგილების შეზღუდვა დილის 5 საათიდან 22:30-მდე იკრძალებოდა. 65 წელს გადაცილებული ან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს კი გარეთ გასვლა – დილის 5-დან 10-საათამდე ან საღამოს 6-დან 9 საათამდე შეეძლოთ.
პანამა და კოლუმბია
ცენტრალური ამერიკის ორ ქვეყანაში – პანამასა და კოლუმბიაში კოვიდრეგულაციებს ზედმეტად კრეატიულად მიუდგნენ. 2020 წლის აპრილში, როდესაც პანამას დღიურად ათასზე ნაკლები ინფიცირების შემთხვევა ჰქონდა, ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქალებს და მამაკაცებს სახლიდან გასვლა, განსხვავებულ დღეებში და დროის მონაკვეთებში, მხოლოდ ორი საათით შეეძლოთ, კვირა დღეს კი გარეთ გასვლის უფლება არავის ჰქონდა. .
კოლუმბიის ხელისუფლებამ პანამის მსგავსი სტრატეგია შეიმუშავა, მხოლოდ უფრო მოწესრიგებული სახით – ქალაქებში ხალხს სახლიდან გასვლა ID ბარათის ნომრის ბოლო ციფრის შესაბამისად შეეძლოთ. კერძოდ, 0, 7 და 4-ზე დამთავრებული ID ბარათის მფლობელების გარეთ გასეირნება ორშაბათს შეეძლოთ, ხოლო 1, 8 ან 5-ზე დამთავრებულ ID ბარათების მფლობელებს სამშაბათს.
ბრაზილია
ბრაზილიას პრეზიდენტმა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვებით დისკომფორტი თვითმფინავის მგზავრებს შეუქმნა. ჟაირ ბოლსონარუს ბრძანებით, ამერიკული ავიახაზების რეისებზე სანიტარული ნორმების გასამკაცრებლად, მრავალჯერადი სამგზავრო ბალიშების ხმარება აიკრძალა. შეზღუდვა შეეხებოდა, როგორც კომპანიის მიერ მოწოდებულ, ისე მგზავრების საკუთარ ბალიშებს. საერთაშორისო ექსპერტები ასეთ აკრძალვას სკეპტიკურად უყურებდნენ, რადგან ცნობილია, რომ პანდემიის მიუხედავად, ბალიშების დეზინფექცია რეგულარულად ხდება.
რუსეთი და უკრაინა
უკრაინის სამთავრობო უწყებებმა ქვეყნის მოქალაქეებს განუცხადეს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ყოფნის დროს, 1.5 მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვასთან ერთად, რეზინის ხელთათმანების ტარება ევალებოდათ. იგივე ბრძანება მოქმედებდა მოსკოვში, სადაც, 2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, მეტროში 37,000-ზე მეტი „ურჩი მგზავრი“ დააჯარიმეს.