„სკანდალის სომხეთში - მთავრობის სხდომაზე პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა იჩხუბეს“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 25 აგვისტოს, ინტერნეტ-პორტალმა resonancedaily.com-მა, სომხურ გამოცემა Politik.am-ზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 4 აგვისტოს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „ფაშინიანმა ტოროსიანს განუცხადა, რომ მას კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში სერიოზული ჩავარდნები ჰქონდა და აღნიშნა, რომ ის ცუდი მინისტრია. „თუ ჩემზე კარგი თანამშრომელი გყავს, დაე, მან იმუშაოს“, – უთხრა საპასუხოდ ტოროსიანმა ფაშინიანს“, – ნათქვამია resonancedaily.com-ის ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც, პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის  „სიტყვიერი დაპირისპირება ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა“.

„ბოლოს ტოროსიანმა ფაშინიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა მინიშნებები. მან პრემიერ-მინისტრის მოადგილე ავინიანს უთხრა: „მიხედეთ თქვენს პაციენტს“ და შეხვედრა დატოვა… ინციდენტის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა მმართველი პარტიის საბჭოს საგანგებო შეხვედრა მოიწვია და ტოროსიანის გადაყენების შესახებ განაცხადა. ტოროსიანი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, ტოროსიანი უწყებაში დაბარებული არ ყოფილა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს. სამშაბათს კი გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ ჯანდაცვის მინსტრი არსენ ტორისიანი 18 სექტემბრამდე შვებულებაში გავიდა“, – წერს resonancedaily.com.

გადამოწმებული: 1tv.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანს შორის დაპირისპირებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს მოხდა არა მთავრობის სხდომაზე, როგორც ამას resonancedaily.com აცხადებს, არამედ ისე, რომ ნიკოლ ფაშინიანი და არსენ ტოროსიანი ერთმანეთს არ შეხვედრიან.

საიტ antifake.am-ის (ის ამოწმებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აგრეთვე პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და საქმიანობას) ცნობით, ფაშინიანსა და ტოროსიანს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა „ფეისბუქზე“ ჯანდაცვის მინისტრის მიმოწერა მეგობრებთან, რომლის ასლები სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა ტოროსიანის ფეისბუქ-გვერდის გატეხვის გზით მოიპოვა და ის პრემიერ-მინისტრს გადასცა.

როგორც ირკვევა, ამ მიმოწერის დროს, არსენ ტოროსიანი საკმაოდ მძაფრად აკრიტიკებდა ფაშინიანს. „გააკონტოლეთ თქვენი პაციენტი“ – მიმართავდა ჯანდაცვის მინისტრი საკარანტინო ზონების ხელმძღვანელს, ნარეკ ვანესიანს.

antifake.am-ის წყაროს ცნობით, ფაშინიანი და ტოროსიანი ერთმანეთს არ შეხვედრიან. მას შემდეგ, რაც უშიშროების სამსახურმა ტოროსიანის მიმოწერა ფაშინიანს გადასცა, ამ უკანასკნელმა მმართველი პარტიის აქტივთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ შვებულებაში უშვებს ჯანდაცვის მინისტრს, საიდანაც ის სამსახურში აღარ დაბრუნდება.

„ფაშინიანი ამაზე არ გაჩერებულა და ტოროსიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა „კოროვირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავარდნისა და ფინანსების ბოროტად გამოყენების“ გამო. ამის საპასუხოდ, ტოროსიანმა, მეგობრებთან საუბარში თქვა, რომ მას აქვს ფაშინიანის საუბრების აუდიოჩანაწერები, რაც არ მისცემს მას (პრემიერ-მინისტრს)  საშუალებას, რომ კოროვირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში ტოროსიანი დაადანაშაულოს. სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევაში, ტოროსიანი  ამ ჩანაწერებს გამოაქვეყნებს და გაჩნდება კითხვაა: ვინ უფრო მეტად დაზარალდა? ტოროსიანი სამართლებრივი კუთხით, თუ ფაშინიანი – პოლიტიკური თვალსაზრისით?“, – წერს antifake.am, რომლის ინფორმაციით, „ფაშინიანის გუნდში პრობლემები უფრო და უფრო მწვავდება“.

„გუნდის წევრები არ ენდობიან ერთმანეთს და უშიშროების სამსახური აქტიურად სწავლობს სოციალურ ქსელებში მათ მიმოწერას, ცდილობს, მიაკვლიოს მის წინააღმდეგ კრიტიკა და შეურაცხყოფას. ფაქტობრივად, ტოროსიანი გახდა უშიშროების სამსახურის პირველი და მსხვილი „მსხვერპლი“, გამორიცხული არ არის, მალე სხვა ახალი „მსხვერპლი“ გამოჩნდეს“, – აცხადებს antifake.am.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ინტერნეტ-პორტალ resonancedaily.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანს შორის დაპირისპირების შესახებ, ძირითადად, რეალობას შეესაბამება, თუმცა, ცალკეული დეტალები არაზუსტად არის გადმოცემული (მაგალითად,ფაშინიანსა და ტოროსიანს  დაპირისპირება მოხდა არა მთავრობის სხდომაზე, არამედ ისე, რომ ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან). შესაბამისად, ეს ინფორმაცია არის მეტწილად სიმართლე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით