„შუალედური არჩევნები შეერთებულ შტატებში: ვის ირჩევენ, ვინ გაიმარჯვებს და რა გავლენა ექნება ამ არჩევნებს“
მოწოდებული ინფორმაცია
დღეს, 8 ნოემბერს, შუალედურ არჩევნებზე ამერიკელები აირჩევენ წარმომადგენელთა პალატას, სენატის მესამედს, აგრეთვე საკანონმდებლო ორგანოებსა და გუბერნატორებს ბევრ შტატში. ამ არჩევნების შედეგებს დიდი გავლენა ექნება ჯო ბაიდენის პოლიტიკურ კურსზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
ვინაიდან 8 ნოემბერს ამერიკელები პრეზიდენტს არ ირჩევენ, წინაწარ შეიძლება იმის თქმა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იქნება. თუმცა, ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში ყველაფერი პრეზიდენტზე არ არის დამოკიდებული და ამდენად, ამომრჩევლებს მოუწევთ გადაწყვიტონ, ვინ დაიკავებს სხვა საკვანძო არჩევით თანამდებობებს – ვინ იქნებიან კონგრესის წევრები, სენატორები, გუბერნატორები, სხვადასხვა შტატის საკანონმდებლო ორგანოს წევრები…
BBC-მ გაანალიზა, ვის აქვს მეტი შანსი ამ ბრძოლაში და რა შეიძლება გამოიწვიოს არჩევნების შედეგებმა მომდევნო ორ წელიწადში.
გადამოწმებული: 1tv.ge
წარმომადგენელთა პალატა
წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს ამერიკილები ორ წელიწადში ერთხელ ხელახლა ირჩევენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს ჰქონდათ. ეს მოსალოდნელიც იყო: საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გამარჯვებული პრეზიდენტის პარტია, ძალიან ხშირად, კონტროლის მანდატს კონგრესის ორივე პალატაზე იღებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, შუალედურთან შედარებით, ელექტორატის აქტივობა გაცილებით მაღალია და ამერიკელი ამომრჩევლების უმრავლესობა ყველა თანამდებობაზე ერთი პარტიის კანდიდატებს აძლევს ხმას.
თუმცა, 8 ნოემბრის არჩევნებში დემოკრატიულ პარტიას მცირე შანსი აქვს, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა შეინარჩუნოს (გამოკითხვის აგრეგატორი მათ 100-დან მხოლოდ 15-პროცენტიან შანსს აძლევს). ასეთ მოცემულობაზე სამი ფაქტორი მუშაობს.
ჯერ ერთი, არსებობს მყარი ისტორიული ტენდენცია: მოქმედი პრეზიდენტის პირველ ვადაში, მისი პარტია შუალედურ არჩევნებში, როგორც წესი, მარცხდება. გამონაკლისი იშვიათია – ბოლოს ეს მოხდა 2002 წელს, როდესაც 11 სექტემბრის თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ ამერიკულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ იყო შენარჩუნებული „დროშის ირგვლივ კონსოლიდაციის“ ეფექტი და, აქედან გამომდინარე, ჯორჯ ბუშ უმცროსს უზარმაზარი რეიტინგი ჰქონდა. ჯო ბაიდენი კი დღეს მსგავსი რამით ვერ დაიკვეხნის.
მეორე – რესპუბლიკურ პარტიას აქვს სტრუქტურული უპირატესობა. კონსტიტუციის თანახმად, თითოეულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა დაახლოებით თანაბარი რაოდენობა უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ, ამავე დროს, ყველა შტატი მინიმუმ ერთი ოლქით მაინც უნდა იყოს წარმოდგენელი წარმომადგენელთა პალატაში (მცირედ დასახლებულ შტატებში ასეც არის – მაგალითად, ალასკას შტატი მხოლოდ ერთი კონგრესმენით არის წარმოდგენილი).
ყველაფერი დანარჩენი კონკრეტული შტატის გადასაწყვეტია. ბევრ მათგანში საარჩევნო ოლქის საზღვრებს ადგენენ ისინი, ვისაც შტატის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა აქვს (ზოგი გუბერნატორი ვეტოს უფლებით სარგებლობს).
ორივე პარტიის ამომრჩეველთა დემოგრაფიული მონაცემები დეტალურად არის შესწავლილი: მათი საცხოვრებელი ადგილი, ასაკი, სქესი, რასობრივი შემადგენლობა, შემოსავლის და განათლების დონე… ხდება ყველა ამ მახასიათებლის კორელაცია, ერთმანეთთან დაკავშირება და როდესაც საბოლოო მანაცემები რუკაზე დაიტანება, იხატება შემდეგი სურათი – მსხვილ ქალაქებში დომინირებენ დემოკრატები, სოფლის ტიპის დასახლებებში – რესპუბლიკელები, ხოლო გარეუბნები ბრძოლის ველს წარმოადგენს.
ამ ცოდნით შეიარაღებული ამა თუ იმ შტატის პოლიტიკოსები ცდილობენ, საარჩევნო ოლქის საზღვარი თავისი პარტიისთვის მომგებიანად გაავლონ. ეს საზღვარი შეიძლება გადიოდეს ნებისმიერ ადგილზე: მაგალითად, კონსერვატიულ შტატში, დიდი ქალაქი რამდენიმე უბნად დაიჩეხოს და ისინი სოფლის დიდ მონაკვეთებზე მიებას – ისე, რომ ქალაქელების ხმები გაქარწყლდეს. ლიბერალურ შტატებში კი, პირიქით, – შესაძლებელია, ურბანულ უბანს დაემატოს სოფლის ზოლი, ოღონდ ისე, რომ სოფლის მოსახლეობის ხმებმა ქალაქელი ამომრჩევლების ხმები ვერ გადაწონოს.
ასეთი პრაქტიკა (მას სპეციალური სახელი აქვს – gerrymandering) იწვევს იმას, რომ უმეტეს საარჩევნო ოლქებში ერთ-ერთ პარტიას აბსოლუტური შანსი აქვს; ოლქების მხოლოდ მცირე ნაწილში შეიძლება მოხდეს ისე, რომ გამარჯვების შედარებით თანაბარი შანსი ჰქონდეთ როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს. „Cook Political Report“-ის მონაცემებით, 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დემოკრატები გარანტირებულად გაიმარჯვებენ 159 ოლქში, ხოლო რესპუბლიკელები – 188-ში.
იმისათვის, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა (218 ადგილი) მიიღონ, დემოკრატებმა კიდევ მინიმუმ 30 ოლქში უნდა გაიმარჯვონ. იმავე კვლევითი ცენტრის მონაცემებით კი, მხოლოდ 35 ოლქია, სადაც ბრძოლის შედეგი არაპროგნოზირებადია და ამ 35-დან 10 რესპუბლიკელებისკენ იხრება.
და ბოლოს, მესამე – ეს ყველაფერი ფერმკრთალდება კიდევ ერთი პრობლემის – ინფლაციის ფონზე, რომლის მსგავსი ამერიკელების ბოლო ორი თაობას არ ახსოვს. სექტემბრის მონაცემებით, აშშ-ში ინფლაციამ წელიწადში 8,2% შეადგინა, ფასების ასეთი მასშტაბური ზრდა კი ბოლოს გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში დაფიქსირდა.
ინფლაციის გამომწვევი მიზეზები ბევრია. მის ზრდაზე ძალიან იმოქმედა ჯერ ლოჯისტიკური კავშირების მოშლამ პანდემიის პერიოდში, ხოლო შემდეგ – მსოფლიოში ნავთობზე ფასების მატებამ, რომელზე გავლენის მოხდენაც აშშ-ს ადმინისტრაციას ნაკლებად შეუძლია. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ფასების ზრდა მაშინ დაიწყო, როცა დემოკრატები თეთრ სახლს და კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებდნენ და სოციალურ, ინფრასტრუქტურულ თუ გარემოსდაცვით პროგრამებზე ტრილიონობით დოლარი დახარჯეს. რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ ამან ინფლაციის დონე კიდევ უფრო გაზარდა.
წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატები ცდილობდნენ, სხვა თემები, მაგალითად, აბორტის საკითხი გაეთამაშებინათ. მას შემდეგ, რაც უმაღლეს სასამართლოში რესპუბლიკურმა უმრავლესობამ, მრავალი ამერიკელის აზრის საპირისპიროდ, დაადგინა, რომ კონსტიტუცია აბორტის უფლებაზე გარანტიას არ იძლევა, კონსერვატიულმა შტატებმა, თავის საზღვრებში, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის უფლება თითქმის მთლიანად გააუქმეს. დემოკრატები ასევე მხარს უჭერდნენ იარაღით ვაჭრობის შეზღუდვას.
ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვებიდან ისე ჩანდა, ასეთ მგრძნობიარე თემებზე გაკეთებულ ფსონს შეეძლო ემუშავა. თუმცა, ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ეკონომიკური პრობლემები ამერიკელების უმრავლესობისთვის პირველ ადგილზე დაბრუნდა, რაც რესპუბლიკელებს აძლევს ხელს. გამარჯვების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ყველა წამყვან პოზიციას წარმომადგენელთა პალატაში და დღის წესრიგის განსაზღვრა მთლიანად მათ ხელში იქნება.
სენატი
გაცილებით ნაკლები დარწმუნებით შეიძლება საუბარი სენატისთვის ბრძოლის შედეგზე, სადაც 8 ნოემბერს 35 სენატორს ხელახლა ირჩევენ. გამოკითხვის მონაცემებით, თანაბარია როგორც იმის ალბათობა, რომ სენატის კონტროლი დემოკრატებმა შეინარჩუნონ, ასევე იმისი, რომ მისი მართვის სადავეები რესპუბლიკელების ხელში გადავიდეს.
სენატის შემადგენლობაში ამჟამად ორივე პარტიას 50-50 ადგილი აქვს, დემოკრატების უპირატესობა მხოლოდ იმაში გამოხატება, რომ როდესაც ხმები თანაბრად ნაწილდება (ანუ, არცერთი დემოკრატი არ აძლევს წინააღმდეგ ხმას), გადამწყვეტი ხდება ვიცე-პრეზიდენტის, დემოკრატი კამალა ჰარისი ხმა.
რთული ბრძოლა მიმდინარეობს ოთხ შტატში. ესენია: პენსილვანია, ჯორჯია, ნევადა და არიზონა. მინიმუმ 50 ადგილის შესანარჩუნებლად, დემოკრატებს დასჭირდებათ ამ ოთხი შტატიდან სამის მოგება და ამის გაკეთება სულაც არ ჩანს შეუძლებელი: როგორც გამოკითხვები აჩვენებს, პენსილვანიასა და არიზონაში დემოკრატი კანდიდატები მცირე უპირატესობით ლიდერობენ. ყველაზე მწვავე დაპირისპირება ჯორჯიის შტატშია და მისი შედეგი, შესაძლოა, ცოტა მოგვიანებით გახდეს ცნობილი: თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, მაშინ მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო. ამ შემთხვევაში, განმეორდება 2020 წლის სიტუაცია, როდესაც არჩევნებში დემოკრატების ამჟამინდელი კანდიდატი, რაფაელ უორნოკმიც მონაწილეობდა. ამ არჩევნების მეორე ტურის შედეგები კაპიტოლიუმის შტურმამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე, 2021 წლის 6 იანვარს გახდა ცნობილი.
რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ გამოკითხვები მცდარი იყოს, როგორც ეს მოხდა 2016 და 2020 წელს (ნაკლებად). როგორც ელექტრონული მონაცემების ანალიზზე სპეციალიზებული „New York Times“-ის კორესპონდენტი ნეიტ კონი წერს, არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ კონსერვატიული ამერიკელები უარს ამბობენ გამომკითხველებთან საუბარზე ან არაგულწრფელად პასუხობენ მათ.
შტატების არჩევნები
8 ნოემბერს ბევრი შტატი ირჩევს თავის საკანონმდებლო ორგანოებს, გუბერნატორებს და სახელმწიფო მდივნებს. ეს იქნება მნიშვნელოვანი რეზერვი 2024 წლისთვის, როდესაც ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში ორეტაპიანია: პრეზიდენტს ხმას უშუალოდ ამომრჩეველთა კოლეგიის (Electoral College) წევრები აძლევენ. თითოეულ შტატს ამომრჩეველთა კოლეგიის იმდენი წევრი ჰყავს, რამდენი პერსონითაც არის წარმოდგენილი წარმომადგენელთა პალატაში (მინიმუმ ერთი, მაგრამ თუ შტატის მოსახლეობა მრავალრიცხოვანია, – უფრო მეტი) პლუს, სენატორი (თითოეული შტატიდან ორი) – ანუ, ეს არის ამომრჩეველთა კოლეგიის მინიმუმ სამი წევრი.
კოლეგიის წევრს, ფორამალურად, ნიშნავს შტატის გუბერნატორი, გამომდინარე იქიდან, ამ შტატის ამომრჩეველთა უმრავლესობამ რომელ კანდიდატს მისცა ხმა. უმეტეს შტატში (გამონაკლისია მენი და ნებრასკა), კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში თუნდაც ერთი ხმის უპირატესობით გაიმარჯვა, იღებს შესაბამისი შტატის ამომრჩეველთა კოლეგიის ყველა წევრის ხმებს.
მაგრამ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა დანიშვნის პროცედურა აშშ-ის კონსტიტუციაში არ არის გაწერილი, რადგან ეს ინსტიტუტი მოგვიანებით ჩამოყალიბდა. კოლეგიის წევრების დანიშვნის პროცედურა, პრინციპში, შეიძლება შტატის კანონმდებლების მიერ შეიცვალოს. 2020 წელს, როდესაც დონალდ ტრამპმა უარი თქვა არჩევნებში დამარცხების აღიარებაზე, ის და მისი მხარდამჭერები ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ ამ ჯაჭვის სხვადასხვა რგოლზე, კენჭისყრის ოფიციალური შედეგების შეჯამების (რაც არის სახელმწიფო მდივნის კომპეტენცია) ჩაშლის გზით. ასევე იყო კოლეგიის არჩეულ წევრთა დანიშვნის დაბლოკვის და კოლეგიის ალტერნატიულ წევრთა დელეგაციის შექმნის მცდელობები.
ამ არჩევნებში რესპუბლიკელებმა კანონმდებლების, გუბერნატორებისა და სახელმწიფო მდივნების თანამდებობებზე დაასახელეს ის კანდიდატები, ვინც არ აღიარებს ბაიდენის გამარჯვებას. ეს გათვლილია იმაზე, რომ მომავალი არჩევნების დროს, ისინი ტრამპის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.
სწორედ ამას გულისხმობენ დემოკრატები, როდესაც რესპუბლიკურ პარტიაში მზარდ ავტორიტარიზმზე საუბრობენ. მთლიანობაში, BBC-ის გათვლებით, ამ არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების დაახლოებით 35% ღიად და საჯაროდ უარყოფს პრეზიდენტ ბაიდენის ლეგიტიმაციას. დონალდ ტრამპს ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია თავისი კანდიდატურა 2024 წლის არჩევნებზე, თუმცა ამერიკული მედიის ცნობით, ის ამას 14 ნოემბერს გააკეთებს, რაზეც ტრამპმა 4 ნოემბერს აიოვაში გამართულ მიტინგზე მიანიშნა.
როდის გვეცოდინება 8 ნოემბრის არჩევნების შედეგები და გასაჩივრდება თუ არა ის?
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული არჩევნებიდან მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ გამოვლინდა. 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემთხვევაში, არ გახდება საჭირო ბიულეტენების იგივე რაოდენობის დამუშავება, მაგრამ კანდიდატების ხმებს შორის სხვაობა, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება იყოს მინიმალური, ამიტომ, დათვლასა და გადათვლას, შესაძლოა, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს. თუ ჯორჯიის შტატში საქმე მეორე ტურამდე მივიდა – რაც გამორიცხული არ არის, რადგან არჩევნებში, ლიბერტარიანული პარტიის წარმომადგენლის სახით, მესამე კანდიდატიც მონაწილეობს – მაშინ ის 6 დეკემბერს გაიმართება და მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რომელი პარტია გააკონტროლებს სენატს.
ბევრი ამერიკელი ხმას ვადამდე და ფოსტით აძლევს. შეერთებული შტატების არჩევნების აგრეგატორული პროექტის მონაცემების მიხედვით, 4 ნოემბრისთვის 35 მილიონმა ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა ასეთი გზებით, რაც უფრო მეტია, ვიდრე 2018 წლის შუალედური არჩევნების დროს. ჯორჯიაში, 3 ნოემბრის მდგომარეობით, 2,2 მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა (უმეტესობამ პირადად და არა ფოსტით), სულ კი 7 მილიონზე ცოტა მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
3 ნოემბრის მდგომარეობით, პენსილვანიაში საარჩევნო კომისიებს ფოსტით მილიონზე მეტი ბიულეტენი (დაახლოებით ყოველი მეცხრე რეგისტრირებული ამომრჩეველი) გაეგზავნა. შტატის კანონმდებლობით, მათი დამუშავება მხოლოდ 8 ნოემბრის ხმის მიცემის დასრულების შემდეგ შეიძლება. პენსილვანიის წამყვანი გაზეთი, „Philadelphia Inquirer“ მიიჩნევს, რომ შტატის არჩევნების შედეგები ცნობილი გახდება არჩევნების შემდგომი ღამის განმავლობაში ან მეორე დღეს, მაგრამ ხმებს შორის მცირე სხვაობის არსებობამ შეიძლება გადათვლის საჭიროება წარმოშვას (ოფიციალური შედეგები მხოლოდ 20 დღის შემდეგ გამოცხადდება).
Gallup-ის მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისში ვადამდე ხმის მიცემას დარეგისტრირებული ამომრჩევლის 41% აპირებდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 34% იყო. მათ შორის უფრო მეტი დემოკრატია, ვიდრე რესპუბლიკელი.
2020 წლიდან ტრამპი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ ვადამდელი და ფოსტით ხმის მიცემის დისკრედიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ბევრ შტატში დიდი ხანია ფართოდ გამოიყენება და დარღვევების შემთხვევები ძალიან იშვიათია. 2020 წლის შემდეგ, ზოგიერთმა შტატმა ხმის მიცემის ამ მეთოდების გამოყენების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა.
როგორი იქნება ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ?
ჯორჯიელმა კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა, ტრამპისტმა და QAnon-ის კულტის მიმდევარმა, მარჯორი ტეილორ გრინმა 4 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინა რესპუბლიკური კონგრესისგან „ერთ პენსსაც“ ვერ მიიღებდა.
მისი შეხედულებები რესპუბლიკურ პარტიაში სულაც არ მიიჩნევა მარგინალურად: ოქტომბერში, წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა და სავარაუდო მომავალმა სპიკერმა, კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ კონგრესის ადმინისტრაცია, თანხის მითითების გარეშე, „ჩეკს აღარ გამოწერს“.
უკრაინის მხარდაჭერას სკეპტიკურად უყურებენ პარტიის ისეთი პოპულარული ფიგურები, როგორიცაა დონალდ ტრამპი, მისი ვაჟები და „Fox News“-ის წამყვანი ტაკერ კარლსონი. თუმცა, ყველა რესპუბლიკელი არ იზიარებს ასეთ პოზიციას. სენატში რესპუბლიკური ფრაქციის ლიდერი მიტჩ მაკკონელი უკრაინას უჭერს მხარს, მაისში ის კიევშიც კი გაემგზავრა.
ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ველოდოთ, რომ რესპუბლიკური უმრავლესობა უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარებისთვის ახალი საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფას უფრო ზედმიწევნით მიუდგება.
კიდევ რა შეუძლიათ რესპუბლიკელებს?
კარგი იქნება, გავიხსენოთ, რაც წინა შუალედური არჩევნების შემდეგ – 2018 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში მოხდა. მითუმეტეს, რომ ეს სიტუაცია შეიძლება განმეორდეს. ამას ბევრი ლიბერალური კომენტატორი მოელის. ზოგიერთი რესპუბლიკელიც მომავალ ვითარებას აღითქვამს, როგორც შესაძლებლობას, იმ დროს მიყენებული ყველა წყენისთვის დემოკრატებს სამაგიერო გადაუხადონ.
2018 წელს პრეზიდენტი იყო რესპუბლიკელი ტრამპი, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატებმა მიიღეს (სხვათა შორის, სენატში რესპუბლიკელებმა პოზიციებიც კი გაიმყარეს). აი, რა მოხდა მას შემდეგ:
- შატდაუნი – ფედერალური უწყებებისთვის დაფინანსების შეწყვეტა ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო. მაშინ დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას. საბოლოოდ, ტრამპმა კედლისაშენებისთვის საჭირო ფული საგანგებო უფლებამოსილების გამოყენებით გამოყო.
- იმპიჩმენტი – ეს იდეა მაცდუნებელია მათთვის, ვისაც რევანში სურს. ამიტომ, არა მხოლოდ ლიბერალი კომენტატორები, არამედ BBC-ის ჩრდილოამერიკელი მიმომხილველი ენტონი ცურკერიც მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელებს, სურვილის შემთხვევაში, ბაიდენის იმპიჩმენტის მიზეზი შეუძლიათ იპოვონ. იმპიჩმენტისთვის კი საკმარისია წარმომადგენელთა პალატაში უბრალო უმრავლესობა, რის შემდეგაც სენატი ერთგვარ სასამართლოდ იქცევა და ხმების ორი მესამედით გადაწყვეტს პრეზიდენტის ბრალეულობასა და გადაყენებას. თუმცა, ეს ძალიან მაღალი თამასაა და მისი გადალახვა ამერიკის მთელ ისტორიაში ერთხელაც ვერ მოხერხდა.
გარდა ამისა, რესპუბლიკურ უმრავლესობას ორივე პალატაში შეუძლია ადმინისტრაციის შევიწროვება სხვადასხვა სახის გამოძიებით. ზემოთ ნახსენები მარჯორი ტეილორ გრინი ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ საუბრობდა.
და ბოლოს, რაღაც მომენტში, ადმინისტრაციას მოუწევს კონგრესს სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის ხელახლა აწევა სთხოვოს, რაც, ყოველ ჯერზე, კანონმდებლებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა დათმობებზე ივაჭრონ (2021 წელს, დემოკრატების უმრავლესობის პირობებშიც კი, ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა).
თუ რესპუბლიკელები სენატშიც მოიპოვებენ უმრავლესობას, ისინი შეძლებენ ადმინისტრაციაში თანამდებობის პირების და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ფედერალური მოსამართლეების დანიშვნების დაბლოკვას. მითუმეტეს, მიტჩ მაკკონელს ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.
ყველაფერი ეს მიუთითებს, თუ როგორ შეუძლიათ რესპუბლიკელებს ხელი შეუშალონ დემოკრატების ადმინისტრაციას. მაგრამ შეუძლიათ თუ არა მათ თავად მიიღონ რაიმე კანონები, რომელიც მათ პრეფერენციებს ასახავს? ამ კითხვაზე პასუხი ცალსახად უარყოფითია და ამის ორი მიზეზი არსებობს. პირველს სენატი ჰქვია, მეორეს – პრეზიდენტის ვეტო.
წარმომადგენელთა პალატას, რა თქმა უნდა, შეუძლია ხმა მისცეს ნებისმიერ კანონს. მაგრამ სენატში არსებობს ფილიბასტერის წესი. ფორმალურად, ეს არის მხოლოდ რეგლამენტის წესი პლენარულ სხდომაზე დებატების დასრულების შესახებ კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობის შესახებ. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა: დებატების დასრულების შესახებ ეს ერთი შეხედვით ტექნიკური გადაწყვეტილება 100-დან 60 ხმის უმრავლესობით მიიღება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალ სენატში რესპუბლიკელებს ამდენი ხმა ჰქონდეთ. თუმცა, პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ წესის გამოყენებით დამუქრებაც კი საკმარისია კანონპროექტის დასამარხად.
უმცირესობისთვის ფილიბასტერის წესი უმრავლესობაზე ზეწოლის მძლავრი ბერკეტია, ის საშუალებას იძლევა, დაიბლოკოს ნებისმიერი კანონპროექტი, გარდა ბიუჯეტისა, ასევე აღმასრულებელ და სასამართლო შტოებში პერსონალის დანიშვნებისა. ბაიდენის ყველა სოციალური პაკეტი სწორედ ბიუჯეტის „ქოლგის“ ქვეშ იქნა მიღებული.
თუ რომელიმე კანონი, რომელიც პრეზიდენტს არ მოსწონს, მაინც გავა სენატში, ამ შემთხვევაში, ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს. კონგრესს, თეორიულად, შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, მაგრამ ამისათვის ორივე პალატის ხმების ორი მესამედია საჭირო.
რა მოხდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე?
დონალდ ტრამპზე ზემოთ უკვე დავწერეთ: 2024 წელს ის, სავარაუდოდ, მეორე ვადით იყრის კენჭს. მას კონკურენტები შეიძლება თავად რესპუბლიკურ პარტიაში ჰყავდეს – ამჟამად, მათ შორის ყველაზე პერსპექტიულად ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი მიიჩნევა. ასევე ასახელებენ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს (ტრამპის დროს), მაიკ პენსს და სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს. მაგრამ თუ ტრამპი თავის კანდიდატურას დაასახელებს, დესანტისმა, პენსმა და პომპეომ შეიძლება მასთან კონკურენცია არ ისურვონ.
ჯო ბაიდენმაც ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას. ამისი ყველას არ სჯერა. გარდა ამისა, ბევრს ისიც ეუხერხულება, რომ არჩევნებიდან მალევე, 2024 წელს, პოლიტიკოსს 82 წელი შეუსრულდება. თუ 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგები დემოკრატებისთვის ძალიან ცუდი აღმოჩნდება და უახლოეს თვეებში ბაიდენის რეიტინგი არ აღდგება, ის პარტიაში ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცევა და აქედან გამომდინარე, შეიძლება უფრო პერსპექტიულ კანდიდატებს დაუთმოს გზა.