„შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასაბრუნებელი, მაგალითად, ალასკა“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასაბრუნებელი, მაგალითად, ალასკა.

„წესიერება სისუსტე არ არის და ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. ამერიკას მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ იქ არის ტერიტორიის ნაწილი, – ალასკა. სანამ  ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ ხარჯვას დაიწყებენ, ჯობია კარგად დაფიქრდნენ, რომ არის რაღაცები, რისი დაბრუნებაც შეიძლება მოგვინდეს“, – თქვა ვოლოდინმა.

გადამოწმებული: 1tv.ge

ალასკა არის ნახევარკუნძული ჩრდილოეთ ამერიკაში, რომლის ძირძველ მოსახლეობას ინდიელები, ესკიმოსები და ალეუტები წარმოადგენდნენ. მათი ძირითადი საქმიანობა იყო თევზაობა, ნადირობა და ირმებზე ნადირობა.

ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ პირველი თეთრკანიანი ადამიანები, ვინც ფეხი დადგა და ალასკის შესწავლა დაიწყო, იყვნენ რუსები: შესტაკოვი და პავლუცკოვი. ეს მოხდა 1729-1735 წლებში. ასევე ბერინგმაც მოაწყო ალასკაზე ექსპედიცია, რის შემდეგაც ეს ტერიტორია, პრაქტიკულად, რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა. უფრო სწორედ კი, კონტროლდებოდა რუსეთ-ამერიკის სავაჭრო კომპანიის მიერ.

მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში, რუსეთს მწვავე ფინანსური პრობლემები შეექმნა. ამიტომ, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე იძულებული გახდა, ფინანსისტ როტშილდისგან 15 მილიონი სტერლინგი აეღო ვალად (5%-იანი განაკვეთით). ამ ფულმა, მართალია, ფინანსური პრობლემები მოუგვარა რუსეთს, მაგრამ ვინაიდან როტშიდის ვალის გადახდის ვადა ახლოვდებოდა, იმპერატორმა დიდი ფიქრის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება – გაეყიდა ალასკის ტერიტორია და ამ თანხით დაეფარა ვალი.

1866 წლის დეკემბერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე, იმპერატორ ალექსანდრე II-ის, დიდი მთავრის კონსტანტინე ნიკოლოზის ძის, აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე გორჩაკოვის და ფინანსთა მინისტრის მიხაილ რეიტერნის მონაწილეობით, მიიღეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ამერიკაში რუსული საკუთრების გაყიდვის შესახებ. ერთი კვირის შემდეგ, რუსეთის იმპერატორმა გასაყიდად განკუთვნილი ტერიტორიის საზღვრები დაამტკიცა.

1867 წლის მარტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უილიამ სიუარდმა და რუსეთის დესპანმა ვაშინგტონში, ედუარდ სტეკლმა გამართეს მოლაპარაკება, რომლის დროსაც შეთანხმდა ამერიკაში რუსული საკუთრების შესყიდვის პროექტი და გარიგების ოდენობა. მას შემდეგ, რაც სანქტ-პეტერბურგიდან მიიღო თანხმობა შეთანხმებული თანხის სანაცვლოდ ალასკას გაყიდვაზე, სტეკლმა ამის შესახებ  დაუყოვნებლივ აცნობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რომელმაც თავის თანამშრომლებთან ერთად უმალ, იმავე ღამით შეადგინა შეთანხმების ტექსტი.

1867 წლის 30 მარტს ვაშინგტონში ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთის მიერ  აშშ-სთვის ალასკის “დათმობის“ შესახებ 7,2 მილიონ დოლარად ოქროში (11 მილიონ რუსულ რუბლზე ოდნავ ნაკლები). აშშ-ს სენატში ამ საკითხზე დისკუსია გაიმართა. ზოგიერთი სენატორი თვლიდა, რომ სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ეს შესყიდვა რთული იქნებოდა ქვეყნის ბიუჯეტისთვის. თუმცა, 37 ხმით ორი წინააღმდეგ, სენატმა ხელშეკრულება მაინც დაამტკიცა.

1867 წლის 15 მაისს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ მოახდინა დოკუმენტის რატიფიცირება, იმავე წლის 18 ოქტომბერს კი რუსეთის სახელმწიფო სენატმა მიიღო დადგენილება „ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის რუსეთის ჩრდილოეთ ამერიკული კოლონიების დათმობის აღსრულების“  შესახებ. 1867 წლის ივნისში ქვეყნებმა რატიფიკაციის დოკუმენტები გაცვალეს.

1867 წლის 18 ოქტომბერს, ამერიკულ სამხედრო ხომალდ „ოსიპიზე“, ხელი მოეწერა აქტს კოლონიების შეერთებულ შტატებისთვის გადაცემის შესახებ, რის შემდეგაც რუსეთის დროშის დაშვებისა და ამერიკული დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, რუსეთმა შეერთებულ შტატებს დაუთმო ჩრდილოეთ ამერიკის ყველა ტერიტორია, საერთო ფართობით 1,5 მილიონ  კვადრატული კილომეტრზე მეტი, ალასკის ნახევარკუნძულის ჩათვლით, აგრეთვე: 10 მილის სიგანის სანაპირო ზოლი ალასკის სამხრეთით ბრიტანეთის კოლუმბიის დასავლეთ სანაპიროზე; ალექსანდრეს არქიპელაგი; ალეუტის კუნძულები; კუნძულები კრისი, ლისი, ანდრეიანოვსკი, შუმაგინი, ტრინიტი, უმნაკი, უნიმაკი, კოდიაკი, ჩირიკოვი, აფოგნაკი და სხვა პატარა კუნძულები; კუნძულები ბერინგის ზღვაში – წმინდა ლავრენტი, წმინდა მათე, ნუნივაკი; პრიბილოფის კუნძულები.

ტერიტორიასთან ერთად, შეერთებულ შტატებს გადაეცა მთელი უძრავი ქონება, ყველა კოლონიური არქივი, ტერიტორიებთან დაკავშირებული ოფიციალური და ისტორიული დოკუმენტები. ქვეყნებს შორის დაწესდა საზღვაო საზღვარი ბერინგის სრუტესა და ბერინგის ზღვაში.

ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმება უვადოა და რუსეთის მიერ ტერიტორიების უკან გამოსყიდვას არ ითვალისწინებს.

რუსეთის მიერ გაყიდული ტერიტორიის ძირძველი მოსახლეობა დაუყოვნებლივ მოექცა შეერთებული შტატების იურისდიქციის ქვეშ, დანარჩენმა მოსახლეობამ კი სამი წლის განმავლობაში რუსეთში დაბრუნების უფლება მიიღო.

1868 წლის ზაფხულში ვაშინგტონში რუსეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ბარონ ედუარდ სტეკლმა ჩრდილოეთ ამერიკის ხაზინადან 7,2 მილიონი დოლარის ჩეკი მიიღო. ამ ფინანსურმა ტრანზაქციამ წერტილი დაუსვა მსოფლიოს ისტორიაში ტერიტორიული ქონების გაყიდვის უდიდეს გარიგებას.

ალასკის გაყიდვით მიღებული თანხების უმეტესი ნაწილი რუსეთმა დახარჯა რკინიგზის ხაზების (კურსკი-კიევი, რიაზან-კოზლოვი, მოსკოვი-რიაზანი და სხვა) საჭიროებების შესაძენად.

შეერთებული შტატების შემადგენლობაში, ალასკა, თავდაპირველად, დეპარტამენტის სახით შევიდა. 1867 წლიდან იგი ექვემდებარებოდა სამხედრო სამინისტროს, 1877 წლიდან – ფინანსთა სამინისტროს, 1879 წლიდან კი – სამხედრო-საზღვაო სამინისტროს. 1884-1912 წლებში მას ოლქის სტატუსი ჰქონდა. XIX საუკუნის ბოლოს ალასკაში ოქროს დიდი საბადოები აღმოაჩინეს. ეგრეთ წოდებულმა „ოქროს ციებ-ცხელებამ“ სტიმული მისცა მისი მოსახლეობის ზრდას. 1912 წელს ალასკამ მიიღო „ტერიტორიის“ სტატუსი, 1959 წლიდან კი აშშ-ის 49-ე შტატია.

18 ოქტომბერს (ალასკას ოფიციალურად გადაცემის თარიღი) აღნიშნავენ, როგორც ალასკას დღეს. თავად შტატში კი ოფიციალური დღესასწაულია ხელშეკრულების გაფორმების დღე – 30 მარტი. ამ დღეს ეწოდება „სიუარდის დღე („Seward’s Day“) და მარტის ბოლო ორშაბათს აღინიშნება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მიერ შეერთებული შტატებისთვის ალასკის გადაცემა მოხდა ნებაყოფლობით და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადება („შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასაბრუნებელი, მაგალითად, ალასკა“) არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით