

მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 11 აგვისტოს სააგენტო Times News-მა საკუთარ ვებ-გვერდზე BBC-დაყრდობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შავი ზღვა ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს. „მეცნიერების კვლევის მიხედვით, შავი ზღვის ნაწილი მკვდარია. ინფორმაციას ამის შესახებ “ბი-ბი-სი” ავრცელებს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს შავი ზღვიდან ამოღებული სინჯები და ისინი თვლიან, რომ ზღვის ნაწილი მკვდარია. “ბი-ბი-სი” ასევე წერს, რომ წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ ევროპისთვის შავი ზღვა ნაგავსაყრელად იყო ქცეული, რამაც ზღვის მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა. აბუჯალილ აბდურასულოვის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში, ავტორი ამბობს, რომ შავი ზღვა ევროპის ზღვებს შორის, ყველაზე მეტად არის დაბინძურებული. “ბი-ბი-სი”-ს ჟურნალისტი ბათუმში იმყოფებოდა, კერძოდ ნაგავსაყრელზე და ყვება, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი იმისა, რომ ზღვა კვდება. ჟურნალისტმა ასევე გადაიღო შავი ზღვის სანაპირო უკრაინის მხრიდან, სადაც ზღვას სასიცოცხლო ნიშნები თითქმის აღარ ეტყობა. ჟურნალისტთან ერთად შავ ზღვაში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ აიღეს სინჯები.“ზღვიდან აღებული მაჩვენებლები შემაშფოთებელია. შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში ეს ყველაზე დაბინძურებული ზღვაა და საკმაოდ საშიში,”- განაცხადა “ბი-ბი-სი”-სთან საუბრის დროს იაროსლავ სლობოდნიკმა. ზღვის გარკვეულ მონაკვეთებში აღმოჩნდა ადამიანისთვის საშიში ბაქტერიაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი ტიპის ბაქტერია ადამიანს კლავს. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება სპეციალისტებმა მაშინ გააკეთეს, როცა სინჯებს უკრაინაში იღებდნენ. “ბი-ბი-სი”-ს რეპორტაჟი ზაფხულშია გადაღებული, თუმცა ის ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ცნობილია, რომ შავი ზღვის შესწავლა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.“ – წერს Times News.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს პირველმა არხმა გადაამოწმა მოწოდებული ინფორმაცია. BBC-ის მიერ 2019 წლის ნოემბერში ნამდვილად მომზადდა სიუჟეტი, რომლის ავტორიც ჯონა ფიშერია და არა აბდულაჯილ აბდურასულოვი, რომელმაც, თავის მხრივ, ვიდეო-მასალა მოამზადა. სიუჟეტი შავი ზღვის დაბინძურებას ეხება და ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ ზღვად არის მოხსენიებული, თუმცა, აქვე საუბარია იმაზე, რომ მდინარე დუნაის დასუფთავების პროგრამის განხორციელების შემდეგ შესაძლებელია იმის თქმა, რომ შავი ზღვა გადარჩენილია. რაც შეეხება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ბაქტერიებს შავ ზღვაში – სიუჟეტის თანახმად, შავ ზღვაში არსებული ბაქტერიები, რომელიც იქ ყოველთვის არსებობდა, რეზისტენტული გახდა ანტიბიოტიკების მიმართ, რომელიც შავი ზღვის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა. თავად დაბინძურების დონე კი იმდენად მაღალია, რომ ნაპირიდან 400 კილომეტრზე, არა მხოლოდ ზედაპირზე, არამედ ეკოსისტემაზეც ვრცელდება.
რაც შეეხება ბაქტერიებს, ისინი ყველა ზღვის აუზში არსებობს და ძირითადად სიღრმეებსა და ფსკერებზე გვხვდება. ამის მაგალითია უკანასკნელი წლების განმავლობაში გაკეთებული აღმოჩენაც – ოკეანეებში ამ დრომდე უცნობი 200 000 ვირუსი. არც შავი ზღვის აუზში არსებული ბაქტერიებია ახალი. BBC-ის რესპოდენტების აზრით, არსებული ბაქტერიები შავ ზღვაში ჩადინებული ფარმაცევტული დაბინძურების გამო ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული გახდება და სწორედ ეს არის საგანგაშო.მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ნაწილი დაბინძურების შესახებ Times News-მა სწორედ გადმოსცა, ის, რომ „შავი ზღვა ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს“, არის აბსურდი.