

„შარლ მიშელს (ევროკავშირს ანუ) დღეს ოპოზიციისთვის არ (აღარ) მოუწოდებია „პარლამენტში შედითო“!
მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 2 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
გიორგი ბარამიძე გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ამ ვიზიტის უმნიშვნელოვანესი შედეგი ყველას „აუღნიშნავი“ დარჩა.
„შარლ მიშელს (ევროკავშირს ანუ) დღეს ოპოზიციისთვის არ (აღარ) მოუწოდებია „პარლამენტში შედითო“! ეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციაში უდიდესი ცვლილებაა“, – წერს გიორგი ბარამიძე.
გადამოწმებული: 1tv.ge
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ, საქართველოში ვიზიტის დროს, დაპირისპირებული მხარეებისთვის განსახილველად შეთავაზებული სამუშაო ვარიანტის რამდენიმე პუნქტი სწორედ პარლამენტში ოპოზიციის შესვლაზეა დაფუძნებული.
ერთ-ერთი პუნქტი („ძალის გადანაწილება პარლამენტში“) ორი ქვეპუნქტისგან შედგება: 1. საგამოძიებო კომისია და 2. პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება.
შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დღის წესრიგში საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხის მოხვედრა, უკვე თავისთავად, გულისხმობს საპარლამენტო მუშაობაში ოპოზიციის ჩართულობისკენ მოწოდებას, რადგან ასეთი კომისიის არსებობას მხოლოდ ოპოზიციის მონაწილეობის შემთხვევაში აქვს აზრი.
ასევე, „პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება“ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია.
გარდა ამისა, საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობას გულისხმობს ის მუხლებიც, როგორიც არის „ამბიციური საარჩევნო რეფორმა“ (საარჩევნო ბარიერის საკითხში), „პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“…
შესაბამისად, გიორგი ბარამიძის განცხადება, რომ „შარლ მიშელს დღეს ოპოზიციისთვის აღარ მოუწოდებია „პარლამენტში შედითო“, არის სიყალბე.