მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 7 ოქტომბერს, გაზეთმა „რეზონანსმა” გამოაქვეყნა სტატია – „წლის ბოლოს დენი კიდევ ერთხელ გაძვირდება?! – სემეკი მოსახლეობის გაღარიბების მთავარი მიზეზია”

სტატიაში წერია, რომ „სემეკი დენის გაძვირებისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ დამტკიცებიდან 3 წლის განმავლობაში ტარიფი ხელშეუხებელი იყოს,  გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მიღებულია.  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, რომ წელს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს გადახედავს. ენეგეტიკოსებიც და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ ეს იქნება მოსახლეობის გასაღატაკებლად  გადადგმული ნაბიჯი, რაც მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს. 

ბოლოს, როცა ელექტროენერგია გაძვირდა, საუბარი მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფი დაანგარიშებული იყო ლარის დაბალ ნიშნულზე და კურსი იმ დროს 3,45-ის ნიშინულზე მერყობდა. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა სტაბილურად ერთ დონეზეა – 3,11-3,13-ის ფარგლებში, დენის გაძვირების საკითხი მაინც დადგა დღის წესრიგში.

ამით სემეკი, კერძოდ კი, მისი ხელმძღვანელი დავით ნარმანია, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ  წარმოადგენს მოსახლეობის მიმართ მტრულად განწყობილ ორგანიზაციას, რომელიც მუდმივად  ტრანსნაციონალური კომპანიების ინეტერსების კარნახით მოქმედებს და ტარიფების  ზრდით მოსახლეობის გაღატაკების პოლიტიკას ეწევა. მით უმეტეს, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ტარიფში შეიძლება გამოინახოს გაიაფების შესაძლებლობაც კი და ელექტროენერგია საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ძვირდებოდეს.”

სტატიაში ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ,,დენი ძვირდება და ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, თუმცა უკვე არაფერი გვიკვირს, კომენტარიც ზედმეტია. განუკითხაობას აქვს ადგილი, უკონტროლოა სემეკი, თითქოს არ ემორჩილება სახელმწიფოს, მაგრამ ტრანსანიონალური გამანაწილებელი კორპორაციების მითითებების უსიტყვო მორჩილია.

რატომ უნდა გაზარდონ ფასი, ლარი გაექცათ თუ სხვა რა მოხდა, რითი ასაბუთებენ? ცხადია, მოსახლეობის ინეტერსების საზიანო გადაწყვეტილებაა. 100 კვტ/სთ დენის გაზრდილი ფასი შეიძლება გადასახადზე მკვეთრად არ აისახოს, მაგრამ უფრო დიდი მომხმარებლებისთვის კატასტროფულ ზიანს მოიტანს, რადგან გაძვირების ახალ ტალღას გამოიწვევს, რომელიც ისედაც არის პანდემიის ფონზე.”

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი დენის ტარიფის ზრდასთან ერთად, გაზის ტარიფის ზრდასაც პროგნოზირებს:„წესით, ეს უნდა იყოს მოსახლეობისთვის ზღვარი, რასთან დაკავშირებითაც უკმაყოფილება უნდა გამოიხატოს, თუმცა ესეც ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ხალხი გაჭირვებას, ფასების განუკითხავ ზრდას და უსამართლობას მიეჩვია. გარდა ამისა, სოსო სიმონიშვილს ასევე დიდი ეჭვი აქვს, რომ ელექტროენერგიასთან ერთად, სავარაუდოდ, გაზის ტარიფსაც მალე გააძვირებენ.”

,,შემოსავალი არ აქვს ხალხს, როგორ უნდა გაუმკლავდეს გაზრდილ ფასებს, ძნელად წარმოსადგენია. ხელფასები არ იზრდება. ჩვენი ეკონომიკა ისე მახინჯურად არის აწყობილი, რომ მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ არის ორიენტირებული. ეს მოეთხოვება როგორც სემეკს, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს. აქვთ ფუფუნება, ხალხს პოლიტიკურ სიმახინჯეზე ესაუბრონ, სულელურ კინკლაობას არიან აყოლილი და არც მოქალაქეები ცდილობენ, მთავრობისგან ეკონომიკის სწორად მართვა მოითხოვონ.

დამძიმდება სოციალური ფონი, მაგრამ რა დონეზე უნდა მივიდეს სიტუაცია, რომ უკმაყოფილება გამოიწვიოს, ეს ზღვარი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. ასე თუ არ მოხდა და ხალხი არ იფიქრებს, რომ მათი გაუსაძლისი მდგომარეობა სწორედ მთავრობის და კონკრეტული უწყებების უპასუხისმგებლო და საზიანო  პოლიტიკის შედეგია, არაფერს ეშველება. არ შეიძლება, ღატაკდებოდე, გადასახადები გიძვირდებოდეს და მშვიდად აგრძელებდე ცხოვრებას. ალბათ, ხალხის მოთმინებასაც ექნება საზღვარი, ყოველთვის ასე არ გაგრძელდება“, – განუცხადა ,,რეზონანსს“ სოსო სიმონიშვილმა.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკი” ელექტროენერგიის ტარიფის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს:

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიას ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ. სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და  გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ტარიფების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიასაშუალების მიერ არ მომხდარა სემეკთან  კომუნიკაცია, კომენტარის გამოთხოვა ან ინფორმაციის გადამოწმება.    

სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს ელექტროენერგიის ბაზარზე განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატება არ იგეგმება.  

სემეკი მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და დაინტერესებულ პირებს, არ გაავრცელონ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან”.

როგორც, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნულ კომისია აცხადებს, „უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატება არ იგეგმება.”

ამდენად „რეზონანსის” გავრცელებული ინფორმაცია, რომ „სემეკი დენის გაძვირებისთვის ემზადება”, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით