

მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის ზაფხულში, კოვიდ-19-ის „დელტა ვარიანტის“ ფართოდ გავრცელების შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება გადაწყვიტეს. „მწვანე პასპორტი“ გახდა უნივერსალური რეგულაცია, რომელიც დღეს უკვე თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. შედეგად, არავაქცინირებულებისთვის მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული…
„ანტიფეიკმა“ შეისწავლა არავაქცინირებულებისთვის დაწესებული შეზღუდვების პრაქტიკა მსოფლიოს მასშტაბით.
გადამოწმებული: 1tv.ge
ინდონეზია მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც სავალდებულო ვაქცინაცია დაწესდა და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მკაცრი რეგულაციები შემოიღეს. ჯერ კიდევ თებერვალში, ქვეყნის პრეზიდენტმა ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. კანონის დამრღვევ მოქალაქეებს 5 მილიონი რუპიის ოდენობის ჯარიმა ერიცხებოდათ. თუმცა, ვაქცინაციის ტემპის ზრდაზე ამან დიდად არ იმოქმედა, ამიტომ, არავაქცინირებულ პირებს ახლა უკვე სოციალური დახმარების და სამთავრობო სერვისების შეჩერებაც ემუქრებათ.
ავსტრია ევროპის კონტინენტზე პირველი ქვეყანაა, რომელმაც უნივერსალური სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღო. სავალდებულო ვაქცინაციის ბრძანება ძალაში 2022 წლის პირველ თებერვალს შევა. მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციას არ ჩაიტარებენ 3,600 ევროს ოდენობის ჯარიმა დაერიცხებათ. ამის შემდეგ ჯარიმის ოდენობის გაზრდის სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის მიერ კოვიდ-ვაქცინაციის კანონის დარღვევა სხვა ადამიანებს „სერიოზული რისკის“ ქვეშ აყენებს მას 7,200 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. აღნიშნული გეგმის შესახებ ინფორმაცია პირველად ავსტრიულ Die Presse-ში გავრცელდა. ავსტრიის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური განცხადება ჯარიმების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა. ავსტრიული გამოცემა არ აკონკრეტებს როგორი იქნება დასჯის ფორმა, დაჯარიმების შემდეგ ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში. სხვა ევროპული გამოცემების ცნობით, არსებობს მეორე გეგმაც, რომლის თანახმად, 2022 წლის პირველი თებერვლიდან არავაქცინირებულ მოქალაქეებს, სამ თვეში ერთხელ, 600 ევროს გადახდა მოუწევთ.
ავსტრიის მსგავსი დაჯარიმების სისტემა აქვს საბერძნეთსაც. ოღონდ, აქ ვაქცინაცია სავალდებულოა 60 წელს გადაცილებული პირებისთვის. ამ ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებს აცრის ბოლო ვადა იანვრის შუა რიცხვებამდე აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ყოველთვიურად 100 ევროს გადახდა მოუწევთ (საბერძნეთში პენსიონერს, საშუალოდ, 800 დოლარის ოდენობის პენსია აქვს).
2021 წლის ნომბერში უკრაინაში სამსახურიდან გაუშვეს მასწავლებლები და სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმებული პირები, რომელებიც სრულად არ იყვნენ ვაქცინირებულები.
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყანა არავაქცინირებული პირებისთვის ლოქდაუნის შემოღებას აპირებს. ასევე მან აღნიშნა, რომ განიხილება, ავსტრიის მსგავსად, 2022 წლის თებერვლიდან საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაც. ჯერჯერობით უცნობია, როგორი რეგულაციები გატარდება გერმანიაში სავალდებულო ვაქცინაციის ბრძანების უგულებელყოფის შემთხვევაში.