„სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ვთხოვეთ, რომ პატიმრისათვის აღმოეჩინათ სამედიცინო დახმარება, მაგრამ არანაირი ყურადღება არ ყოფილა...“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 26 თებერვალს ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა პატიმარ ზ.ჩ-ს მეუღლის, ნინო მეფარიშვილის განცხადება. მისი თქმით, პატიმარმა ზ.ჩ-მ, საავადმყოფოში გადაყვანის მიზნით, ხელებზე და მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას რეაგირება არ მოუხდენია.

„განცხადებებით მივმართეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ასევე მივმართეთ ქუთაისის N2 დეპარტამენტს და ვთხოვეთ, რომ პატიმრისათვის აღმოეჩინათ სამედიცინო დახმარება, მაგრამ არანაირი ყურადღება არ ყოფილა… ამით (თვითდაზიანებით) პატიმარი ცდილობდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ. თუმცა, არ გაუყვანიათ არსად, ღია ჭრილობები დაუტოვეს“, – აცხადებს პატიმარ ზ.ჩ-ს მეუღლე.

გადამოწმებული: 1tv.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ბრალდებულ ზ.ჩ.-ს მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმარს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, სიცრუეა. სინამდვილეში, ბრალდებულს, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება.

„ზ.ჩ. იმყოფება N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 2020 წლის 19 აგვისტოდან.
დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ ბრალდებულმა წარმოადგინა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია, საიდანაც ჩანდა, რომ ჩატარებული აქვს ქვედა კიდურების ვენების ტრიპლექ სკანირება. ექიმ-ანგიოლოგის მიერ დასმული დიაგნოზია: მარცხენა ქვედა კიდურის, პოსტრომბოფლებიტური დაავადება, ქრ. ვენური უკმარისობა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დაიგეგმა და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 21 სექტემბერს ჩაუტარდა ანგიოლოგის კონსულტაცია და დოპლეროგრაფია დაესვა დიაგნოზი: ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი; პოსტფლებიტური სინდრომი.

სისხლძარღვების დუპლექს-სკანირების დასკვნით: ორივე ქვედა კიდურის ვენური სისტემის მხრივ არსებითი მნიშვნელობის პათოლოგია არ ვლინდება, დაენიშნა კონსერვატიული მკურნალობა და ანგიოლოგის მეთვალყურეობა, რისთვისაც ზ.ჩ. დარეგისტრირებულია ერთიან რეფერალურ ბაზაში, რათა განმეორებით გეგმიურად ჩაუტარდეს ანგიოქირურგის კონსულტაცია და შესაბამისი საჭირო კვლევები. ამ მიზნით დაგეგმილია ბრალდებულის სამოქალაქო კლინიკაში გაყვანა მომდევნო კვირას.

აღსანიშნავია, რომ 25 თებერვალს ბრალდებულმა მიიყენა დაზიანებები მკლავებსა და მუცლის ზედაპირზე, რის გამოც მას ადგილზევე გაეწია სამედიცინო მომსახურება, ვინაიდან დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, მისი კლინიკაში გაყვანის და ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ დამდგარა“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისად, პატიმარ ზ.ჩ-ს მეუღლის ნინო მეფარიშვილის განცხადება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მისი მეუღლისთვის სამედიცინო მომსახურება არ გაუწევია, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით