„სასიხარულო ინფორმაცია ქართველი ემიგრანტებისთვის ყველა თქვენგანი მიიღებს კომპესანციას“
მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 28 ივნისს ვებ-გვერდმა timesnews.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „სასიხარული ინფორმაცია ქართველი ემიგრანტებისთვის ყველა თვენგანი მიიღებს კომპენსაციას“. მასში ნათქვამია, რომ „თვითდასაქმებული საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფოსგან, 300 ლარს, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ”, აგრეთვე დაკონკრეტებულია ის კატეგორიები, რომელსაც ერთჯერადი კომპენსაციის მიღების უფლება ექნება.
ესენი არიან:საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ, ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-დან 120 კალენდარული დღის ჩათვლით.
გადამოწმებული: 1tv.ge
2020 წლის 28 ივნისს ვებ-გვერდის timesnews.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სათაური ტექსტის შინაარსს არ შეესაბამება.
სათაურის თანახმად, 300 ლარის ოდენობის ერთჯერად კომპენსაციის ყველა ქართველი ემიგრანტი მიიღებს, თუმცა ტექსტიდან ირკვევა, რომ ეს შეღავათი, მართალია, საზღვარგარეთ მყოფ მრავალ ჩვენ თანამემამულეს შეეხება, მაგრამ არა „ყველა ემიგრანტს“. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიაც ადასტურებს, რომ „სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ“.
ამდენად, ვებ-გვერდ timesnews.ge-ის მიერ 2020 წლის 28 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია არის დიდწილად სიმართლე.