„სარს-კოვ-2“-ის მუტაცია ვაქცინამ გამოიწვია"

მოწოდებული ინფორმაცია

სოციალურ ქსელში გავრცელდა მოსაზრება, რომ კორონავირუსის მუტაცია ვაქცინამ გამოიწვია. თავდაპირველად „თვითერზე“, შემდეგ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე” წერდნენ, რომ:„ძალიან უცნაურია, რომ მთელი წლის განმავლობაში კოვიდი არ განიცდიდა მუტაციას, ხოლო ვაქცინის გამოჩენის შემდეგ ვარიანტების მთელი ბერძნული ანბანი გამოჩნდა, მაგრამ რატომღაც ეს აუცრელების ბრალია და ისინი ყველაზე მეტი რისკის ქვეშ არიან“.

ერთ-ერთი მომხარებელი, რომელმაც ეს გააზიარა, წერდა:“გაიღვიძეთ“ .

ინსტაგრამის მომხმარებელის თანახმად კი ვაქცინაცია ვირუსის მუტაციას იწვევს.

„ანტიფეიკი” დაინტერესდა, თუ რამდენად შეესაბამება ეს აზრი სიმართლეს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ინფორმაცია „სარს-კოვ-2“-ის სხვადასხვა ვარიანტების მუტაციის ვაქცინით გამოწვევის შესახებ „როიტერ“-მა გადაამოწმა. ახალი შტამები მასობრივ ვაქცინაციამდე ბევრად ადრე გაჩნდნენ. ჯერ კიდევ 2020 წლის 10 დეკემბერს „როიტერი“ ვირუსის 7 ახალ ვარიანტზე წერდა. 2021 წლის იანვარში კი დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვირუსის ახალი ვარიანტების გამო ბრიფინგიც ჩაატარა. 

ვირუსის ალფა დე ბეტა შტამების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლის დეკემბერში საუბრობდა. გამა შტამის შესახებ კი – 2021 წლის იანვარში. 

დელტა შტამი, რომელიც პირველად ინდოეთში დაფიქსირდა, აპრილში გამოცხადდა საყურადღებოდ, თუმცა ამას ვაქცინაციასთან კავშირი არ ჰქონია. 

„პანდემიის დასაწყისში ვირუსის სექვენირება, (დნმ-ის ფრაგმენტში ნუკლეოტიდთა თანმიმდევრობის განსაზღვრის პროცესი) შეზღუდული რაოდენობის ლაბორატორიებში იყო შესაძლებელი, თუმცა 2020 წლის ბოლოს სადამკვირვებლო პროგრამები გაიზარდა“ – ასე უპასუხა „როიტერი“-ს შეკითხვას სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის კლინიკურმა ასისტენტ-პროფესორმა ჯენიფერ გრიერმა,- „შესაბამისად, 2021 წლიდან უფრო მეტი ვიცით გავრცელებულ ვარიანტებზე, რადგანაც ახლა  მუტაციების აღმოჩენის გლობალური სისტემა არსებობს“.

როგორც ჯენიფერ გრიერი განმარტავს, ვირუსის მუტაცია ხდება უჯრედში მოხვედრის შემდეგ, ხოლო არსებული ვაქცინები არ შეიცავს ცოცხალ ვირუსებს, შესაბამისად, ვერც ვირუსის ვარიანტის წყარო გახდება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უმეტესწილად ინფიცირების რისკს ამცირებს, ხოლო ინფიცირების კლება იწვევს ვირუსის გამრავლების შემცირებას, რაც შემდგომ ახალი ვარიანტების წარმოშობის ალბათობაც. 

შესაბამისად, გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ „სარს-კოვ-2“-ის მუტაცია და ახალი ვარიანტების გამომწვევი მიზეზი ვაქცინაა, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით