„საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 99 პროცენტი არავაქცინირებულ პირებზე მოდის“

მოწოდებული ინფორმაცია

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების 5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემების მიხედვით, კოვიდინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობა არავაქცინირებული იყო. ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ ნოემრის თვეში განაცხადა, რომ არავაქცინირებულებს კოვიდით გარდაცვალების 14-ჯერ მეტი „შანსი“ აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს.

„ანტიფეიკი“ დაინტერესდა, როგორია სტატისტიკა საქართველოში ვაქცინირებული პირების რეინფიცირების და გარდაცვალების მხრივ.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკი“ დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

ცენტრის ცნობით, „2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში სრულად ვაქცინირებული იყო 814 771 პირი. მათ შორის იდენტიფიცირებული
იქნა კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 11 403 შემთხვევა“.

ეს ნიშნავს, რომ ე.წ „გამრღვევი ინფექცია” (breakthrough infection – შემთხვევა, როდესაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით სრულად აცრილ ან ბუსტერ დოზა გაკეთებულ პირს კოვიდ-19 დაუდასტურდება) სრულად ვაქცინირებულების 1.39 პროცენტს შეემთხვა.

2021 წლის 15 მარტი – 30 სექტემბრის პერიოდში 18 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 5 469 ადამიანი. მათი 98.96% (5 412) არავაქცინირებული იყო, ხოლო 1.04% (57) – ვაქცინირებული.

სრულად ვაქცინირებულ პირებში COVID-19-ით განპირობებული სიკვდილიანობის მახასიათებლებისა და რისკების დეტალური ანალიზი, ვაქცინების, თანმხლები დაავადებების, ჰოსპიტალში დაყოვნებისა და სხვა კლინიკური თუ სოციო-დემოგრაფიული პარამეტრების შემცველი სრული ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წლის შემაჯამებელ ანგარიშში.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით