„საქართველოს საშინაო დავალებად აქვს მიცემული ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონება. 12-პუნქტიან დავალებაში წერია, რომ ლგბტ თემის წევრები სახელმწიფო მმართველობაში უნდა იყვნენ“
მოწოდებული ინფორმაცია
ევგენი პრომაკოვის სახელობის ფონდის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, ევროპული საბჭოს მიერ ბრიუსელის სამიტზე 23 ივნისს მიღებულ 12-პუქტიან რეკომენდაციებზეც ისაუბრა.
„დასავლეთმა განიზრახა, გენდერული დიქტატურის ქვეშ მოექცია ყველა, მათ შორის საქართველოც, რომელსაც საშინაო დავალებად აქვს მიცემული ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონება. 12-პუნქტიან დავალებაში წერია, რომ ლგბტ თემის წევრები სახელმწიფო მმართველობაში უნდა იყვნენ“, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
გადამოწმებული: 1tv.ge
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ბრიუსელის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს 12-პუნქტიანი „საშინაო დავალება“.
საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუ:
- პოლიტიკურ პოლარიზაციას აღმოფხვრის. ამ საკითხებზე ყველა პარტიამ უნდა იმუშაოს „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით“;
- ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად იმუშავებს. გაიზრდება მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა მათზე. ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე;
- მიიღებს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. დაიწყებს მის განხორციელებას. „უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის მთლიან და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას“.
- გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს. გააძლიერებს სპეციალურ საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურებს. უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას;
- აიღებს და შეასრულებს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულებას.
- გააძლიერებს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად გამოიძიებს სამართალდარღვევებს. სამართალდამცავი ორგანოები იქნება ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე;
- შექმნის თავისუფალ, პროფესიულ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს. „სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს“. ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს;
- სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. ეფექტიანად გაასამართლებს მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებს;
- „გააერთიანებს ძალისხმევას“ გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად;
- ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღებაში „ყველა დონეზე“;
- მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, „პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები“;
- ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელი ადამიანი დაინიშნება. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური – ზეგავლენებისგან თავისუფალი.
აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რონ ევროსაბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილების არც ერთ პუნქტში არ არის საუბარი იმაზე, რაზეც დიმიტრი ლორთქიფანიძე მიუთითებს – ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებასა და ლგბტ თემის წევრების სახელმწიფო მმართველობაში ყოფნის აუცილებლობაზე.
ამდენად, ევგენი პრომაკოვის სახელობის ფონდის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული ზემოთ აღნიშნული განცხადება („საქართველოს საშინაო დავალებად აქვს მიცემული ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონება. 12-პუნქტიან დავალებაში წერია, რომ ლგბტ თემის წევრები სახელმწიფო მმართველობაში უნდა იყვნენ“) არის სიყალბე.