

მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 11 დეკემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.
„საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა რუსეთს კიდევ ერთხელ დაუხარა თავი და გაეკეკლუცა“, – წერს ხატია დეკანოიძე.
გადამოწმებული: 1tv.ge
2020 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა.
სალომე ზურაბიშვილი, თავის გამოსვლაში, რუსეთის თემას, პირდაპირ თუ ირიბად, ოთხჯერ შეეხო.
1. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „თითქმის 100 წელი გავიდა, რაც რუსეთის მე-11 არმიამ დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო. თითქმის 30 წელია, რაც ხელახლა აღდგა დამოუკიდებლობა და დასრულდა საბჭოთა იმპერია და მას შემდეგ ვაშენებთ სახელმწიფოს“.
2. „გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დაძლევის“ გზებზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „გვჭირდება ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლა“.
„გასაგებია, რომ არ ვენდობოდეთ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
3. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის გარკვეულწილად ეთანხმება ოპოზიციას იმაში, რომ „რუსეთთან მხოლოდ პარალელური გზა არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს“.
„უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას. დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებით“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
4. სალომე ზურაბიშვილმა „ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფა“ უწოდა საქართველოს პარლამენტში „გავრილოვის სკამზე დასმას“ და „საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას“.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადება, რომ „საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა რუსეთს კიდევ ერთხელ დაუხარა თავი და გაეკეკლუცა“, არის სიყალბე.