„საქართველოს მთავრობამ ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 21 ივლისს, ინდურ საინფორმაციო სააგენტო The Times of India-ში (timesofindia.indiatimes.com)  გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, „საქართველო ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს“. მასში საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს უმაღლესი სასწავლებელების ინდოელი ეროვნების სტუდენტებს შეექმნათ.

„რამდენიმე თვის ონლაინ-სწავლების შემდეგ ინდოელი სტუდენტები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სამედიცინო განხრით სწავლობენ, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ: მათ არ შეუძლიათ ქვეყნაში დაბრუნება, გამოსაშვები გამოცდების ჩასაბარებლად და პრაქტიკის გასავლელად“, – წერს The Times of India.

გამოცემის მტკიცებით, საქართველოს მთავრობამ ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, თუმცა სხვა ქვეყნების მოქალაქეებს კავკასიური სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა თავისუფლად შეუძლიათ“.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განმარტებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები.

„ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. აღნიშნული პირები გათავისუფლებული იქნებიან წინასწარი რეგისტრაციის, PCR ტესტის წარმოდგენის და კარანტინის გავლის ვალდებულებისგან“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გამონაკლის წარმოადგენს ინდოეთი. როგორც „ინტიფეიკს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, „რეგულაციების თანახმად და ინდოეთში ბოლო პერიოდში არსებული ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, ნებისმიერი პირი, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ინდოეთის ტერიტორიაზე, იქნება ეს, საქართველოს, ინდოეთის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს (ვაქცინირებული ვიზიტორების ჩათვლით). რეგულაცია ვრცელდება ნებისმიერი ტიპის ვიზიტორებზე და ასევე სტუდენტებზე. ამასთან, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა ხორციელდება მხოლოდ ჩარტერული რეისებით“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „ანტიფეიკს“ ასევე განუცხადა, რომ „დღეისთვის ინდოეთიდან საქართველოს მიმართულებით ჩარტერული რეისი არ იგეგმება. თუმცა, 2020-2021 სასწავლო წლისთვის ინდოეთიდან საქართველოში სტუდენტებისთვის 20-მდე ჩარტერული რეისი განხორციელდა, ინდური მხარის ორგანიზებით“.

„2020 წელს, გლობალური პანდემიის და ჩაკეტილი საზღვრების გათვალისწინებით ინდოეთიდან საქართველოში შემოვიდა 8 364 მგზავრი, რომლის დიდი უმრავლესობა იყო სტუდენტი, ხოლო 2021 წლის 5 თვეში შემოსულია 2 503 მგზავრი“, – აცხადებს საგარეო უწყება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ინდური საინფორმაციო სააგენტო The Times of India-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „საქართველოს მთავრობამ ინდოელ სტუდენტებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით