„საქართველოს და უკრაინას ნატოს სამიტზეც აღარ ეპატიჟებიან… თბილისსა და კიევს განზრახული ჰქონდათ ნატო-ს 14 ივლისის სამიტზე დასწრება ნებისმიერ რანგში“

მოწოდებული ინფორმაცია

ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ (geworld.ge) გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით, „საქართველოს და უკრაინას ნატოს სამიტზეც აღარ ეპატიჟებიან“, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შემავალი ქვეყნების ლიდერების შეხვედრას ეძღვნება.

„თბილისსა და კიევს განზრახული ჰქონდათ ამ სამიტზე დასწრება ნებისმიერ რანგში, თავიანთ განცხადებებში ხომ (რომლებიც, ძირითადად, შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი) დაუფარავად ამბობენ, რომ ალიანსში შესვლა „პრაქტიკულად გადაწყვეტილია“. ამიტომ, მათ ამ თეზისის დადასტურება სჭირდებათ სიმბოლურ დონეზე მაინც“, – ნათქვამია geworld.ge-ს ინფორმაციაში.

ინტერნეტგამოცემის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ ნატო-ს 14 ივნისის სამიტზე საქართველო და უკრაინა მიწვეულები არ არიან, მიუთითებს ალიანსის „მოქმედების ტაქტიკის ცვლილებაზე“, რაც განპირობეულია შემდეგი გარემოებით: „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ესმით, რომ თბილისსა და კიევს სურთ არა უბრალოდ დასავლეთის მხარეს გადასვლა, არამედ რუსეთთან დაპირისპირებაში თავიანთი პრობლემების მის მხრებზე გადატანა, უფრო მეტიც, ისინი იმედოვნებენ, რომ დასავლეთის დახმარებით დაიბრუნებენ კონტროლს დაკარგულ ტერიტორიებზე“.

ამ გარემოებიდან გამომდინარე, ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ დაასკვნის: „ყველაფერი მიდის იქით, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებები, ადრე თუ გვიან, კრემლთან ერთი ერთზე დარჩებიან, ზურგს უკან კი დასავლელი პარტნიორები არ ეყოლებათ, რომელთა გარეშეც კარდინალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას თავს არიდებენ“.

 

 

გადამოწმებული: 1tv.ge

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის გადასამოწმებლად „ანტიფეიკი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც განმარტეს, რომ „ბრიუსელის სამიტი, გარკვეულწილად, იქნება მოსამზადებელი, შუალედური ღონისძიება ნატო-ს 2022 წლის სრულფასოვანი სამიტისთვის და ალიანსის არც ერთი არაწევრი ქვეყანა 14 ივნისს სამიტზე მიწვეული არ არის“.

ამასთან, საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, მასზე არცერთი პარტნიორი წევრი ქვეყანა არ არის მიპატიჟებული, რადგან წარმოადგენს შემდგომი, 2022 წლის სამიტის მოსამზადებელ საფეხურს და მის ფარგლებში გაიმართება მხოლოდ ერთი შეხვედრა წევრი ქვეყნების მონაწილეობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აცხადებენ, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები საკმაოდ დინამიურად ვითარდება.

„ქართული მხარე მაქსიმალურად გამოიყენებს სამიტამდე დარჩენილ პერიოდს და მუშაობს წევრ ქვეყნებთან, რათა საქართველოს ინტერესები შესაბამისად იქნას ასახული როგორც ბრიუსელის სამიტზე, ასევე 2022 წლის სამიტზე. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა იყო უაღრესად აქტიური. სამუშაო დონის შეხვედრების გარდა, იანვრიდან დღემდე ნატო-ში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავჯდომარე. საქართველო ალიანსის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია მუდმივად. ჩვენ, როგორც ასპირანტი ქვეყანა, აქტიურად ვართ ჩართულები „ნატო 2030“-ის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბების პროცესში. საქართველოს ასევე აქტიური წვლილი შეაქვს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ ნატო-ს ძალისხმევაში“, – განუცხადეს „ანტიფეიკს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამდენად, ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია („საქართველოს და უკრაინას ნატოს სამიტზეც აღარ ეპატიჟებიან… თბილისსა და კიევს განზრახული ჰქონდათ ნატო-ს 14 ივლისის სამიტზე დასწრება ნებისმიერ რანგში“…) წარმოადგენს ფაქტებით მანიპულირებას და შესაბამისად, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით