„საქართველომ თავის საჰაერო სივრცეში ოფიციალურად აკრძალა სამხედრო ფრენები, თუმცა, აკრძალვა მხოლოდ სომხური მხარისთვის მოქმედებს“
მოწოდებული ინფორმაცია
ტელეგრამ-არხის „Инфотека24“-ის და ფეისბუქ-გვერდის „Repat Riarch / Айк Овакимян“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის საჰაერო თავდაცვის ჯარების სარდლის მოადგილემ, გარიკ მოვსესიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების F-16 ტიპის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლები აზერბაიჯანში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრინდნენ.
ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველომ თავის საჰაერო სივრცეში ოფიციალურად აკრძალა სამხედრო ფრენები მთელ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარისთვის, თუმცა, სინამდვილეში, აკრძალვა მხოლოდ სომხური მხარისთვის მოქმედებს“.
გადამოწმებული: 1tv.ge
2020 წლის 15 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, სომხეთის საჰაერო თავდაცვის ჯარების სარდლის მოადგილემ, გარიკ მოვსესიანმა თურქული F-16 ტიპის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლების მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, თურქული სამხედრო თვითმფრინავები, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, თავდაპირველად, 2020 წლის წლის ივლისში, თურქეთ-აზერბაიჯანის მასშტაბური სამხედრო წვრთნის დროს გამოჩნდნენ, მოგვიანებით კი, 23 სექტემბერს, ისინი აზერბაიჯანში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით მოხვდნენ.
გარიკ მოვსესიანის ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის რომელიმე ნორმა დაარღვია და ომში მონაწილე ერთ მხარეს მეორის წინააღმდეგ დახმარება გაუწია: როგორც მოვსესიანი ამბობს, თურქულმა ავიაგამანადგურებლებმა საქართველოს საჰაერო სივრცით 23 სექტემბერს ისარგებლეს, მთიან ყარაბაღში კი საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო, რის შემდეგაც, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ტრანზიტი არ ხორციელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, თითქოს, სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით სამოქალაქო ფრენების მეშვეობით ხდება.
„კონკრეტული გადამზიდავისა და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. დარღვევის აღმოჩენისა და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას, დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის იკაო-ს წინაშე“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე დროებით შეაჩერა
ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით
სამხედრო ტვირთების გატარებაზე, ორივე ქვეყნის მიმართულებით.
„საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთან. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები. არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას“, – ამბობს გომელაური.
მთიანი ყარაბაღის საკითხში საქართველოს პოზიცია პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც მკაფიოდ გამოხატა.
„ესკალაციის დაწყებისთანავე, ჩვენ დროებით შევაჩერეთ ნებართვების გაცემა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავდგებოდით ამ კონფლიქტში ამა თუ იმ გზით ჩართვის რისკის წინაშე, რაც სრულიად მიუღებელია საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა, ვუმასპინძლოთ დიალოგს მხარეთა შორის თბილისში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მიუხედავად იმისა, რომ 15 ოქტომბერს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე გარეკ მოვსესიანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცის სამხედრო მიზნით გამოყენებაზე არ უსაუბრია, ტელეგრამ-არხი „Инфотека24“ და ფეისბუქ-გვერდის „Repat Riarch / Айк Овакимян წერენ: „საქართველომ თავის საჰაერო სივრცეში ოფიციალურად აკრძალა სამხედრო ფრენები მთელ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარისთვის, თუმცა, სინამდვილეში, აკრძალვა მხოლოდ სომხური მხარისთვის მოქმედებს“. თანაც, ამას ისეთ კონტექსტში წარმოაჩენენ, თითქოს, ასეთი განცხადება გარიკ მოვსესიანის მიერ გაკეთდა, რაც ინფორმაციის დამახინჯებას და ფალსიფიცირებას წარმოადგენს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეგრამ-არხის „Инфотека24“-ის და ფეისბუქ-გვერდის „Repat Riarch / Айк Овакимян“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, „საქართველომ თავის საჰაერო სივრცეში ოფიციალურად აკრძალა სამხედრო ფრენები, თუმცა, აკრძალვა მხოლოდ სომხური მხარისთვის მოქმედებს“, არის სიყალბე.