„საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო მაშინ, როდესაც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები ერთად ითხოვდნენ გამოძიების დაწყებას“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 4 თებერვალს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხზე ისაუბრა, რომელმაც საარჩევნო დარღვევები უნდა გამოიძიოს.

როგორც მამულაშვილი აღნიშნავს, კომისიის შექმნა მიზანშეწონილი იქნებოდა მაშინ, თუ ის არჩევნების შემდგომ მალევე შეიქმნებოდა.

„საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო მაშინ, როდესაც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები ერთად ითხოვდნენ გამოძიების დაწყებას, როდესაც ოქმებს ასაჩივრებდნენ და შესაძლებელი იყო ამ ოქმების გადათვლა. დღეს უკვე, როდესაც ყველაფერი გაწმინდეს, დაალაგეს და გააყალბეს, საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს ვერ ვხედავ“, –  აცხადებს ნონა მამულაშვილი.

გადამოწმებული: 1tv.ge

დროებითი  საგამოძიებო კომისია ფუნქციონირებს პარლამენტის ფარგლებში. ამიტომ, მისი შექმნა შეუძლებელი იყო მანამდე, ვიდრე არ მოხდებოდა 2021 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა, რაც 11 დეკემბერს განხორციელდა.  აქედან გამომდინარე, არჩევნების გაყალბების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მუშაობა  11 დეკემბერზე უფრო ადრე ვერ დაიწყებოდა.

ამასთან, ჯერ კიდევ პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობამდე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან (მაგ. მამუკა მდინარაძე), გაკეთდა შეთავაზება ასეთი კომისიის შექმნის თაობაზე, რაზედაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვეს.

ასევე უარყოფა მოყვა „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების (მაგ. ირაკლი კობახიძე) მიერ მოგვიანებით გაკეთებულ ანალოგიურ შეთავაზებებსაც.

ამდენად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადება, რომ „საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო მაშინ, როდესაც არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები ერთად ითხოვდნენ გამოძიების დაწყებას“, არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით