

„რუსული არმიის მიერ უკრაინაში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება ყურით მოთრეული ამბავია“
მოწოდებული ინფორმაცია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, „რუსული არმიის მიერ უკრაინაში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება ყურით მოთრეული ამბავია“.
„ირანული უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ ჭორები, რომლებსაც ზოგიერთი უსახელო, დახურული წყარო ავრცელებს ამერიკულ მედიაში, ბოლო დღეებში უარყვეს როგორც ირანის, ისე რუსეთის წარმომადგენლებმა… ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა დაუსაბუთებელი დასკვნებისა და ყურით მოთრეული ვარაუდების ნაკრები“, – აღნიშნა რუსეთის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ასეთი ინფორმაციის მიზანია ირანზე ზეწოლის მოხდენა.
მარია ზახაროვას ეს განცხადება რუსული მედიით („რია ნოვოსტი“, „ლენტა.რუ“, „ტასს“-ი, „იზვესტია“ და სხვა) ფართოდ გაშუქდა.
გადამოწმებული: 1tv.ge
ის ფაქტი, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს (დრონებს) იყენებს, არაერთმა ექსპერტმა, ასევე ისრაელისა და შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებმა დაადასტურეს. უკრაინის უშიშროების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რათა გამოავლინოს ყველა ის პირი და ორგანიზაცია, რომელიც რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში მონაწილეობდა. გარდა ამისა, დადასტურდა უკრაინასთან ომში ირანელი ინსტრუქტორების უშუალო მონაწილეობის ფაქტიც, რომლებიც კონსულტაციას უწევენ რუს სამხედროებს საფრენი აპარატების გამოყენების საკითხში. სულ ახლახანს კი ევროკავშირმა და აშშ-მ ირანს სანქციები დაუწესის რუსეთისთვის დრონების გადაცემისთვის. ამავე საკითხზე ცალკე გამოძიების ჩატარებას გაერო-ც აპირებს…
„სტოპფეიკის“ ცნობით, ირანული წარმოების „Shahed-136“ და „Mohaje-6“ კამიკაძე-დრონებს რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომში, უკვე თვეზე მეტია, იყენებს. „Shahed-136“-ის ფრენის დიაპაზონი 2500 კმ-ია, მას შეუძლია ფრენა 60-დან 4000 მ სიმაღლეზე, 180 კმ/სთ სიჩქარით. დრონს აქვს ხმამაღალი ძრავა, ამიტომ, თვითმფრინავის ფრენის ხმა რამდენიმე კილომეტრზე ისმის. რუსული არმია ე.წ „შაჰიდებს“ აქტიურად იყენებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმისთვის. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა ახერხებს უპილოტო თვითმფრინავების უმეტესი ნაწილის განადგურებას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მაინც აღწევს მიზანს, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს.
არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული თვითმფრინავების გამოყენებას თეირანიც და მოსკოვიც უარყოფს. ოქტომბრის შუა რიცხვებში კიევმა ოფიციალურად დასდო ბრალი ირანს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში თანამონაწილეობაში და მოუწოდა თეირანს, დაუყონებლივ შეწყვიტოს რუსეთისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება. უკრაინამ ასევე მიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების გადაცემის საკითხზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. ამავდროულად, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ დააწესა სანქციები უპილოტო საფრენი აპარატების რუსეთისთვის მიწოდების გამო, რომლებსაც მოსკოვი უკრაინასთან ომში იყენებს. მანამდე კი, შეერთებულმა შტატებმა სანქციები იმ ირანულ კომპანიებს დაუწესა, რომლებიც ამ დრონების წარმოებას და რუსეთისთვის მათ მიწოდებას უზრუნველყოფენ.
21 ოქტომბერს უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოაცხადა სისხლის სამართლის საქმის წარმოების შესახებ, რომელიც დაადგენს ყველა იმ პირს, ვინც ჩართული იქნება რუსეთისთვის ირანული დრონების, ასევე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების, „Fateh-110“-ის და „Zofaghar“-ის მიწოდებაში.
„გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, არსებობს ყველა საფუძველი მტკიცებისა, რომ ირანის ხელისუფლებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები შეგნებულად ეხმარებიან რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში“, – აცხადებს უკრაინის უშიშროების სამსახური.
უკრაინაში ირანული უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების მტკიცებულებების კიევისთვის მიწოდების გარდა, თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ასევე არსებობს დადასტურებული ფაქტები ირანელი სამხედროების მხრიდან რუსეთის არმიისთვის დახმარების გაწევის თაობაზე. „ჩვენი შეფასებით, ირანელი სამხედროები უშუალოდ იმყოფებოდნენ ყირიმში და რუსებს ოპერაციებში ეხმარებოდნენ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ განა ცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 10 ირანელი ინსტრუქტორი უკვე დაიღუპა.
ის ფაქტი, რომ რუსეთი ირანულ დრონებს იყენებს, ისრაელის დაზვერვამაც დაადასტურა. ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა შესაბამისი მტკიცებულებები აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე წარადგინა. მოგვიანებით კი, იცხაკ ჰერცოგმა უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონების ფოტოებიატლანტიკური საბჭოს სხდომის მონაწილეებს აჩვენა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადება, რომ „რუსული არმიის მიერ უკრაინაში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება ყურით მოთრეული ამბავია“, არის სიყალბე.