„რუსეთში სიტყვის თავისუფლების დიაპაზონი უფრო დიდია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“

მოწოდებული ინფორმაცია

მედია-ჯგუფ „რუსეთი დღეს“ („Россия сегодня“) გენერალური დირექტორი, დმიტრი კისელიოვი აცხადებს, რომ რუსეთში სიტყვის ნამდვილი თავისუფლება არსებობს, მაშინ როდესაც დასავლეთი ამ ნორმებს არღვევს.

„ჩვენთან, რუსეთში, სიტყვის თავისუფლების დიაპაზონი უფრო დიდია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“, – აღნიშნა კისელიოვმა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას.

გადამოწმებული: 1tv.ge

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ შედგენილ სიტყვის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში რუსეთს, 2022 წელს, 180 ქვეყანას შორის, 155-ე ადგილი უკავია. პრესის თავისუფლების დონე რუსეთში შეფასებულია 38,22 პირობით ერთეულად, მაშინ, როდესაც მაგალითად, პირველ ადგილზე მყოფ ნორვეგიაში ეს მაჩვენებელი 95,65-ია, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც ბოლო ადგილს იკავებს – 13,92.

გასულ, 2021 წელს, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ შედგენილ ანალოგიურ ცხრილში, რუსეთი 48,71 პირობითი ქულით, 150-ე ადგილზე იყო და მას შემდეგ, რუსეთს გადაასწრეს აზერბაიჯანმა, ბელორუსმა, ბრუნეიმ, ყაზახეთმა, რუანდამ, სინგაპურმა, თურქეთმა, უზბეკეთმა…

ტელეგრამ არხი „თებერვლის დილა – ელვა“ („“Утро Февраля – Молния“) წერს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ოფიციალურმა მოსკოვმა დაბლოკა 181 გამოცემა, 21-მა მასობრივმა საინფორმაციო საშუალებამ, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო, შეწყვიტა ან შეაჩერა მუშაობა. მათ შორის არის ნობელის პრემიის ლაურიატის დმიტრი მურატოვის „ნოვაია გაზეტა“ და ტელეარხი „დოჟდი“, რომელიც ამერიდან მაუწყებლობას განაგრძობს არა როგორც რუსული, არამედ როგორც ლატვიური საინფორმაციო საშუალება.

გარდა ამისა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე დაზარალდა 101 რუსი ჟურანალისტი – ისინი დააკავეს, დააჯარიმეს ან სამსახურიდან დაითხოვეს. 11-მა საინფორმაციო საშუალებამ, დახურვის საფრთხის გამო, საერთოდ შეწყვიტა ომის თემის გაშუქება.

უკრაინასთან ომის დაწყებიდან მალევე, რუსეთმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს 15-წლიან პატიმრობას რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის. ამ მუხლით, რუსეთში უკვე აღძრულია 52 სისხლის სამართლის საქმე.

ამასთან, რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაჩნდა მუხლი, რომლითაც ისჯება „საჯარო ქმედებები, რომლებიც მიმართულია რუსეთისა და მისი მოქალაქეების დაცვის მიზნით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების დისკრედიტაციისკენ“. ამ მუხლით აღძრულია 2100 საქმე და დამრღვევი ფიზიკური პირები 100 000-მდე რუბლით, ხოლო იურიდიული პირები – 1 მილიონამდე რუბლით დაჯარიმდებიან.

რუსეთის კონსტიტუციის 29-ე მუხლით, ქვეყანაში აკრძალულია ცენზურა. თუმცა, დმიტრი კისელიოვის დაქვემდებარებაში მყოფი საინფორმაციო სააგენტო „რუსეთი დღეს“ („Россия сегодня“) მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი უკვე გამოვიდა მოთხოვნით ცენზურის აკრძალვის გაუქმების თაობაზე და ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მედია-ჯგუფ „Россия сегодня“-ს გენერალური დირექტორის, დმიტრი კისელიოვის განცხადება, რომ „რუსეთში სიტყვის თავისუფლების დიაპაზონი უფრო დიდია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით