

რუსეთში მეზობლებს, კოლეგებს და საკუთარ შვილებსაც კი აბეზღებენ და ძალოვან უწყებებში უჩივიან, თუ ომის შესახებ მათი აზრი სახელმწიფოს პოზიციას არ ემთხვევა
მოწოდებული ინფორმაცია
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სულ 100 დღეა გასული, მაგრამ კრემლის სამხედრო აგრესია უკვე აისახა რუსეთის ფართო საზოგადოების ცნობიერებაზე, ადამიანების ქცევებზე. „პატრიოტიზმისა“ და „სამშობლოსთვის სამსახურის“ ლოზუნგს ამოფარებული მოქალაქეები არ თაკილობენ მათთვის ახლობელი და ძვირფასი ადამიანების დასმენას და „ხალხის მტრების“ საზოგადოებისგან იზოლირებას ითხოვენ…
გახშირდა შემთხვევბი, როდესაც ადამიანები აბეზღებენ მეზობლებს, კოლეგებს, საკუთარ შვილებსაც კი.
„ანტიფეიკი“ ამ ნეგატიურინ ტენდენციის კონკრეტული გამოვლინებებით დაინტერესდა.
გადამოწმებული: 1tv.ge
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსულ საზოგადოებაში გახშირებულ ნეგატიურ ტენდენციებს ეხმაურება ინტერნეტ-გამოცემა „მედიაზონა“ (zona.media), რომლის მასალებს „ანტიფეიკი“ უცვლელად გთავაზობთ:
რუსები მეზობლებს, კოლეგებს და საკუთარ შვილებსაც კი აბეზღებენ და ძალოვან უწყებებს გადასცემენ, თუ მათი აზრი ომის შესახებ სახელმწიფოს პოზიციას არ ემთხვევა
ომის დაწყების შემდეგ რუსები სულ უფრო ხშირად აბეზღებენ ერთმანეთს. ადამიანები პოლიციაში უჩივიან მეზობლებს, ვისი აივნებიც ცისფერ-ყვითელი ლენტებით არის მორთული, ძალოვნებთან აბეზღებენ კოლეგებს, რომლებიც ასო Z-ს ანადგურებენ, ზოგიერთი სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ შვილებსაც უჩივის.
– ჩემი ქალიშვილი დააკავეთ?
-ვიინ?
-ჩემი ქალიშვილი… არ დაგიკავებიათ?
-რისთვის უნდა დაგვეკავებინა? ვიცით, რომ თქვენ სადღაც ინტერნეტში ნახეთ რაღაც შეტყობინება რაღაცის შესახებ… რისკენ მოწოდება?
-ანუ… რუსების ხოცვა ნორმალურია?
-ნუ, მოწოდებები… უნდა გამოგკითხოთ, გავიგოთ, კონკრეტულად რა ნახეთ… ანუ, თქვენი ქალიშვილი მოუწოდებს თუ რაშია საქმე?
-დიახ.
ეს სატელეფონო საუბარი პოლიციის თანამშრომელსა და მოსკოვის ოლქის ქალაქ რეუტოვში მცხოვრებ, 49 წლის თემურ ხალიტოვს შორის 10 აპრილს შედგა. დილით ხალიტოვი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და თავის ქალიშვილ ელმირას წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, რომ „ის რუსების დახოცვისკენ მოუწოდებს“.
მოგვიანებით, პოლიციელმა ხალიტოვს იმ ბინიდან დაურეკა, რომელიც განცხადებაში იყო მითითებული – იქ, დეიდა ალასთან, ბოლო პერიოდში ელმირა ხალიტოვა ცხოვრობდა. პოლიციელმა განუმარტა თემურ ხალიტოვს, რომ ელმირას დაკითხვას ვერ ახერხებს, რადგან კარს არავინ აღებს.
-კარის შემტვრევა არ შეგვიძლია, ეს ის შემთხვევა არ არის, – ამბობს პოლიციელი.
-თამამად შეამტვრიეთ, თამამად, – ცოტა დაბნეული არწმუნებს თანამოსაუბრეს ხალიტოვი.
პოლიციის თანამშრომელი იმეორებს, რომ კარის შემტვრება არ შეიძლება, რადგან ამისთვის საფუძველი არ არსებობს და ხალიტოვს ადგილზე მოსვლას სთავაზობს, რა შემთხვევაშიც მისი ნებართვით ბინაში შესვლის უფლება ექნება.
-მოიცადეთ… ეს სიტუაციური მომენტია, – ამბობს ხალიტოვი.
-სიტუაციური მომენტი რას ნიშნავს?
-სასწრაფოდ უნდა შეამტვრიოთ კარი, – მოითხოვს თემურ ხალიტოვი.
პოლიციელი მას კიდევ ერთხელ უხსნის, რომ ბინაში შესვლა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ხალიტოვი დაადასტურებს, რომ ეს მისი ბინაა, ან იქ არის ჩაწერილი.
-შეამტვრიეთ, – არწმუნებს ხალიტოვი.
-კიდევ გიმეორებთ, თქვენ ხართ საჭირო, უნდა მობრძანდეთ.
-შენი დედაც… კარგი მაშინ.
მტრების ზარი ტაილანდიდან
იმ დროს, როდესაც პოლიციელი ელმირას ბინაში შეღწევას ცდილობდა, ეს უკანასკნელი მეგობარ ბიჭთან იმყოფებოდა. ის დეიდა ალას ტელეფონის ზარმა გააღვიძა. მან აღელვებული ხმით შეატყობინა ნათესავს, რომ მას ეძებენ. ტელეფონით პოლიციელმა აუხსნა, რომ მამის განცხადების გამო აუცილებლად უნდა დაკითხოს ელმირა. გოგონა პოლიციაში მოსვლაზე დათანხმდა.
„მან (პოლიციელმა) მაშინვე მითხრა, რომ მამაჩემი ძალიან მთვრალი იყო, მაგრამ ახსნა-განმარტების მიცემა მაინც მომიწევდა“, – იხსენებს ელმირა.
ელმირა ხამიტოვა 21 წლისაა, სწავლობს ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, აქვს ტელეგრამ-არხი „იატაკქვეშეთი“ („Подполье“) და „ტვიტერის“ სტრიმები, სადაც მსჯელობს პოლიტიკაზე და რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ელმირა ამბობს, რომ იზიარებს ოპოზიციურ შეხედულებებს, მაგრამ „რუსების დახოცვის“ მოწოდების პოსტები არასდროს დაუწერია.
მამასთან, ყოფილ იურისტთან, უკვე დიდი ხანია, კავშირი აღარ აქვს. მისი თქმით, მასთან ცხოვრება ყოველთვის ძნელი და არცთუ უსაფრთხო იყო, მძვინვარე ხასიათის გამო, ხოლო როდესაც ალკოჰოლს მიეძალა, მასთან ურთიერთობა საერთოდ შეუძლებელი გახდა.
ელმირა თავიდან ვარაუდობდა, რომ მამის მიერ პოლიციაში მისი დაბეზღება წარმოადგენდა მამამისის არაჯანსაღ რეაქციას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტზე, რომელშიც ის უკრაინის ომზე და რუსეთისთვის ამ ომის შესაძლო შედეგებზე მსჯელობდა. მამამისი კი სულ სხვა, სრულიად აბსურდულ მიზეზებზე საუბრობს.
„ტაილანდიდან დამირეკეს, ეშმაკმა იცის საიდან… და მომახსენეს, რომ თითქოს ასეთი ისტორია არსებობს (მისი ქალიშვილის მოწოდება რუსების დახოცვის შესახებ). იძულებული ვიყავი, დამეჯერებინა. თვითონაც არ ვიცი, როგორ მოხდა“, – განუცხადა თემურ ხალიტოვმა „მედიაზონას“.
იყო თუ არა ასეთი ზარი, ამის გადამოწმება შეუძლებელია. თემურ ხალიტოვი ამტკიცებს, რომ ბევრი მტერი ჰყავს და შეიძლება მათ „მოუწყეს“. მამაკაცის თქმით, განცხადება თავის ქალიშვილზე არამარტო პოლიციაში, არამედ უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურშიც (ФСБ) დაწერა.
პოლიციის განყოფილებაში ელმირას ტელეფონი ჩამოართვეს და თხუთმეტი წუთი ამოწმებდნენ. ამ დროისთვის ელმირას უკვე წაშლილი ჰქონდა შეტყობინებების მთელი ისტორია და „ტელეგრამ-არხი“. პოლიციელებს უფრო მეტად ინსტაგრამი აინტერესებდათ – სტუდენტი გოგონას თქმით, ისინი ძალიან გაოცდნენ, როდესაც დანართში შესვლა ვერ შეძლეს. როგორც ჩანს, პოლიციელებისთვის უცნობი იყო რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული Meta-ს სერვისების დაბლოკვის სისტემა, ელმირამ კი VPN კი გამორთო.
ელმირას თქმით, „რუსების დახოცვის“ შესახებ მოწოდების ისტორიით „პოლიციის მაღალჩინოსანიც“ დაინტერესდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჰკითხავდა იმის თაობაზე, თუ საიდან შეიძლებოდა გაჩენილიყო ასეთი ბრალდება.
„მე მათ ვუთხარი, რომ მამაჩემი არაადეკვატურია. ის ლოთია, მრავალი წელია, სვამს. არ მუშაობს, რამდენიმე დღე გაუთავებლად იღებს ალკოჰოლს და მუდმივად აქვს ბოდვითი იდეები. ხან რეკავს და ამბობს, რომ ალყაშია და მტერს იგერიებს, ხან ამბობს, რომ ნაცისტებს იჭერს“, – გვიყვება პოლიციელებთან მონათხრობს ჩვენი თანამოსაუბრე და დასძენს, რომ როდესაც 13 წლის იყო, მამამისს მისთვის თვალის გამოთხრა სურდა, რადგან მასში ალქაჯს ხედავდა.
ბოლოს, პოლიციელებმა ელმირა გაუშვეს და დაპირდნენ, რომ მამამისს წვრილმან ხულიგნობაზე ოქმს შეუდგენდნენ, რადგან ბილწსიტყვობდა, როდაც განყოფილებაში განცხადების დასაწერად მივიდა.
პოლიციიდან ელმირამ დაურეკა მამამისს, რომელმაც ისევ დაიწყო ტაილანდიდან ზარის ისტორიის მოყოლა. „ვეუბნები, დავუშვათ, ეს ყველაფერი მართალია და მე მართლა მოვუწოდებდი რუსების დახოცვისკენ. მაგრამ რა ჯანდაბად წახვედი რეუტოვოდან მოსკოვში განცხადების დასაწერად? ის კი მპასუხობს, რომ შენგან ყველაფერია მოსალოდნელი და ამიტომ, გადავწყვიტე თავი დამეზღვია“.
დაბეზღების კულტურა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსებმა გაცილებით ხშირად დაიწყეს იმ ადამიანების დაბეზღება, ვინც არ იზიარებს სახელმწიფოებრივ თვალსაზრისს მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმის მიზეზებისა და მოტივების შესახებ.
ყველაზე ხმაურიან ისტორიას ადგილი ჰქონდა პენზაში, სადაც მერვეკლასელებმა ინგლისური ენის მასწავლებელი ირინა გენი დააბეზღეს. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ გაკვეთილზე მასწავლებელმა ერთ-ერთ მოსწავლეს აუხსნა, რატომ ვერ ახერხებდა ის ჩეხეთში შეჯიბრზე წასვლას.
„ვიდრე რუსეთი არ დაიწყებს ცივილიზებულად მოქცევას, ეს ასე გაგრძელდება, – განაცხადა მასწავლებელმა, – კიევში შესვლა და ხელისუფლების დამხობა უნდოდათ. უკრაინა კი, სხვათა შორის, სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენთან ტოტალიტარული რეჟიმია. ყოველი განსხვავებული აზრი დანაშაულად მიიჩნევა“.
მოსწავლეებმა პოლიციას მასწავლებლის აუდიოჩანაწერი გადასცეს და ირინა გენის მიმართ, რუსეთის არმიაზე ფეიკების გავრცელების მუხლით, აღიძრა საქმე. თავად მასწავლებელი ამბობს, რომ სწორედ მოიქცა და მომხდარის გამო არ ნანობს.
„მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი მშობლებისგან მოდის. შესაძლოა, რომელიმე მოსწავლემ საუბრისას ახსენა, რომ ამ საკითხზე ინგლისური ენის მასწავლებელს განსხვავებული აზრი აქვს. ამ კლასის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი „ფეესბეს“ თანამშრომელია. ვფიქრობ, ჩემი ფარულად ჩაწერის იდეა მისგან მოდის. ეს ჩემი ვერსიაა, მაგრამ მის სისწორეში 100 პროცენტით არ ვარ დარწმუნებული“, – აცხადებს ირინა გენი.
მარტის შემდეგ, რუსეთის სკოლებში უნდა დაიგმოს ანტისაომარი აქციებისკენ მოწოდება და მოსწავლეებს მოუთხრონ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შესახებ პრეზიდენტ პუტინის გამოსვლის შინაარსი.
მასწავლებლები, ვინც ამ პოლიტიკას არ ეთანხმება, სამსახურიდან დათხოვნის საფრთხის ქვეშ არიან. მაგალითად, ასტრახანში, მასწავლებელმა ელენა ბაიბეკოვამ სამსახური იმის გამო დაკარგა, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ მის გაკვეთილზე „პოლიტიკური საუბრების“ გამო დაიჩივლა.
ომის კონტექსტში „რუსეთის მტრების“ შესახებ რიტორიკა სულ უფრო აგრესიული გახდა. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ლაპარაკი „ერის მოღალატეების“ შესახებ: „დიახ, ისინი ფსონს ეგრეთ წოდებულ მეხუთე კოლონაზე, ერის მოღალატეებზე დადებენ, იმათზე, ვინც ფულს აქ შოულობს, ცხოვრებით კი „იქ“ ცხოვრობს. ცხოვრობს არ ამ სიტყვის გეოგრაფიული გაგებით, არამედ თავისი აზრებით, თავისი მონური შეგნებით“.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, გაჩნდა საიტები და ტელეგრამ-არხები, რომლებიც თავის მიზნად აცხადებენ „სპეციალური ოპერაციის“ შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის მხილებას. ისინი ზოგჯერ პირდაპირ მოუწოდებენ საზოგადოებას „არასანდო“ ინფორმაციების ავტორთა ვინაობის გამხელისკენ და აცხადებენ, რომ ამ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს მიაწვდიან.
ყოველივე ეს განაპირობებს იმას, რომ ადამიანები მეზობლებს უკვე აივანზე ცისფერ-ყვითელი ლენტების გამოკიდების გამო უჩივიან, ქუჩის მოვაჭრეებს მყიდველები ანტისაომარი ფასის აღმნიშვნელ ეტიკეტებზე ანტისაომარი წარწერების გამო აბეზღებენ, იმ ადამიანებს „უშვებენ“, ვინც ასო Z-ს ჩამოხევს… ბელგოროდში „ბეჯითი მოქალაქეები“ თავად მონაწილეობდნენ ახალგაზრდა კაცის დაკავებაში, ვინც ავტობუსის გაჩერებაზე ანტისაომარის წარწერა დატოვა.
ელმირა ხალიტოვა, რომელიც მამამისმა დააბიზღა, ამბობს ის (მამამისი) ყოველთვის იზიარებდა პროსახელისუფლებო შეხედულებებს და ომის ფონზე, ალბათ, დღედაღამ სოლოვიოვის გადაცემებს უყურებს. თავად თემურ ხალიტოვი კი აცხადებს, რომ „შესაძლოა, არაადეკვატურად მოიქცა“, მაგრამ იქვე დასძენს, რომ თუ მისი ქალიშვილი მართლა მოუწოდებდა „რუსების დახოცვისკენ“, ის სწორედ მოქცეულა, რადგან ეს მისი „სამოქალაქო მოვალეობაა“.
„ვფიქრობ, ნორმალურად მოვიქეცი. შესაძლოა, ქალიშვილთან მიმართებაში ეს დაუშვებელია, მაგრამ პოლიციაში აუცილებლად უნდა მივსულიყავი“.
ფსკოვის ოლქში ყოფილი პოლიციელი ავატარზე გაკეთებული წარწერისთვის – „არა ომს!“ – 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს
51 წლის იგორ კნიაზიკოვის მიმართ ფსკოვის ოლქის პეჩორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი ეს გადაწყვეტილება „არმიის დისკრედიტაციით“ საბუთდება.
კნიაზიკოვი ამბობს, რომ პოლიციაში დაკითხვის დროს მას მოსთხოვეს, წაეშალა ავატარზე გაკეთებული წარწერა „არა ომს“, რაზეც მან უარი თქვა.
„როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, მეც ომის წინაღმდეგი ვარ. რა დანაშაული უნდა მეღიარებინა სასამართლოში? დამცინით? მანტიაში გამოწყობილმა დეიდამ, როგორც რობოტმა, შაბლონურად წაიკითხა მუხლი და ამით ყველაფერი მორჩა! იმედი მქონდა, თავში ყველაფერი წესრიგში ექნებოდა, მაგრამ არა – რუტინაა! პოლიციური მეთოდებია, მუხლი უპრობლემოდ მომიყენეს. უბნის ინსპექტორი, თავის უფროსთან ერთად, შეეცადა, ყველაფერი ერთად დაეხვავებინა: ღალატი, უცხოეთიდან დაფინანსება, რაღაცის პროპაგანდა და აგიტაცია! ამხანაგი მაიორი მოწოდების სიმაღლეზეა! მათ ქურდების დაჭერა არ სჭირდებათ, უკეთესია, სოციალურ ქსელებს ჩაუსხდნენ და ადამიანებს სისხლის სამართლის მუხლები მიუსადაგონ“, – ასე განმარტა სასამართლოს გადაწყვეტილება კნიაზიკოვმა, რომლის თქმითაც, ის „ჩაუშვა“ ერთ-ერთმა მოქალაქემ, ვისთანაც სოცქსელებში მიმოწერა ჰქონდა.
ექს-პოლიციელი მისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს. „ვოცნებობ ნორმალურ სასამართლოში ვუჩივლო უბნის ინსპექტორს და მოსამართლეს, ვინც ეს უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო“, – აცხადებს კნიაზიკოვი.