„რუსეთს უფლება აქვს, შემოიერთოს უკრაინის ტერიტორიები, რადგან დასავლეთის ქვეყნებმა კოსოვო აღიარეს“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში, ვასილი ნებენზია ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის მიერთება არაფრით განსხვავდება სერბეთის შემადგენლობიდან კოსოვოს გასვლისგან.

„დონბასის და უკრაინის გათავისუფლებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის თვითგამორკვევის უფლებაზე უარის თქმით, დასავლური დელეგაციები ორმაგ სტანდარტებს იყენებენ. დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმის ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსები ოდესღაც კოსოვოს დამოუკიდებლობის მომხრეთა პირველ რიგებში იყვნენ. მაშინ ისინი ამტკიცებდნენ, რომ კოსოვოელი ალბანელების უფლებების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, ამ ტერიტორიას ჰქონდა სერბეთის სახელმწიფოსგან გამოყოფის უფლება“, – აცხადებს რუსი დიპლომატი, რომლის თქმითაც, ეს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომაც აღიარა.

ვასილი ნებენზიას თქმით, უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან მიერთება უფრო ლეგიტიმურიც კი არის, რადგან იქ „რეფერენდუმები“ ჩატარდა.

„ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონისგან განსხვავებით, კოსოვოში არანაირი რეფერენდუმი არ ჩატარებულა და მოსახლეობის ნების თავისუფალი გამოხატვა არ მომხდარა“, – ამბობს რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში.

გადამოწმებული: 1tv.ge

კოსოვოს გამოყოფის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით მართლაც არსებობს კითხვის ნიშნები. ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ და უკრაინამ, არ აღიარა მისი დამოუკიდებლობა.

თუმცა, ეს იყო ფუნდამენტურად განსხვავებული, ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც წარმოიშვა არა ერთი ქვეყნის სხვა სახელმწიფოში შეჭრის, არამედ იუგოსლავიის დაშლის, სერბეთის ხელისუფლებაში ნაციონალისტი სლობოდან მილოშევიჩის მოსვლის (მოგვიანებით ის დამნაშავედ ცნეს გენოციდში) და კოსოვოელი ალბანელების (ისინი რეგიონში აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენდნენ) უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის შედეგად.

ნატო-ს დაბომბვას წინ უძღოდა მრავალწლიანი ომი სერბებსა და ალბანელებს შორის, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი რაოდენობის მსხვერპლი გამოიწვია.

ამასთან, ვასილი ნებენზიას მტკიცების საწინააღმდეგოდ, რეფერენდუმი კოსოვოშიც ჩატარდა 1991 წლის 26-30 სექტემბერს. მას ბოიკოტი გამოუცხადა რეგიონში მცხოვრებმა სერბმა უმცირესობამ, მაგრამ რეფერენდუმზე მივიდა ალბანელების 87%, რომელთა 99%-მა ხმა მისცა სერბეთისგან კოსოვოს გამოყოფას.

და ბოლოს, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ დღემდე არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა. სერბეთის შეკითხვის პასუხად, რომელიც ასე ჟღერდა: „შეესაბამება თუ არა კოსოვოს დროებითი თვითმმართველობის ინსტიტუტების მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება საერთაშორისო კანონმდებლობას?“- სასამართლომ დაადგინა, რომ „კოსოვოს ასამბლეის მიერ მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია არ არღვევს საერთაშორისო სამართალს“. ცალმხრივი გამოყოფის კანონიერების, ისევე როგორც კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხის განხილვაზე კი გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ, უბრალოდ, უარი თქვა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომადინარე, გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის, ვასილი ნებენზიას მტკიცება, რომ „რუსეთს უფლება აქვს, შემოიერთოს უკრაინის ტერიტორიები, რადგან დასავლეთის ქვეყნებმა კოსოვო აღიარეს“, არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით