მოწოდებული ინფორმაცია
2022 წლის 24 მარტს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო lenta.ru-მ გამოაქვეყნა რუსი სენატორის, საერთაშორისო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ანდრეი კლიმოვის განცხადება, რომლის თანახმად, „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ევროკავშირს შიმშილი ემუქრება“.
რუსი სენატორი დარწმუნებულია, რომ სანქციები კიდევ უფრო დაამძიმებს ევროპის სახელმწიფოების მდგომარეობას.
„თუ ადრე რუსეთი მილიონობით ადამიანს კვებავდა საზღვარგარეთ, ახლა, დეფიციტო რომ არ დავუშვათ, ჩვენ ვამბობთ: ჯერ საკუთარ თავს გამოვკვებავთ, წარმოებას არ შევამცირებთ“, – აცხადებს ანდრეი კლომოვი.
გადამოწმებული: 1tv.ge
ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ოლქების დამოუკიდებლობა „აღიარა“ და გამოაცხადა, რომ იქ, „მშვიდობის შესანარჩუნებლად“, ჯარი შეჰყავს, დასავლეთმა დაიწყო რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება.
ამ გადაწყვეტილებაში დასავლეთი ერთსულოვანი იყო: ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა მას შემდეგ, როდესაც 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო ღია შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაზე. სანქციები მრავალმხრივი გახდა და შეეხო ფინანსურ სექტორს, ენერგეტიკას, საჰაერო სავრცესა და ტრანსპორტს, ახალ ტექნოლოგიებს, ცალკეულ ინდივიდებს (ოლიგარქებს)…
ამასთან, დასავლეთის ლიდერებს კარგად ესმით, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებს და უკრაინის ომს უკუეფექტიც ექნება და თავად დასავლეთის ქვეყნების ეკონიმიკურ მდგომარეობაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება. ამიტომ, ასეთი ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დასაყვანად, ისინი უკვე იღებენ პრევენციულ ზომებს.
The Washington Post-ის მიხედვით, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების და ომით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე, ევროპის ბაზარზე უკვე იგრძნობა, რომ ფასები მომატებულია ენერგეტიკის სექტორში, ასევე გაზრდილია ინფლაცია და ფასები ნედლეულის ბაზარზე.
ეკონომისტმა ენდრიუ კენინგჰემმა გამოცემას განუცხადა, რომ სანქციების უარყოფით ეფექტებს ევროკავშირის მოქალაქეები მომავალში კიდევ უფრო მეტად იგრძნობენ. კერძოდ, ეკონომისტი ვარაუდობს საწვავზე, სამომხმარებლო ელექტროენერგიასა და საკვებზე ფასების შემდგომ ზრდას.
კენინგჰემი აღნიშნავს, რომ მყიდველობისუნარიანობის 2 პროცენტით შემცირება, მთლიანობაში, ძალიან დიდი პრობლემა არ იქნება, მაგრამ დააზარალებს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს, რომლებსაც გათბობაზე და საწვავზე დიდი დანახარჯი აქვთ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ქვეყნის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კრიზისი გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე, ქვეყნის პრემიერმა კი განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ბიზნესები და, შეძლებისდაგვარად, მოქალაქეებიც დაიცვას ეკონომიკური კრიზისისგან.
თუმცა, არც პოლიტიკოსები და არც ეკონომიკის ექსპერტები არ მიიჩნევენ, , რომ ევროპას შიმშილი ემუქრება და ის სრულმასშტაბიანი კატასტროფის წინაშე დგას.
ვერსალში გამართული ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ უკრაინის ომის შედეგები იყო. ამ შეხვედრაზე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები შეთანხმდნენ, ეტაპობრივად და მაქსიმალურად სწრაფად შეამცირონ დამოკიდებულება რუსეთის გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მარტის ბოლოს კომისია წარმოადგენს მომავალი ზამთრის სეზონისთვის ენერგომატარებლებით ევროკავშირის ქვეყნების უზრუნველყოფის გეგმას და მაისის ბოლოს დააკონკრეტებს რუსეთის გაზისგან ევროკავშირის დამოუკიდებლების გეგმის (the REPower EU plan) დეტალებს.
პარალელურად, 24-25 მარტს გამართულ ევროპული საბჭოს სხდომაზე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ ენერგომატარებლების ფასების ზრდის ზემოქმედებას ევროკავშირის მოქალაქეებსა და ბიზნესებზე. კერძოდ, სავარაუდოდ საჭირო გახდება, ელექტროენერგიის საბითუმო ფასების სისტემის გადახედვა, რომელიც ამჟამად გაზის ფასებით განისაზღვრება, მიუხედავად იმისა, რომ გაზით ელექტროენერგიის გამომუშავების წილი ძალიან მცირეა.
თუმცა, ეს სირთულეები არ არის იმ ხარისხის, რომ მან ევროკაშირის ქვეყნებში მოსახლეობის შიმშილობა გამოიწვიოს, როგორც ამას რუსი სენატორი აცხადებს.
მითუმეტეს, ასეთ სირთულეებთან გამკლავების გამოცდილება ევროკავშირმა კოვიდპანდემიის დროს უკვე მიიღო. მართალია, კოვიდპანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებს, მაგრამ არა ისეთი, რომ მოსახლეობა შიმშილობამდე მისულიყო. მეტიც: ევროკავშირი იქით ეხმარებოდა სუსტი ეკონომიკის ქვეყნებს. მაგალითად, საქართველომ, პანდემიის პერიოდში, ევროკავშირისგან დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარება მიიღო…
როგორც ჩანს, იგივე პოლიტიკას გაატარებს ევროკავშირი რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაშიც.
„გასულ წელს ჩვენ ვნახეთ, რომ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების შედეგად განვითარებადი ქვეყნები განვითარებულ ქვეყნებზე მეტად დაზარალდნენ. მსოფლიოში შიმშილი და სიღარიბე მნიშვნელოვნად გაიზარდა. უკრაინის ომმა შესაძლოა ამ კუთხით ვითარება კიდევ უფრო გაართულოს, კერძოდ საკვებისა და ენერგომატარებლების ფასების მატებით გამოწვეული კონფლიქტების გაზრდილი რისკის შედეგად, როგორც ეს წარსულში მსგავს სიტუაციებში არაერთხელ ვიხილეთ. მიუხედავად საკუთარი სირთულეებისა, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ იმ დაბალშემოსავლიანი ქვეყნების, მათ შორის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, მხარდაჭერა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამ ომის არაპირდაპირი შედეგებით… უკრაინაზე თავდასხმით ვლადიმერ პუტინი გვაიძულებს, გადავხედოთ ჩვენი შიდა მოწყობისა და ჩვენი მსოფლმხედველობის სხვადასხვა ელემენტებს. ამ გამოწვევას იმისათვის უნდა ვუპასუხოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები დავიცვათ“, – განაცხადეს ვერსალში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსი სენატორის, ანდრეი კლიმოვის განცხადება, რომ „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ევროკავშირს შიმშილი ემუქრება“, არის აბსურდი.