„რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში დასახლებულ პუნქტებს არ ბომბავენ, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას ერიდებიან“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 22 მარტს, ვებ-პორტალმა tvm.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ „რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში დასახლებულ პუნქტებს არ ბომბავენ, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობას დახოცვას ერიდებიან“.

გადამოწმებული: 1tv.ge

რუსეთმა უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ მისი საჯარისო ნაწილები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრებოდნენ.

17 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ლუგანსკის რეგიონში, სტანიცა ლუგანსკაიაში, დაბომბვის შედეგად, საბავშვო ბაღი დაზიანდა. მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად, ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას. ორი მოქალაქე დაშავდა, დასახლებული პუნქტის ნახევარი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამავე დღეს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო სისტემებიდან ცეცხლი გაუხსნეს ვრუბივკას დასახლებასაც

მოგვიანებით, რუსეთის მიერ უკრაინის დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ობიექტების განადგურებამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა – რუსეთმა არაერთხელ დაბომბა საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები თუ სხვა საზოგადოებრივი შენობები.

მაგალითად, რუსეთის არმიამ, ოთხდღიან მონაკვეთში, დაბომბა: მარიოპულის თეატრი და სამხატვრო სკოლა. თეატრის შენობას თავს აფარებდა 1300-მდე მოქალაქე, ხოლო სამხატვრო სკოლას – დაახლოებით 400 ადამიანი;

ასევე დაიბომბა: სავაჭრო ცენტრი კიევის სიახლოვეს, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; საცხოვრებელი კორპუსები კიევში, მიკოლაევში და სამშობიარო კლინიკა მარიუპოლში.

გაეროს ინფორმაციით (22 მარტის მონაცემები), უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მინიმუმ 953 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის 78 ბავშვია. დაშავებულია 1 557 უკრაინელი, მათგან 105 ბავშვია. დაზიანებების მთავარი წყაროდ დასახლებული პუნქტების დაბომბვა და საჰაერო იერიშები სახლედება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, შოთა მარტინენკოს განცხადება, რომ „რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში დასახლებულ პუნქტებს არ ბომბავენ, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობას დახოცვას ერიდებიან“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით