უკრაინასთან ომში რუსეთს ელიტური სპეციალისტების ძალიან დიდი დანაკარგი აქვს

მოწოდებული ინფორმაცია

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 6 თვეზე მეტი გავიდა. თითქმის 200-დღიან ბრძოლაში რუსული მხარის მიერ განცდილი დანაკარგების (დაჭრილები და დაღუპილები)  შესახებ  ამერიკული, ბრიტანული და უკრაინული წყაროების  მონაცემები ზოგჯერ ძალიან განსხვავებულია და ის 60-დან 120 ათასამდე მერყეობს.

თუმცა, კრემლისთვის, უფრო მტკივნეულია ის, რომ მთლიან დანაკარგში საკმაოდ მაღალია ელიტური სპეციალისტების რიცხვი.

„ანტიფეიკი“ გთავაზობთ „ბიბისი“-ს მიერ მომზადებულ მასალას, რომელიც ნათლად წარმოაჩენს რუსეთის არმიაში ამ კუთხით შექმნილ მდგომარეობას.

გადამოწმებული: 1tv.ge

უკრაინასის ომის დაწყებიდან გასული ექვსი თვის განმავლობაში რუსულმა არმიამ ათასობით სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. დაღუპულთა რაოდენობის შეფასებები ძალიან განსხვავებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დანაკარგების საერთო რაოდენობა, არამედ ისიც, თუ ვინ დაიღუპა – ვინ არის ეს ხალხი. BBC-მ შეძლო დაედგინა, რომ რუსეთმა დაკარგა 900-ზე მეტი ელიტარული სპეციალისტი, რომელთა მომზადებას წლების ძალისხმევა და მილიონობით დოლარი დასჭირდა.

როგორც დასავლელი, ასევე რუსი ექსპერტების აზრით, რუსული არმიის საერთოსაჯარისო ქვედანაყოფები არ იყვნენ მზად შეტევითი ოპერაციებისთვის. ამის გამო, იმ ამოცანების გადაჭრა, რომლებსაც, როგორც წესი, ქვეითებს უსახავენ, სპეცრაზმებს, საზღვაო ქვეითებსა და მედესანტეებს მოუწიათ. უკრაინაში შეჭრიდან ექვსი თვის განმავლობაში სწორედ ამ ფორმირებებმა, რომლებიც, ტრადიციულად, რუსული არმიის ელიტად მიიჩნევა, განიცადეს მნიშვნელოვანი დანაკარგები. ასევე დაიღუპა ათობით სამხედრო მფრინავი. ექსპერტების აზრით, ყველა ამ სპეციალისტის დაკარგვის ანაზღაურება რუსეთისთვის პრობლემური იქნება.

მთავარი სადაზვერვო სამმართვლოს („გრუ“) სპეცრაზმი

BBC-ის მიერ მოხერხდა „გრუ“-ს 151 სპეცრაზმელის დაღუპვის დადასტურება (1 სექტემბრის მონაცემები). მათგან თითქმის ყოველი მეოთხე (22%) ოფიცერია. ეს მაჩვენებლები არ ასახავს მსხვერპლის რეალურ რაოდენობას, მაგრამ შესაძლებელს ხდის თუნდაც მიახლოებით დავადგინოთ, რამდენი სპეცრაზმელი გამოაკლდა უკრაინაში მებრძოლი რუსული არმიის საბრძოლო ქვედანაყოფებს.

დანაკარგების შესახებ ამ მასალაში მოყვანილი მონაცემები ემყარება დაღუპული რუსი სამხედროების დადასტურებულ მონაცემებს, რომელსაც BBC, გამოცემა „მედიაზონასა“ (რუსეთში აღიარებულია „უცხოეთის აგენტ მედიასაშუალებად“) და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, ღია წყაროებზე დაყრდნობით აგროვებს.

გამოქვეყნებული ნეკროლოგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინაში შეჭრის დროს ყველაზე დიდი დანაკარგი 22-ე გვარდიის სპეცდანიშნულების ბრიგადამ განიცადა. დაიღუპა ბრიგადის მინიმუმ 30 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ოთხი ოფიცერი – ასეულის მეთაური (ბრიგადაში მხოლოდ ოთხი სპეცდანიშნულების ასეულია).

სამხედრო საზღვაო ანალიზის ცენტრის ექსპერტის, მაიკლ კოფმანის თქმით, უკრაინის ომის დროს ყოველ დაღუპულ რუს ჯარისკაცზე დაახლოებით 3,5 დაჭრილი მოდის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რო 22-ე გვარდიის სპეცდანიშნულების ბრიგადის რიგებიდან დაიღუპა ან მწყობრიდან გამოვიდა (თუნდაც დროებით), სულ ცოტა, 130 მებრძოლი.

სპეცდანიშნულების რაზმების ზუსტი რაოდენობა გასაიდუმლოებულია. მაგრამ კონსერვატიული შეფასებითაც კი, 130 მებრძოლის გამოკლება შეიძლება ჩაითვალოს სპეცდანიშნულების ასეულის დაკარგვის ტოლფასად. ჩეჩნეთის ომის დროს, „გრუ“-ს სპეცრაზმის სადაზვერვო ასეული 45-70 კაცისგან შედგებოდა. თუ ასეთ შეფასებას ავიღებთ საფუძვლად, არ უნდა გამოვრიცხოთ, ბრიგადის სადაზვერვო ასეულის ნახევარი მწყობრიდან არის გამოსული.

მსგავსი დანაკარგები უკრაინის ომის დროს განიცადეს „გრუ“-ს სპეცრაზმის სხვა დანაყოფებმაც. 24-ე გვარდიულმა ბრიგადამ დაკარგა მინიმუმ 21 კაცი, მათ შორის ოთხი ოფიცერი. ასევე ცნობილია მე-3 გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმის 26 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შესახებ, რომელთა შორის ხუთი ოფიცერია. უკრაინაში დაიღუპა მე-16 გვარდიის სპეცდანიშნულების ბრიგადის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით, ამავე ბრიგადის შტაბის უფროსი, მაიორის წოდებით, ასევე ასეულის მეთაური, კაპიტნის წოდებით.

სპეცრაზმის ოფიცრების დაკარგვა შეიძლება რუსეთის არმიისთვის ყველაზე მტკივნეული და ძნელად ასანაზღაურებელი იყოს, აცხადებენ BBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები.

რიგითი სპეციალისტების (მაგალითად, ყუმბარმტყორცნის ან ნაღმმტყორცნის) დაკარგვის შემთხვევაში, მის ჩასანაცვლებლად სხვა სფეროს სპეციალისტის გადამზადება შეიძლება რამდენიმე კვირაში, იშვიათ შემთხვევებში – ერთ-ორ თვეში. მაგრამ თუ „გრუ“-ს სპეცდანიშნულების ასეულის მეთაური დაიღუპება, მისი შეცვლა მხოლოდ იმავე სამხედრო სპეციალობის ოფიცერს შეუძლია. შესაბამისი კვალიფიკაციის ლეიტენანტის მომზადებას კი მინიმუმ ოთხი წელი სჭირდება. იმისთვის, რომ ასეულს უხელმძღვანელოს, ლეიტენანტმა უნდა დააგროვოს გამოცდილება და გაიაროს გზა კაპიტნობამდე, რასაც დამატებით კიდევ ოთხი წელი დასჭირდება. საერთო ჯამში, არანაკლებ რვაწლიანი ტრენინგია საჭირო, ამბობენ ექსპერტები.

საბჭოთა კავშირის დროს, „გრუ“-ს სპეცრაზმს ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო ოპერაციების განხორციელება და მტრის ზურგში დივერსიების მოწყობა ევალებოდა. საუკეთესო იარაღითა და უნიფორმებით მათ უზრუნველსაყოფად, ცალკეული კვლევითი ინსტიტუტები სპეცშეკვეთებზე მუშაობდნენ.

რუსეთში, „გრუ“-ს რაზმებს სხვა, მათთვის უჩვეულო ამოცანები დაევალათ, რადგან არმიის ბევრი სხვა ქვედანაყოფი ბრძოლებში მონაწილეობისთვის მზად არ აღმოჩნდა. ჩეჩნეთის ომის პირველ წლებში „გრუ“-ს სპეცრაზმი ხშირად საერთოსაჯარისო დაზვერვისთვის გამოიყენებოდა. გროზნოზე შტურმის დროს კი, სპეცდანიშნულების რაზმები შემტევ ჯგუფებში საერთო საფუძველზე შეიყვანეს.

.BBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ომის დროს, „გრუ“-ს რაზმები კვლავ ელიტარული დაზვერვის მებრძოლებისთვის უჩვეულო ამოცანების გადასაჭრელად გამოიყენება და ეს დამატებით დანაკარგებს იწვევს.

მსგავსი დასკვნის გაკეთება გამოქვეყნებული ნეკროლოგების საფუძველზეც შეიძლება. მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციით, „გრუ“-ს მაიორი ანდრეი კუნაკოვი მარიუპოლში „ქუჩის გაწმენდისას“ დაიღუპა“. აღებულ დასახლებულ პუნქტებში, როგორც წესი, ქუჩების შემოწმებას და „გაწმენდას“ „მეორე ეშელონის“ ქვედანაყოფები ახორციელებენ. ასეთ დავალებებზე ელიტური მზვერავების გამოყენება კი, სულ ცოტა, უცნაურია…

რუსეთის გვარდიის სპეცრაზმი

მშვიდობიან პერიოდში, რუსეთის გვარდიის ქვედანაყოფები, როგორც წესი, სპეციალიზირებულნი არიან დემონსტრაციების დარბევაში, ასევე კონკრეტული პირის ან მცირე შეიარაღებული ჯგუფების დასაკავებლად ჩასატარებელ ოპერაციებში.

ამის მიუხედავად, ეროვნული გვარდია უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ფრონტის ხაზზე გაგზავნეს. ცნობილია (1 სექტემბრის მდგომარეობით) ეროვნული გვარდიის 245 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ, მათი უმეტესობა განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფების (სპეცდანიშნულების რაზმი, სწრაფი რეაგირების რაზმი და ომონი) თანამშრომელია. თითქმის ყოველ მეოთხე მათგანს ოფიცრის წოდება ჰქონდა.

სულ ცოტა, 16 მათგანი განსაკუთრებით გამორჩეული ატრიბუტის, „ალისფერი ბერეტის“ („Краповый берет“) მფლობელია. რუსეთის გვარდიაში მიიჩნევენ, რომ ვინც ასეთი ბერეტის ტარების უფლების მიღების გზა გაიარა, სპეცრაზმის ელიტაში შედის.

რუსეთის არმიის სპეცრაზმელთა საფლავის ძეგლები ყაზანში

1 სექტემბრის მონაცემებით, პირადი შემადგენლობის უდიდესი დანაკარგი ყაზანის 25-ე სპეცდანიშნულების რაზმმა „ლეოპარდმა“ („Барс“) განიცადა. უკრაინაში მისი 10 მებრძოლი, მათ შორის, ორი ოფიცერი მოკლეს. ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე არსებული საფლავის ძეგლებით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინაში ექვსთვიანი ომის დროს რაზმმა იმდენი ადამიანი დაკარგა, რამდენიც ჩეჩნეთში შეიარაღებული კონფლიქტის 10 წლის განმავლობაში.

მსგავსი დანაკარგები აქვს სპეცდანიშნულების რაზმ „მერკურს“ ქალაქ სმოლენსკიდან. მცირე გამოძიებითაც კი BBC-მ შეძლო დაედასტურებინა რაზმის მინიმუმ 10 თანამშრომლის დაღუპვა.

28 ივლისს ვეტერანთა ორგანიზაციამ „ალისფერი ბერეტების საძმო -პენზა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის კადრებზე შეგიძლიათ იხილოთ 26-ე სპეცდანიშნულების რაზმ „მერკურის“ დისლოკაციის ადგილზე არსებული მემორიალური კუთხე. მაგიდაზე ჩანს შავი სამგლოვიარო ლენტით შემკული 18 სპეცრაზმელის ფოტო, გვერდით კი ორი მიხაკი დევს. BBC-ის პუბლიკაციის შემდეგ, ორიგინალური პოსტი წაშალეს, მაგრამ მისი ასლი ქსელში მაინც დარჩა.

ვიდეოს სტოპ-კადრების ღია წყაროების მონაცემებთან შედარებისას, BBC-მ შეძლო დაედასტურებინა 10 დაღუპული სპეცრაზმელის ვინაობა. მათ შორის არიან: უფროსი პროპორშიკი ალექსანდრე ვიშნიაკოვი, პროპორშიკი პაველ სტეპანენკო, სერჟანტი მაქსიმ ტრეგუბენკო, პროპორშიკი ვიტალი კასიანოვი, ეფრეიტორი იაროსლავ სიმაკოვი და სხვები.

ლეიტენანტ ნიკიტა ცვირენკოს შემთხვევაში მხოლოდ ის არის მითითებული, რომ რუსეთის გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმში შევიდა, მაგრამ რომელ ქალაქში – დაზუსტებული არ არის. BBC-მ დაადგინა, რომ 2021-2022 წლებში ნიკიტა ცვირენკომ სმოლენსკში, სადაც „მერკურია“ დაფუძნებული, ფეხბურთსა და სპორტულ ორიენტირებაში გასამართ შეჯიბრებებზე განაცხადი შეიტანა. მისი ფოტო და დაბადების თარიღი ემთხვევა გარდაცვლილი ოფიცრის გამოქვეყნებულ სურათს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ცვირენკოსთან ერთად დაიღუპა ამავე ქვედანაყოფის უფროსი ლეიტენანტი ანატოლი ეჟოვი.

18 სპეცრაზმელიდან („მერკურის“ სავარაუდო დანაკარგების 40%) რვის ფოტოს ამოცნობა ჯერ ვერ მოხერხდა.

ანალოგიურ ტენდენციას ვხედავთ რუსულ სასაფლაოებზე ვითარების შესწავლის დროსაც. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაღუპული რუსი სამხედროების საფლავების მონახულებისას, ვპოულობთ არა მხოლოდ მათ, ვისი გარდაცვალების ამბავიც საჯაროდ იყო გამოცხადებული, არამედ დაახლოებით იმდენივე და ზოგჯერ უფრო მეტი დაკრძალული ჯარისკაცისა და ოფიცრის საფლავს, რომელთა გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არც ხელისუფლებას, არც ადგილობრივი ჟურნალისტებს და არც ახლობლებს არ გაუვრცელებიათ.

ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დადასტურებული დანაკარგების სიაში, რომელსაც BBC აწარმოებს, შეიძლება სულ ცოტა 40-60%-ით ნაკლები ადამიანია შეყვანილი, ვიდრე რეალურად რუსეთშია დაკრძალული.

ასევე გვაქვს ინფორმაცია სპეცრაზმ „ვიტიაზის“ დანაკარგების შესახებ: სულ მცირე შვიდი დაღუპილი, მათ შორის – ორი ოფიცერი. ეს რაზმი პირველი სპეცდანაყოფი იყო შინაგან ჯარების შემადგენლობაში, ამიტომ იქ სამსახური განსაკუთრებით პრესტიჟულად მიიჩნეოდა და მებრძოლთა მომზადების სტანდარტები ყველაზე მაღალია.

ფედერალური უსაფრთხოების სამსახური და ფედერალური დაცვის სამსახური („ეფესბე“ და „ეფესო“)

ღია წყაროებიდან ცნობილია „ეფესბე“-სა და „ეფესო“-ს 20 თანამშრომლის ვინაობა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომში დაიღუპნენ. მათი უმეტესობა სასაზღვრო ჯარებში მსახურობდა, რომელიც „ეფესბე“-ს ექვემდებარება. თუმცა, დაღუპულთა შორის ყველაზე გასაიდუმლოებული ქვედანაყოფების ოფიცრებიც არიან.

რუსეთის სპეცსამსახურების ექსპერტის, ანდრეი სოლდატოვის თქმით, „ეფესბე“-ს სპეციალური დანიშნულების ცენტრი აქტიურად არის ჩართული უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე (მაგალითად, ხერსონში) ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში.

ცნობილია „ეფესბე“-ს ცენტრალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების ცენტრის ვიცე-პოლკოვნიკის, ნიკოლაი გორბანის გარდაცვალების შესახებაც. გარდა ამისა, კამჩატკას მედია „ეფესბე“-ს სპეცრაზმის ლეიტენანტის, პოლკოვნიკ სერგეი პრივალოვის დაღუპვის თაობაზე იტყობინება.

ზაფხულში, მოსკოვის ოლქში, ნიკოლო-არხანგელსკის სასაფლაოს „გმირთა ხეივანში“ პოლკოვნიკ ვლადიმერ მარგიევის საფლავი გამოჩნდა. კონკრეტულად სად მსახურობდა ეს ოფიცერი, უცნობია, მაგრამ ფოტოზე ის „ეფესებე“-ს ემბლემიან მუქ-ლურჯ ფორმაშია გამოწყობილი. ტრადიციის თანახმად, ამ ხეივანში ასაფლავებენ „ეფესბე“-ს სპეცრაზმ „ალფას“ და „ვიმპელის“ მეომრებს, ზოგჯერ კი – სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც.

„ეფესბე“-ს ვიცე-პოლკოვნიკი ალექსეი კრიუკოვი, რომელიც ომის პირველ დღეებში დაიღუპა, ეკატერინბურგის სასაფლაოზეა დაკრძალული. მის საფლავზე არის გვირგვინი „ეფესბე“-ს „A“ სამმართველოსგან, ხოლო სამგლოვიარო ფოტოზე – „ალფას“ რაზმის ლოგოტიპი. ივნისში გამოქვეყნდა ინფორმაცია „ალფას“ კაპიტნის, ილია ცუპრიკის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ შემდეგ გამოითქვა ვერსია, რომ ის შეიძლებოდა უფრო ადრე, სირიაში მოეკლათ.

თუ ყველა ეს ოფიცერი უკრაინაში მართლა დაიღუპა, ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა „ეფესბე“-ს სპეცრაზმისთვის. შედარებისთვის: სამზე მეტი თანამშრომელი „ალფამ“ ბოლოს 1995-1996 წლებში, ბუდიონოვსკსა და პერვომაისკზე შტურმის დროს დაკარგა.

საჰაერო-სადესანტო ჯარების საუკეთესო ნაწილები

ზოგიერთი მედესანტე, ვინც 2021 წელს წითელ მოედანზე საზეიმო მარშით გაიარა, 2022 წელს უკრაინასთან ომში დაიღუპა

მედესანტეები უკრაინის ომში დაღუპილი და იდენტიფიცირებული რუსი სამხედროების ზუსტად მეხუთედს შეადგენენ.

თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამოცდილ ქვედანაყოფს, რუსეთის არმიის ქვეით ფორმირებს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საომარ მოქმედებებში აქტიური მონაწილეობა არ მიუღიათ.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთოსაჯარისო ქვედანაყოფები არ იყვნენ მზად შეტევითი ოპერაციებისთვის. მცირე ნაწილი – კონცეპტუალურად, მძიმე ტექნიკის ნაკლებობის გამო, უფრო დიდი ნაწილი კი – ტექნიკურად, ახლო ბრძოლებში სასროლი იარაღის გამოყენების უუნარობის გამო“, – ამბობს გადამდგარი რუსი ოფიცერი ალექსანდრე არტიუნოვი.

ამის გამო, ომის პირველ პერიოდში ბრძოლის მთელი სიმძიმე საჰაერო-სადესანტო ჯარებს დააწვათ.

საჯარო ინფორმაციების მიხედვით, ყველაზე დიდი ზარალი საჰაერო-სადესანტო ძალების 331-ე გვარდიის კოსტრომის პოლკმა განიცადა. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, 80-ზე მეტი სამხედრო პირია მოკლული, მათ შორის – პოლკის მეთაური და კიდევ 20 ოფიცერი.

331-ე პოლკის მედესანტეები რუსული არმიის ერთ-ერთ უძლიერეს დანაყოფად მიიჩნეოდნენ. ისინი რეგულარულად იმარჯვებდნენ სხვადასხვა უწყებათაშორის კონკურსებში და 9 მაისს მოსკოვში, წითელი მოედნის რიყის ქვებზე მარშირებდნენ. პოლკის ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა თავი გამოიჩინეს ბალკანეთში რუსეთის არმიის ოპერაციებში, იბრძოდნენ ჩეჩნეთში, ასევე მონაწილეობდნენ 2014 წელს დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო ქმედებებში.

331-ე პოლკის ზოგიერთი დაღუპული მედესანტის ფოტო

მარტის დასაწყისში კიევის ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობა 331-ე პოლკის სამხედროებს ათობით სიცოცხლედ დაუჯდათ. რუსების უკან დახევის შემდეგ, ქვედანაყოფი მცირე ხნით ბელორუსში გადაიყვანეს. აპრილის დასაწყისში კოსტრომელმა მედესანტეებმა მონაწილეობა მიიღეს დონეცკის ოლქში იზიუმისთვის ბრძოლებში, ხოლო მაისში ისინი ლუგანსკის რეგიონში, ქალაქ პოპასნაიას მახლობლად გადაისროლეს.

იმ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გათვალისწინებით, რომელთა დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროვებულა, 331-ე პოლკის გარდაცვლილ მებრძოლთა რეალური რაოდენობა შეიძლება 150-მდე იყოს. თუ ამას დავუმატებთ დაჭრილთა სავარაუდო რაოდენობას (იმ გათვლით, რომ ყოველ ორ დაღუპულზე დაახლოებით შვიდი დაჭრილი მოდის), პოლკის დანაკარგი 650-670 ადამიანია. ეს კი ომის დაწყებისას 331-ე პოლკის სავარაუდო საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტია.

ასევე სერიოზული დანაკარგები განიცადა სტავროპოლის საჰაერო-სადესანტო ძალების 247-ე გვარდიის პოლკმა. ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, მან თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო სპეციალური ჯილდო „განსაკუთრებული ნდობისა და დამსახურების ნიშნად“. უკრაინაში საომარი მოქმედებების ექვსი თვის განმავლობაში სტავროპოლელმა მედესანტეებმა დაკარგეს 63 მებრძოლი, მათ შორის – პოლკის მეთაური და 12 სხვა ოფიცერი.

სტავროპოლის მოსახლეობა, სულ უფრო მეტი სამხედრო პირის დაღუპვის კვალობაზე და მედესანტეების ხსოვნის პატივსაცემად, წინადადებით გამოვიდა, მრავალი წლის წინათ დაარსებული „ხსოვნის ხეივანი“ კიდევ უფრო გაფართოებულიყო. მაგრამ საპასუხოდ, 247-ე პოლკის სარდლობამ, ამის ნაცვლად, თავისუფალ ადგილას ავტოსადგომის აშენების ნებართვა ითხოვა.

„გადაწყდა, რომ დაკმაყოფილდეს სამხედრო ნაწილის მოთხოვნა – მათ ახლა, როგორც არავის, აქვთ ამის უფლება“, – განაცხადა სტავროპოლის მერმა. მოსახლეობას კი დაპირდნენ, რომ უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის შექმნის საკითხს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულების შემდეგ განიხილავენ.

გაცილებით ნაკლებია ცნობილი საჰაერო-სადესანტო ძალების ყველაზე ელიტარულ რაზმის, 45-ე გვარდიის სპეციალური ძალების ბრიგადის დანაკარგების შესახებ, რომელიც მოსკოვის მახლობლად კუბინკაშია ბაზირებული. ღია წყაროების მეშვეობით, BBC-მ მოახერხა ამ ქვედანაყოფის 14 ჯარისკაცის გარდაცვალების დადასტურება. მათ შორის ერთი ოფიცერია. შედარებისთვის: სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების შვიდი წლის განმავლობაში ამ ბრიგადის მხოლოდ სამი ჯარისკაცის დაღუპვა დაფიქსირდა.

საზღვაო ქვეითები

რუსი საზღვაო ქვეითები, 2019-2021 წლებში, ათობით წვრთნაში მონაწილეობდნენ

უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფებიც. ისინი, ძირითადად, სამხრეთ ფრონტზე იბრძვიან.

საჯარო მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი დანაკარგი განიცადა 810-ე გვარდიულმა ბრიგადამ, რომელიც ანექსირებულ ყირიმშია დისლოცირებული. საზღვაო ქვეითებმა დაკარგეს არანაკლებ 56 მებრძოლი. მათ შორის, ბრიგადის ორი მეთაური: ალექსეი შაროვი მარტში დაიღუპა, ხოლო სერგეი კენსი, რომელმაც ის შეცვალა, ივლისში გარდაიცვალა.

ამ უკანასკნელის დაღუპვის პოსტის კომენტარებში, კენსის ნაცნობები წერენ, რომ „ჰოსპიტალამდე პოლკოვნის მიყვანა ვერ მოესწრო და ის გზაში დაიღუპა“. თუ ყველაფერი მართლაც ასეა, მაშინ ეს არის რუსული არმიის სერიოზული პრობლემების ნათელი ილუსტრაცია და ის თანამედროვე პერსონალური პირველადი დახმარების საშუალებების ნაკლებობასა და დაჭრილების ევაკუაციის ოპერატიული არხების არარსებობაზე მიუთითებს.

„პირველადი დახმარების ნაკრებით ჯარისკაცების აღჭურვა და ბრძოლის ველზე დაჭრილთათვის სწრაფი დახმარების გაწევის რეალური უნარ-ჩვევების სწავლება ომში დიდ როლს თამაშობს. ეს პირდაპირ აისახება დაღუპულთა და გადარჩენილთა რაოდენობაზე. რუსეთმა უკვე დაადგა ამ ფოცხს ფეხი ჩეჩნეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა დაჭრილების ევაკუაციის ეფექტური სისტემის შექმნას. როგორც ჩანს, მოსკოვმა არც ახლა გაითვალისწინა სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხებში დაშვებული შეცდომები“, – ამბობს სამეფო ინსტიტუტის თავდაცვის საკითხების მკვლევარი, პროფესორი სარა ეშბრიჯი.

აგვისტოში ბევრმა რუსმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა მიიღო პირველადი სამედიცინო დახმარების ახალი ნაკრები, რომლებიც მოხალისეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედროებისთვის შეგროვებული ფულით იყიდეს…

336-ე გვარდიულმა ბრიგადამ დაკარგა 40 საზღვაო ქვეითი, მათ შორის ბრიგადის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკის წოდებით და ბრიგადის პოლიტიკური ხელმძღვანელის მოადგილე (замполит), ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით.

ასევე ცნობილი გახდა ინფორმაცია 155-ე გვარდიის ბრიგადის 52 დაღუპულის შესახებ, მათ შორის რვა ოფიცერია.

სამხედრო პილოტები

BBC-ს, 1 სექტემბრის მონაცემებით, აქვს ინფორმაცია 67 რუსი სამხედრო მფრინავის შესახებ, რომლებიც უკრაინაში ომის დროს დაიღუპნენ (მათ შორის, შტურმანები და ბორტმექანიკოსები).

ეს დანაკარგის განსაკუთრებული კატეგორიაა, რადგან საბრძოლო თვითმფრინავების და ვერტმფრენების ეკიპაჟები ერთეული სპეციალისტები არიან და მსოფლიოს ნებისმიერი არმიაში ელიტას წარმოადგენენ. ერთი სნაიპერი-პილოტის მომზადებას შეიძლება 15-17 წელი დასჭირდეს და 12-14 მილიონი დოლარი ჯდება.

ასობით თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი მრავალფუნქციური გამანადგურებლისა და გამანადგურებელ-ბომბდამშენის ფორმალურად არსებობის მიუხედავად, ექსპერტების თქმით, რუსეთის საჰაერო ძალებმა ვერ შეძლეს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევითი კამპანიის ჩატარება. გამორიცხული არ არის, ეს ომის პირველ თვეებში წამყვანი სამხედრო მფრინავების დაკარგვით იყოს გამოწვეული.

„რუსი მფრინავების რაოდენობა, რომლებსაც აქვთ მრავალფუნქციური გამანადგურებლების პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის საჭირო უნარები და გამოცდილება, ძალიან შეზღუდულია“, – აცხადებს სამეფო ინსტიტუტის თავდაცვის საკითხების კვლევების უფროსი ანალიტიკოსი ჯასტინ ბრონკი.

„ბევრი რუსი პილოტი წელიწადში დაახლოებით 80 საათს დაფრინავს. ეს საკმარისი არ არის მათზე დაკისრებული პირველხარისხოვანი როლის სათანადოდ შესასრულებლად“, – დასძენს ის.

მფრინავებს შორის დანაკარგების შესახებ მონაცემები შეიძლება იყოს ექსპერტის სიტყვების არაპირდაპირი დადასტურება. დაღუპული მფრინავიდან, სულ ცოტა, ხუთი 50 წელზე მეტი ასაკისაა. ზოგიერთი მათგანი პენსიაზე რამდენიმე წლის წინ უნდა გასულიყო. საბრძოლო ფრენებში მათი მონაწილეობა შეიძლება იყოს კვალიფიციური და მოტივირებული ახალგაზრდა თაობის პილოტების ნაკლებობის მტკიცებულება.

ომის პირველ კვირებში ათობით გამოცდილი რუსი მფრინავი ჩამოაგდეს. მაგალითად, ტრანსბაიკალის საავიაციო პოლკის მეთაური პირველივე საბრძოლო გაფრენის დროს დაიღუპა. საქართველოსა და სირიაში ომების გამოცდილების მქონე ავიაციის მეთაური 8 მარტს ფრენიდან აღარ დაბრუნებულა.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, მრავალი წლის განმავლობაში რუსეთში სამხედრო მფრინავების მომზადების პროგრამა მკაცრ და წინასწარ დამტკიცებულ გეგმას მიჰყვებოდა, რომლის მიზანიც მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე შთაბეჭდილების მოხდენა იყო.

ასეთ სისტემას შეეძლო ინიციატივის ჩახშობა გამოეწვია და ნამდვილად არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სწრაფად მიღების უნარების ჩამოყალიბებას. ამან შეიძლება შეაფერხოს რუსული სამხედრო ავიაციის ახალგაზრდა ეკიპაჟების საბრძოლო უნარების განვითარება.

„ძნელია იმის თქმა, თუ როგორ მოქმედებენ რუსი მფრინავები საბრძოლო ფრენის დროს, რადგან ასეთი ინფორმაცია ღია არ არის. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ და ვიცით, არის ის, რომ რუსული თვითმფრინავები იშვიათად შედიან ღრმად უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უკრაინის საჰაერო სარაკეტო თავდაცვის სისტემის ეფექტურობის გამო“, – აცხადებს ჯასტინ ბრონკი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით