მოწოდებული ინფორმაცია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, რუსულ სახელმწიფო ტელევიზიაში გამოსვლისას, აღნიშნა, რომ „რუსეთი პირველი არასდროს, არავის დასხმია თავს და ამდენი კონფლიქტის გადამტანს, არც კი სურს წარმოთქვას სიტყვა „ომი“.

„მოგიწოდებთ, გაიხსენოთ ისტორია. თუმცა, ასე ვთქვათ, მათთან, დასავლეთში, როგორც ჩვენ ცოტა ხნის წინ დავრწმუნდით, ისტორიაში არც თუ კარგად აქვთ საქმე, მაგრამ შევახსენებთ, რომ რუსეთი, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, არასოდეს არავის დასხმია თავს“, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.

გადამოწმებული: 1tv.ge

დიმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებული განცხადება PolitiFact-მა შეისწავლა. ფაქტების გადამოწმების პორტალმა რამოდენიმე ისტორიკოსი ჩაწერა, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ნათქვამს „სიყალბე“ უწოდეს, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამხედრო ისტორიკოსმა დევიდ სიბლიმ კი პესკოვის განცხადება „ტოტალურ სიყალბედ“ მოიხსენია.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, რუსეთის ისტორიის სპეციალისტმა ფეის ჰილისმა განცხადებას „უსაფუძვლო“ უწოდა და ამავდროულად, აღნიშნა, რომ „მსგავსი ნარატივი ნაცნობია, რადგან ის ხშირად მეორდებოდა საბჭოთა კავშირის დროინდელ სახელმძღვანელოებში“.  მან ასევე დასძინა რომ XVIII-XIX საუკუნეებში რუსეთი თავს დაესხა და საკუთარ დაქვემდებარებაში შეიყვანა მრავალი ერი, და თითქმის ყოველთვის ასეთ ქმედებას ამართლებდა „რუსეთის საჭიროებით, დაეცვა საკუთარი თავი ან სხვა ერები“.

ფაქტების გადამოწმების პორტალმა ის ისტორიული მოვლენებიც გაიხსენა, როდესაც რუსეთი ან საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ამა თუ იმ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ან/და მისი ანექსირება მოახდინა.

მაგალითები 1917 წლამდე

  • ლივონიის ომი. 1558 წელს, ივან IV ლივონიაში (ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დღევანდელ ესტონეთს უკავია) შეიჭრა, რამაც სათავე დაუდო ომს, რომელიც სამი ათწლეულის მანძილზე გაგრძელდა და მასში რუსეთი, პოლონეთი, ლიეტუვა და შვედეთი იყვნენ ჩართულები.
  • ჩრდილოეთის ომი. 1700 წელს, პეტრე I-მა, მოკავშირეებთან ერთად, შვედეთის დასუსტება და რეგიონში მისი დომინირების დასრულება გადაწყვიტა. ოცწლიანი ომის დასაწყისში რუსულმა ჯარებმა ესტონურ ქალაქ ნარვას შემოარტყეს ალყა.
  • ყირიმის ანექსირება. მე-18 საუკუნის 70-იან წლებში, ყირიმი სიმბოლურად დამოუკიდებელი იყო, მაგრამ მის მთავარ პორტებს რუსეთი აკონტროლებდა. იმპერატორმა ეკატერინე II-მ სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა და მთლიანი ნახევარკუნძული დაიკავა. რუსეთმა, ყირიმის ფორმალური ანექსირება 1783 წელს მოახდინა.
  • პოლონეთის დანაწილება. 1791 წელს, პოლონეთმა ახალი, ლიბერალური კონსტიტუცია მიიღო. ტაგროვიკის კონფედერაციამ კი რუსეთს ქვეყანაში შეჭრა და ძველი კონსტიტუციის აღდგენა თხოვა. რუსეთმა წინადადება მიიღო და პოლონეთთან ერთად, უკრაინის დასავლეთ ტერიტორიის და ლიტვა-ბელორუსიის ტერიტორიებიც მიიტაცა.

მაგალითები საბჭოთა კავშირის დროიდან

რუსი სამხედროები საბჭოთა კავშირის შექმნისთანავე ჩაერთნენ სხვადასხვა სამხედრო კამპანიაში, მაგრამ ისტორიკოსების თქმით, ადრეული კამპანიების ქრონოლოგია და გარემო-პირობები სადავო და ბუნდოვანია. ამასთან, ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული, მაგალითების დაზუსტება შესაძლებელია.

პოლონეთში შეჭრა. მეორე მსოფლიოს ომის ოფიციალურად დაწყებამდე, რუსეთმა და გერმანიამ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს მოაწერეს ხელი, რომელიც გერმანიას და საბჭოთა კავშირს პოლონეთის ოკუპაციის და დანაწილების საშუალებას აძლევდა. ორი ქვეყანა პოლონეთში 1939 წლის სექტემბერში შეიჭრა.

რუსეთ-ფინეთის ომი. 1939 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით ნახევარი მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი შეიჭრა ფინეთში. შემდგომში ამ თავდასხმას „ზამთრის ომის“ დასაწყისი უწოდეს. მოულოდნელი თავდასხმა კრემლის შიშმა გამოიწვია. საბჭოთა მთავრობას ფინეთის გზით ნაცისტების თავდასხმის ეშინოდა, ამიტომ ისინი ფინეთისგან დაჟინებით მოითხოვდნენ, მიწების გაცვლას, რომელიც ფინეთის საზღვარს ლენინგრადისგან (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) შორს გადაწევდა. საბჭოთა კავშირის ამ მოთხოვნაზე ფინეთის მთავრობამ უარი განაცხადა, რაც ამ ქვეყანაზე თავდასხმის მიზეზი გახდა.

ბალტიისპირეთის ოკუპაცია. 1940 წელს, საბჭოთა კავშირმა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ულტიმატუმი წაუყენა. სამივე ქვეყანაში უპირობოდ უნდა შესულიყო საბჭოთა ჯარი და სათავეში პროსაბჭოთა მთავრობები უნდა მოსულიყვნენ. სამივე ქვეყნისგან უარყოფითი პასუხის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ყველა ქვეყანა დაიკავა და საკუთარი მთავრობები დასვა, რომლებმაც საბჭოთა კავშირში გაწევრიანებას დაუჭირეს მხარი.

ომი იაპონიის წინააღმდეგ. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, საბჭოთა კავშირმა იაპონიასთან დადებული ნეიტრალიტეტის პაქტი უგულებელყო და იაპონიის დაქვემდებარებაში მყოფ მანჯურიას აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შეუტია. ასევე დაიკავა კუნძული სახალინი.

უნგრეთში შეჭრა. 1956 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირის სატელიტ უნგრეთში განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. ამავე წლის ნოემბერში, ქვეყანაში საბჭოთა არმია შეიჭრა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები სიკვდილით დასაჯა, მათ შორის – ყოფილი პრემიერი იმრე ნადი.

„პრაღის გაზაფხულის“ დასრულება. 1968 წელს ჩეხოსლოვაკიამ ლიბერალური რეფორმები გაატარა. ამავე წლის აგვისტოში, ქვეყანა საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს და ქვეყანაში საბჭოთა ბატონობა აღადგინეს.

ავღანეთში შეჭრა. 1979 წლის დეკემბერში, პროსაბჭოური მთავრობის მხარდასაჭერად, საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა. საბჭოთა ჯარები ქვეყანაში 1989 წლამდე დარჩნენ.

მაგალითები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისი სამართალმემკვიდრის – რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიების ნაწილი, ტექნიკური მიზეზების გამო, PolitiFact-მა სიაში არ შეიყვანა.

სიაში მოხვდა მხოლოდ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსაცია.

თუმცა, მანამდე, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა, რომელსაც ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალები ჰყავდა, რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

ამასთან, ეს არ იყო რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის პირველი შემთხვევა.

– 1800 წლის 18 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ და მეფე გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ასვლის უფლება არავის მისცა. უკვე 1801 წლის იანვარში ქართლ-კახეთში ათი ათასი რუსი სამხედრო იყო მობილიზებული. ქართლ-კახეთის შემდეგ, რუსეთმა მოახდინა სხვა ქართული სამეფოების (იმერეთი, გურია, აფხაზეთი) ანექსია.

– 1921 წლის თებერვალში წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ასეთი ქმედებით დაირღვა საბჭოეთ–საქართველოს 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება…

როგორც ექსპერტები აცხადებენ, დიმიტრი პესკოვის განცხადება ეყრდნობა იმას, რომ სამხედრო თავდასხმა არ შეიძლება ჩაითვალოს აგრესიად, თუ მას რაიმე გამართლება აქვს და ეს გამართლება თუნდაც საფუძველს მოკლებული იყოს.

„იმპერიულ რუსეთს და საბჭთა კავშირს ექსპანსიის დიდი ისტორია აქვთ, მაგრამ, რუსეთის ისტორიაში ასეთი მაგალითები „განმათავისუფლებელი“ მაგალითების სახელითაა ცნობილი და არა „ანექსიის“ ან „თავდასხმის“ სახელწოდებით“, – აღნიშნავს სუზან ვენგლი, ნოტრდამის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ექსპერტი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომ „რუსეთი, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, არასოდეს არავის დასხმია თავს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით