მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 10 მარტს, თავის უკრაინელ კოლეგასთან თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „რუსეთი არ დასხმია თავს უკრაინას“.

„რუსეთი არ დასხმია თავს უკრაინას და არ გეგმავს სხვა ქვეყნებზე თავდასხმას. შეიქმნა პირდაპირი საფრთხე რუსეთისთვის. ჩვენ არავინ არ მოგვისმინა. პუტინმა ამაზე არაერთხელ განაცხადა. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებზე თავდასხმა თვეების განმავლობაში იგეგმებოდა“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

გადამოწმებული: 1tv.ge

უკრაინის სახელმწიფო საზღვართან დიდძალი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავის მიმართვაში განაცხადა, რომ დონბასისა და ლუგანსკის რეგიონების დაცვის მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ.

მან უკრაინელ ჯარისკაცებს „ანტიხალხური ხუნტის“ ბრძანებებების არშესრულებისა და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

პუტინის მიმართვიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში. მოგვიანებით ომმა კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო.

რუსეთის აგრესია მკაცრად დაგმო მსოფლიო თანამეგობრობამ.

  • 25 თებერვალს რუსეთს შეუჩერდა წარმომადგენლობის უფლება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში (PACE). ამ გადაწყვეტილებას საქართველომაც დაუჭირა მხარი;
  •  2 მარტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე  მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია უკრაინაში რუსეთის შეჭრა. რეზოლუციას სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ 141-მა ქვეყანამ (მათ შორის, საქართველომ) დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 5 (ერითრეა, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ბელარუსი და რუსეთი) და 35-მა თავი შეიკავა;
  • რუსეთი გარიცხეს (ან წევრობა შეუჩერეს) სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციიდან.

გარდა ამისა, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა, უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, სხვადასხვა სანქცია დაუწესეს რუსეთის პოლიტიკური წარმომადგენლებს, აგრეთვე ბანკებსა და  სხვა ფინანსურ სტრუქტურებს.

ამასთან, რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად, გერმანიამ სერტიფიცირება შეუჩერა უკვე აშენებულ გაზსადენს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“.

გაერო-ს  მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე (10 მარტამდე), სულ მცირე, 516 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 908 ადამიანი დაშავდა. ამასთან, ომის დაწყებიდან განვლილ ორ კვირაში, 2 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა თავისი სამშობლო და საზღვარგარეთ (პოლონეთი, უნგრეთი, მოლდოვა და სხვა) შეაფარა თავი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ „რუსეთი არ დასხმია თავს უკრაინას“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით