

მოწოდებული ინფორმაცია
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, როგორც სოციალურ, ისე ტრადიციულ მედიაში, განსხვავებული მონაცემები ვრცელდება მხარეთა დანაკარგების შესახებ.
2022 წლის 28 ივლისს, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „უკრაინაში რუსების დანაკარგებმა 75 ათასს გადააჭარბა“. სახელდება სხვა ციფრებიც…
შედარებით მწირია ინფორმაცია უკრაინული მხარის დანაკარგების შესახებ.
„ანტიფეიკმა“ შეისწავლა ამერიკული, ბრიტანული და უკრაინული წყაროების მონაცემები რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლების დანაკარგებთან დაკავშირებით.
გადამოწმებული: 1tv.ge
CNN-ის მიხედვით, 27 ივლისს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან დახურული შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე კონგრესმენებს განუცხადეს, რომ დაზვერვის მონაცემების თანახმად, 24 თებერვლიდან დღემდე 75 000-მდე რუსი სამხედრო დაიჭრა ან გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ს შეიარაღების საკითხთა კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ელისა სლოტკინმა განუცხადა.
„ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ 75 000 რუსი დაიღუპა ან დაიჭრა, რაც უზარმაზარი რიცხვია. დიდი რესურსი იყო ჩადებული რუსეთის სახმელეთო ჯარებში და მათი 80 პროცენტი ძალაგამოცლილია“, – განაცხადა სლოტკინმა.
მანამდე, 20 ივლისს, CIA-ს დირექტორმა, უილიამ ბარნსმა აღნიშნა, რომ ომს 15000 რუსი სამხედრო შეეწირა და 45 000-მდე დაიჭრა. Economist-ის მიხედვით, დაღუპულებს და დაჭრილებს შორის თანაფარდობა 1:3-ზეა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოთვლების თანახმად, 28 ივლისის მონაცემებით, ომში 40,000-ზე მეტი რუსი მებრძოლი დაიღუპა, დაჭრილების სავარაუდო რიცხვად კი 98-117 ათასი სახელდება.
29 ივნისს, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა თქვა, რომ ომს უკვე 25 000 რუსი სამხედრო შეეწირა, 17 ივლისს კი ბრიტანელმა ადმირალმა BBC-ის განუცხადა, რომ რუსების რიგებში დაღუპულების და დაჭრილების საერთო რაოდენობა 50 000-მდეა.
რუსეთის ხელისუფლებას დაღუპული სამხედროების შესახებ ოფიციალური მონაცემები 25 მარტის შემდეგ არ გამოუქვეყნებია, ანუ, მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ომში 1 351 რუსი სამხედრო დაიღუპა…
ამერიკელი და დასავლელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტია, რადგან უკრაინელები ქვეყნის სამხრეთით ფართომასშტაბიან კონტრშეტევის წამოწყებას აპირებენ. ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელმა რიჩარდ მურმა განცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში რუსული შეტევები შესუსტდება, რადგან რუსეთის არმიას ადამიანური რესურსი ეწურება.
რაც შეეხება უკრაინული მხარის დანაკარგს, ამის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს.
12 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 16 დღეში 1 300 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო აპრილის შუა რიცხვებში, მან CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან 2 500-დან 3 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 10 ათასამდე უკრანელი სამხედრო კი დაიჭრა.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა BBC-ის განუცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 3 ივნისის მონაცემებით, დაახლოებით 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც ნიშნავს, რომ ომში ყოველდღიურად ქვეყანა დაახლოებით 100 სამხედროს კარგავს. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ Newsmax-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ფრონტზე ყოველდღიურად 60-დან 100-მდე უკრაინელი სამხედრო იღუპება, ყოველდღიურად დაჭრილთა რიცხვი კი დაახლოებით 500-ს აღწევს.
ერთი კვირის წინ, The Wall Street Journal-თან ინტერვიუში ზელენსკიმ უკვე იმ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ უკრაინელი ჯარისკაცების დანაკარგი ბოლო პერიოდში საგრძნობლად მცირდება.
„მაისში და ივნისში საბრძოლო მოქმედებების პიკში უკრაინა დღეში 100-დან 200-მდე ჯარისკაცს კარგავდა, ახლა დაღუპულთა რიცხვი დღეში 30-მდე შემცირდა, ხოლო დაშავებულების რაოდენობა 250-მდე“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინული მხარის სრული დანაკარგის ზუსტი რაოდენობა ძნელი დასადგენია. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის აპრილის შემდეგ, არც უკრაინულ მხარეს და არც დასავლეთის ქვეყნებს ზუსტი ციფრები არ დაუსახელებიათ. ბოლოს, უკრაინული არმიის დანაკარგებზე The New York Times-მა 19 აპრილს დაწერა. გამოცემის მიხედვით, უკრაინელი მაღალჩინოსნები შეერთებული შტატების მთავრობისთვის ზუსტი ციფრების მიწოდებისკენ თავს იკავებდნენ, მაგრამ ამერიკის სადაზვერვო სამსახურების გამოთვლით, ომმა 5,500-დან 11,000-მდე უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 18,000 დაიჭრა. გამოცემა აღნიშნავს, რომ არც ეს ციფრები ბოლომდე სწორი და ამდენად, ზუსტ ინფორმაციას არ წარმოადგენს.