„როგორ უნდა დამხრჩვალიყო 169 სმ სიმაღლის სპორტსმენი 247 სმ სიღრმის წყალში?“

მოწოდებული ინფორმაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცენტრი „ემპათიას“ დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა, „ტვ პირველის“  გადაცემა „დღის ამბებში“ გამოსვლისას, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე ისაუბრა და განაცხადა: „თუკი გიორგი შაქარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდება დაზიანებებით როგორც მსუბუქი, როგორც ეს პირველი ექსპერტიზის შემთხვევაში მოხდა, მაშინ ისმის კითხვა: თვითონ გაზომეს და იქ ყველაზე მაღალი სიმაღლე წყლის არის 2 მეტრა და ორმოცდაშვიდი სანტიმეტრი. როგორ უნდა დამხრჩვალიყო მეტრა და სამოცდაცხრა სამტიმეტრი სიმაღლის სპორტსმენი 2 მეტრა და 47 სანტიმეტრ წყალში? ეს ძალიან დიდ ეჭვს იწვევს“.

გადამოწმებული: 1tv.ge

დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „ანტიფეიკს“ განუცხადა: „ადამიანის დახრჩობა გაცილებით პატარა წყალშიც შეიძლება. ჩამოხრჩობის დროსაც ჰგონიათ, რომ ეს აუცილებლად დიდ სიმაღლეზე უნდა მოხდეს. არადა, ყოფილა შემთხვევა, რომ საწოლის თავზე ჩამოუხრჩვიათ თავი. ასევეა წყალში დახრჩობის შემთხვევაშიც. წყალში დახრჩობა ისეთ პატარა წყალშიც არის შესაძლებელი, ვერც კი წარმოიდგენთ – უბრალო ტაშტი რომ აავსოთ წყლით, იმაშიც კი შეიძლება თავის დახრჩობა… საერთოდ, გიორგი შაქარაშვილის საქმის შეფასებებისას, დროა, სიგიჟიდან  გამოვიდეთ. ასეთი უაზრო განცხადებები თუ შეგნებულად კეთდება, ეს ძალიან ცუდია და ვიღაცეებს ამისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ამ განცხადების ავტორს არა აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სერთიფიკატი, ის არაუფლებამოსილი პირია, რომელმაც ყველაფერი აწეწა. ამით ხდება საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება და მანიპულირება. ეს ძალიან ცუდია“.

დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტის ცენტრ „ვექტორის დირექტორის, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, მარიამ ჯიშკარიანის ეს განცხადება „აბსურდის თეატრია“.

„ქალა-ფუძის მოტეხილობაზე საუბრობს ეს ადამიანი, როდესაც მოტეხილობა არ არსებობს; თავის ტვინში სისხლჩაქცევაზე საუბრობს და – სისხლჩაქცევა არ არის… მოკლედ, აბსურდის თეატრია. 2,5 მეტრ წყალში კი არა, ნახევარი მეტრი სიღრმის წყალში შეიძლება დაიხრჩოს ადამიანი, თუ: შოკურ მდგომარეობაშია, თუ ცურვა არ იცის, თუ ემოციური მომენტია. ასევე გასათვალისწინებელია წყლის ფსკერის გრუნტის შემადგენლობა, ქვები და ათასი რამე შეიძლება იყოს ისეთი, რომ ფეხზე ვერ დადგეს ადამიანი, არ უნდა დაგვავიწყდეს მდინარის წყლის დინების სიჩქარის ფაქტორიც… დასახრჩობად სულაც არ არის საჭირო, რომ წყლის სიღრმე ორმეტრნახევარი იყოს. გიორგი შაქარაშვილი მდინარეში რომ არ მოხვედრილიყო, ის დღესაც ცოცხალი იქნებოდა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, – აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცენტრი „ემპათიას“ დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადება („როგორ უნდა დამხრჩვალიყო მეტრა და სამოცდაცხრა სამტიმეტრი სიმაღლის სპორტსმენი 2 მეტრა და 47 სანტიმეტრ წყალში?“) არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით