მოწოდებული ინფორმაცია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თავის გარემოცვასთან ერთად, უზარმაზარი ქონების მფლობელია. ამის შესახებ ბევრს წერენ როგორც რუსი, ისე უცხოელი ჟურნალისტები. თუმცა, ამ ქონების ზუსტ ოდენობას ვერავინ ასახელებს, რადგან მისი დადგენისთვის საჭირო გზები კრემლს გადაკეტილი და გასაიდუმლოებული აქვს.

მიუხედავად ამისა, გამოცემა „პროექტმედიას“ ჟურნალისტებმა ბევრ რამეს ახადეს ფარდა. მათ დაადგინეს ის სქემები და კავშირები, რომლითაც მოხერხდა ქვეყნის კუთვნილი უზარმაზარი ქონებისა და სიმდიდრის გადაქაჩვა პუტინისა და მასთან დაკავშირებული გარემოცვის წევრთა ჯიბეებში.

„ანტიფეიკი“ გთავაზობთ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს, რომელიც, რეალურ ფაქტებსა და ისტორიებზე დაყრდნობით, ნათლად აჩვენებს, როგორ დააგროვა სიმდიდრე რუსეთის პრეზიდენტმა და მისი ნდობით აღჭურვილვა რამდენიმე პერსონამ.

გადამოწმებული: 1tv.ge

მომხვეჭელები

15 წელზე მეტია,  რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცერთა ჯგუფი საიდუმლო ბიზნეს-დავალებას ასრულებს: იუკოს-ის (ЮКОС – რუსული სანავთობო კომპანია) ქონების გაყოფიდან დაწყებული, „გაზპრომის“ ყველაზე პერსპექტიული აქციების შეძენით დამთავრებული. ამ „ოქროს პოლკოვნიკების“ მიერ მოხვეჭილი მდიდრული ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი „გაზპრომის“ ხელმძღვანელის,  ალექსეი მილერის სარგებლობაშია.

„გაზპრომი“ უფრო მეტია, ვიდრე სააქციო საზოგადოება. ქვეყნის მთელი ეკონომიკა დიდწილად გაზის ინდუსტრიაზეა დაფუძნებული“, – პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს სიტყვები მისი პირველი არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, 2001 წლის მაისში წარმოსთქვა, როდესაც გაზის მონოპოლისტების გუნდს კომპანიის ხელმძღვანელად თავისი ნდობით აღჭურვილი პირის, ალექსეი მილერის დანიშვნა აუწყა. ეს ფრაზა სიმართლეს წარმოადგენდა ყველა გაგებით, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რისი დამალვაც პუტინისთვის სასურველი იყო. მისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან „გაზპრომი“ გახდა უფრო მეტი, ვიდრე სახელმწიფო კომპანია. ის იქცა თავად პუტინისა და მისი გარემოცვის, მათ შორის უშიშროების სამსახურების წრეებიდან გამოსულთა პირადი სიმდიდრის წყაროდ.

არასახალხო მონაპოვარი

ყველაფერი სახელმწიფოსთვის სარგებელის მოტანის შესახებ სიტყვებით დაიწყო. პრეზიდენტმა მილერს განუცხადა, რომ მისი მიზანი გაზის მონოპოლიაზე სახელმწიფოს მიერ კონტროლის დაბრუნება იყო. 2000 წლისთვის სახელმწიფოს კომპანიების მხოლოდ 40 პროცენტი ეკუთვნოდა, ამასთან, ამ პაკეტის 35 პროცენტი რემ ვიახირევის მმართველობის ქვეშ იყო. ახლადარჩეული პრეზიდენტი და „გაზპრომის“ ახალი ხელმძღვანელი საქმეს კომპანიაზე პირადი კონტროლის დამყარებით შეუდგნენ. „გაზპრომის“ ყოფილი მენეჯმენტი ერთ წელიწადში გაიწმინდა. „ახალი მეფე ერთობ საინტერესო კითხვებს მისვამდა. მე კი ვეუბნებოდი: თუ მე ჩემს ადგილზე არ ვარ, მაშინ ახლავე შემიძლია წავიდე. როდესაც პუტინმა გაიგო, რომ ადვილად წავიდოდი, ისე გაუხარდა, რომ ჩემი თანდასწრებით შეუდგა ტელეფონზე რეკვას ორდენის გამოწერის თაობაზე“, – იხსენებს თავის ბოლო ინტერვიუში „გაზპრომის“ წინა ხელმძღვანელი რემ ვიახირევი.


მარჯვნიდან მარცხნივ: პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, დმიტრი მედვედევი, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, „გაზპრომის“ მმართველობის ახალი ხელმძღვანელი ალექსეი მილერი და კომპანიის ძველი ხელმძღვანელი რემ ვიახირევი. 2001 წელი

ვიახირევზე უფრო ადრე, კომპანიის დატოვება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ჩერნომირდინს მოსთხოვეს, რომელიც დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად მუშაობდა. 2000 წელს პუტინმა ის იმდროისთვის ნაკლებად ცნობილი სანქტ-პეტერბურგელი ადვოკატით, დმიტრი მედვედევით შეცვალა. მილერის დანიშვნიდან ერთი წლის განმავლობაში, ელცინის ეპოქაში დაწინაურებული 11 პირიდან ცხრა „გაზპრომის“ ხელმძღვანელობიდან გააძევეს, ერთი მათგანი კი, გარკვეული დროით, წინასწარი დაკავების იზოლატორშიც კი აღმოჩნდა. ვაკანტური თანამდებობები პუტინისა და მილერის სანკტ-პეტერბურგელმა და სპეცსამსახურისდროინდელმა ნაცნობებმა დაიკავეს, მათვე დაევალათ გაზის გიგანტის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელობა.

პუტინის ხალხი „გაზპრომში“

2005 წლისთვის „გაზპრომზე“ კონტროლი, ფორმალურად, სახელმწიფოს დაუბრუნდა, თუმცა, მხოლოდ იმისთვის, რომ გაზის მონოპოლისტის მსუყე აქტივები მალე პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანების განკარგულებაში გადაქაჩულიყო.

როგორ გადავიდა „სიბური“ პუტინის მეგობრებისა და სანათესავოს ხელში

რუსეთის უმსხვილესი ქიმიური კომპანია „სიბური“ ოდესღაც გაზის გიგანტის ნაწილი იყო, მაგრამ 2002 წელს მისმა პრეზიდენტმა იაკოვ გოლდოვსკიმ სცადა თავისი ბიზნესი „გაზპრომის“ კონტროლიდან გამოეყვანა. გოლდოვსკი პირდაპირ მილერის მოსაცდელ ოთახში დააკავეს, „სიბური“ „გაზპრომში“ დააბრუნეს, გოლდოვსკი კი, წინასწარი დაკავების იზოლატორში გარკვეული დროის გატარების შემდეგ, საზღვარგარეთ გაემგზავრა. უკვე 2007 წელს, „სიბურის“ მფლობელებმა „გაზპრომი“დატოვეს, ხოლო კომპანიის აქციები „გაზპრომბანკს“ მიყიდეს, რომელმაც, თავის მხრივ, „სიბური“ დაუთმო კერძო აქციონერთა ჯგუფს, რომელთა შორის იყვნენ ლეონიდ მიხელსონი, პუტინის მეგობარი გენადი ტიმჩენკო, პრეზიდენტის ყოფილი სიძე კირილ შამალოვი.

როგორ აღმოჩნდა „სტროიტრანსგაზი“ პუტინის მეგობრის ხელში

„სტროიტრანსგაზი“ 1990 წელს „გაზპრომის“ ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის დაარსდა. 90-იან წლებში „გაზპრომი“ უზრუნველყოფდა „სტროიტრანსგაზის“ შეკვეთების 80 პროცენტს. კომპანიის მთავარი აქციონერები იყვნენ „გაზპრომის“ ხელმძღვანელის, რემ ვიახირევისა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ჩერნომირდინის შვილები. „გაზპრომის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან ვიახერევის გადაყენების შემდეგ, ბლოკირების უფლების მიმნიჭებელი აქციების პაკეტი, „გაზპრომის“ ინტერესებიდან გამომდინარე, ალიშერ უსმანოვმა გამოისყიდა. მაშინ უსმანოვმა განაცხადა, რომ ამ გარიგებაში მას არანაირი ინტერესი არ ჰქონდა და ეს ნაბიჯი „გაზპრომის“ ინტერესებიდან გამომდინარე გადადგა. თუმცა, 2007 წლის დეკემბერში კომპანიაზე კონტროლი პუტინის მეგობრის, გენადი ტიმჩენკოს ბიზნეს-სტრუქტურებმა მოიპოვეს.

როგორ გადაეცა „სოგაზი“ პუტინის მეგობრებსა და ნათესავებს

„სოგაზი“ რუსეთში უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც 1993 წელს „გაზპრომის“ მიერ თავისი თანამშრომლების მომსახურებისთვის დაარსდა. 2004 წლიდან დაწყებული, „გაზპრომმა“ „სოგაზის“ აქციების 50 პროცენტი, რამდენიმე ეტაპად, ბანკ „როსიასთან“ დაკავშირებულ სტრუქტურებს დაუთმო, რომლის აქციონერები არიან პუტინის სანქტ-პეტერბურგელი მეგობრები და მეგობარი ქალი სვეტლანა კრივონოგიხი. 2020 წლის მონაცემებით, „სოგაზის“ აქციონერები იყვნენ ტატიანა და იური კოვალჩუკები, პრეზიდენტის ნათესავი მიხაილ შელომოვი, თავად „გაზპრომი“ და პუტინის წრესთან დაკავშირებული რამდენიმე პირი.

როგორ გადაეცა „სტროიგაზმონტაჟი“ პუტინის სხვა მეგობარს

2008 წლის მაისში, არაპროფილური აქტივების თავიდან მოშორების პროგრამის ფარგლებში, „გაზპრომმა“ გასაყიდად გამოიტანა ხუთი კონტრაქტორი ორგანიზაციის საკონტროლო პაკეტი. ეს ორგანიზაციები იყო: „ლენგაზსპეცსტროი“, „კრასნოდარგაზსტროი“, „სპეცგაზრემსტროი“, „ვოლგოგრადნეფტემაში“ და „ვოლგოგაზი“. კომპანიები პუტინის მეგობარმა, არკადი როტენბერგმა იყიდა და ერთი იურიდიული პირის, „სტროიგაზმონტაჟის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდა.

როგორ გადავიდა „გაზფონდი“ და მასთან ერთად „გაზპრომბანკის“ ნაწილი პუტინის მეგობრებისა და ნათესავების ხელში

„გაზპრომბანკი“ „გაზპრომის“ მიერ 1990 წელს დაარსდა. 2007 წელს ბანკს გამოუჩნდა ახალი აქციონერი – „გაზფონდი“, ყველაზე დიდი სახსრების მქონე არასახელმწიფო საპენსიო ფონდი. ბანკის აქციების 50%+1 მიღებული იქნა „გაზფონდის“ კუთვნილი „მოსენერგოს“ აქციების პაკეტის სანაცვლოდ. თავად „გაზფონდზე“ კონტროლი „გაზპრომმა“ ჯერ კიდევ 2006 წელს დაკარგა. დამფუძნებლების შენატანი ბუნდოვანი იყო: რამდენიმე ანონიმურმა იურიდიულმა პირმა გააკეთა შენატანი და საპენსიო ფონდის დამფუძნებელთა შემადგენლობაში შევიდა. შემდგომში გაირკვა, რომ შემომტანები, ვის ხელშიც „გაზფონდის“ თითქმის 60 პროცენტი გადავიდა, „სოგაზი“ და ბანკ „როსიას“ მთავარ აქციონერთან, იური კოვალჩუკთან დაკავშირებული კომპანიები იყვნენ.

როგორ მიიღო პუტინისა და მილერის თანამშრომელმა  მართვაში „გაზპრომის“ ნავთობის ბიზნესი

2005 წლის სექტემბერში „გაზპრომმა“ რომან აბრამოვიჩისგან კომპანია „სიბნეფტის“ 75,5 პროცენტი იყიდა, რომელსაც მოგვიანებით „გაზპრომნეფტი“ ეწოდა. ზუსტად გაყიდვის წინ, „სიბნეფტის“ აქციების ფასმა 30%-ზე მეტით მოიმატა, რითაც გარიგების ღირებულება გაიზარდა და მან 13,091 მილიარდი დოლარი შეადგინა. ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ვლადიმირ მილოვის თქმით, ამ გარიგებით რუსეთის ბიუჯეტმა მინიმუმ 6,5 მილიარდი დოლარი დაკარგა, თავად გარიგება კი იყო აბრამოვიჩისთვის გადახდილი მადლობა იუკოს-ის საქმეში გაწეული დახმარებისთვის. „გაზპრომნეფტს“ სათავეში ჩაუდგა პუტინისა და მილერის კიდევ ერთი ნაცნობი, ალექსანდრე დიუკოვი. 90-იან წლებში ის მართავდა სანკტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალს და საზღვაო პორტს, რომელსაც იმ დროს პუტინის ნაცნობი „ავტორიტეტული ბიზნესმენი“ ილია ტრაბერი აკონტროლებდა. 1996 წელს ამავე პორტში საქმიანობდა მილერიც.

როგორ გადაეცა „გაზპრომ-მედია“ პუტინის მეგობრებსა და ახლობლებს

„გაზპრომ-მედია ჰოლდინგი“ 1998 წელს დაარსდა მასმედიაში არსებული იმ აქტივების მართვის მიზნით, რომელიც იმ დროს „გაზპრომს“ ეკუთვნოდა. 2001-2002 წლებში „გაზპრომ-მედიამ“, ვალების გამო, აქტივები წაართვა შერისხულ ოლიგარქ ვლადიმერ გუსინსკის. ახლა „გაზპრომ-მედია“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაჰოლდინგი ქვეყანაში. ის მართავს ტელეარხებს: NTV, TNT, MatchTV, TV-3 და „Пятница“, რადიოსადგურებს: Avtoradio, Humor FM, Relax FM, Energy, ტელესაპროდიუსერო ცენტრებს: Comedy Club და Good Story Media, საგამომცემლო სახლს „7 дней“, ვებ-გვერდებს Rutube-ს და Sportbox.ru-ს, კინოკომპანია Central Partnership-ს. ფაქტობრივად, „გაზპრომ-მედია“ ახლა „გაზპრომბანკის“ მიერ, მისი მეშვეობით კი – პუტინის მეგობრების  მიერ კონტროლდება.

ყველა ეს მეგა-გარიგება, ცხადია, „გაზპრომის“ ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე ვერ შედგებოდა. მილნერი თავისი უფროსისა და მისი მეგობრების ერთგულების პრინციპით მოქმედებდა თუ თავისი მატერიალური ინტერესიც გააჩნდა? ამ კითხვაზე რომ ვუპასუხოთ, სამ ისტორიას მოვყვებით.

ისტორია N1

როგორ შექმნა ალექსეი მილნერმა მეგაკომპანია საკუთარი თავის მომსახურებისთვის

პუტინის ეპოქის ყველა მილიარდერი არ იყო ძირძველი რუსი. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია წარმოშობით იორდანიელი არაბი ზიად მანასირი, რომელმაც თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა რუსეთში, სადაც ის საცხოვრებლად ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გადავიდა. 2013 წლის დასაწყისისთვის, თავისი კარიერის პიკში, მანასირის ქონება 2,5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული – და ყველაფერი ეს მოხერხებული იორდანიელის კომპანია „სტროიგაზკონსალტინგის“ (SGK) „გაზპრომთან“ კონტრაქტების წყალობით. როდესაც 90-იან წლებში მანასირმა ტიუმენის ოლქის გაზის ობიექტებზე დაიწყო საქმიანობა, ერთმანეთზე სამი ქურთუკი ეცვა და სიცივისგან თავს შარფით იფარავდა, მას „ჩრდილოეთებში“ მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. წარმატება ნაცნობობით მოვიდა. „თავიდან ის შიშველი იყო, როგორც ფალკონი, მაგრამ შემდეგ, თავისი შემსრულებლობით, მოწონება დაიმსახურა“, – ასე ახასიათებს მანასირს გაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც კარგად იცნობს მას. შემდეგ კი მანასირი გაიცნო ფეესბეს გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე გრიგორიევმა, რომელიც ის „ნაცნობი ხაზით მაღლა აიყვანა“.

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ გრიგორიევი. 70-იანი წლები

გრიგორიევი არის პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი კგბ-ში მუშაობის პერიოდიდან. ეს ოფიცერი ცნობილია დისიდენტების წინააღმდეგ მუშაობით, კერძოდ, ღვთისმსახური „მამა ალექსანდრეს“ საფარქვეშ თვალყურს ადევნებდა ეკლესიაში მოღვაწე „სხვაგვარად მოაზროვნეებს“, კურირებდა მომავალ პატრიარქ ალექსი II-ს, რომელსაც  ანგარიშებში კოდური სახელი „დროზდოვით“ იხსენიებდნენ. „თუ დიდ ხალხთან  ცხოვრება გინდა, გაზიარება, გაცემა უნდა შეგეძლოს“ – ეღიმება ჩვენს თანამოსაუბრეს, რომელიც კარგად იცნობს მანასირს.

და მანასირიც გასცემდა: მისი მზარდი ბიზნესის თანამფლობელი გახდა ორი საინტერესო ადამიანი – პუტინის ზემოთ ნახსენები მეგობრის ქალიშვილი ოლგა გრიგორიევა და ფეესბეს გენერალ-მაიორი ანატოლი ტკაჩუკი, რომლებმაც ერთად, არც მეტი, არც ნაკლები,  კომპანიის 35 პროცენტი მიიღეს. ტკაჩუკს, ისევე როგორც გრიგორიევას, გაზის ან სამშენებლო ინდუსტრიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ, მაგრამ საკმაოდ კონკრეტული ურთიერთობა გააჩნდათ დაზვერვის სამსახურთან. კგბ-ს სამხედრო კონტრდაზვერვის ოფიცრობის პერიოდში, ტკაჩუკი მუშაობდა საზღვარგარეთ, ხოლო 1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის  კატასტროფის ადგილზე მიავლინეს. იქ მან გადაამოწმა უცხოური სპეცსამსახურების მხრიდან შესაძლო ტერაქტის ვერსია.  მანასირთან ბიზნესის გარდა, ტკაჩუკი  მიიჩნევა  ნედლეულის არაერთი კომპანიის თანამფლობელად ან მენეჯერად – ასეთი კარიერა ლოგიკურად გამოიყურება „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მივლინებული თანამშრომლისთვის“. SGK-ის დატოვების შემდეგ, ტკაჩუკი გახდა ერთი შეხედვით შეუმჩნეველი „RFI ბანკის“ პრეზიდენტი. თუმცა, სწორედ ეს ფინანსური ორგანიზაცია გაეხვა  გრანდიოზულ სკანდალში გადახდის სისტემა Wirecard-სა და მის ხელმძღვანელ იან მარსალეკთან ერთად. ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან თანამშრომლობდა და  მას შემდეგ, რაც გერმანიაში მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რუსეთში ან ბელორუსში გაიქცა.

მანასირი საჭირო ხალხს არა მხოლოდ თავისი კომპანიის აქციებს აძლევდა, არამედ წლების განმავლობაში თავის სახელზე იფორმებდა „გაზპრომის“ ტოპ-მენეჯერებისთვის, პირველ რიგში, მილერისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების ობიექტებს.

„პროექტის“ შეფასებით, იორდანიელის და მასთან დაკავშირებული კომპანიის საკუთრებაშია „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული უძრავი ქონების არანაკლებ 10 ობიექტი, მათ შორის მილერჰოფის სასახლის კომპლექსი მოსკოვის რეგიონში, აგარაკი სოჭში „ლაურას“ სამთო-სათხილამურო კომპლექსთან ახლოს და მრავალი სხვა. მანვე ააშენა და მართავდა უძრავი ქონების ობიექტებს, რომლებიც განკუთვნილი იყო სახელმწიფოს პირველი პირებისთვის. სწორედ SGK-ს შეუკვეთეს პუტინის სასახლე გელენჯიკში, ხოლო მანასირის კომპანია Svod International სოჭში მართავდა სამთო-სათხილამურო კომპლექსს, სადაც პუტინს და დიმიტრი მედვედევს უყვართ სრიალი. ისე ჩანდა, თითქოს, მანასირს შეეძლო თავისი კეთილდღეობის მხრივ მშვიდად ყოფილიყო. მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც 2013 წელს მცირერიცხოვან სტუმართა შორის მოხვდა პუტინის ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვასა და ბიზნესმენ კირილ შამალოვის საიდუმლოდ გამართულ ქორწილში.

როგორ მოაწყო „გაზპრომმა“ პუტინის სათხილამურო დასვენება კავკასიაში და სისხლიანი აბანოები ალტაიში

თუმცა, 2013 წლიდან მანასირსა და „გაზპრომს“ შორის თბილი ურთიერთობა დასრულდა. „იდეოლოგიური განხეთქილება“, – ასე უწოდებს მომხდარს ჩვენი წყარო გაზის ინდუსტრიიდან, – „რაღაცის გაკეთება დაავალეს, მაგრამ მან გაკეთება არ ისურვა. ამის შემდეგ მან ყველაფერი ჩააბარა ქონების ინვენტარიზაციის სიის მიხედვით: ეს აქეთ, ეს იქით, ეს ამას, ეს იმას და… სულ ეს არის“. თუ შეისწავლით, ვის ხელში გადავიდა მანასირის აქტივები, ცხადი გახდება, ვის ეკუთვნოდა ისინი რეალურად მთელი ამ ხნის განმავლობაში.

ძვირადღირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია – მასში შედის სახლები და მიწის ნაკვეთები მოსკოვის ოლქსა და სოჭში, ბინები მოსკოვის ცენტრში და მილერჰოფის სასახლის კომპლექსის შენობები ისტრაზე. ეს სიმდიდრე გადაეცათ იურიდიულ პირებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სერგეი ტრეგუბთან. ბევრი ამ ობიექტით ახლა სარგებლობს პირადად მილერი და მისი მეუღლე მარინა იენტალცევა. მილერის მსგავსად, ენტალცევას კარიერა პეტერბურგის მერიაში დაიწყო, იქ ის იყო პუტინის მდივანი და ამ უკანასკნელის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ, სამუშაოდ გადავიდა კრემლში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სახელმწიფოს მეთაურის პროტოკოლს.

მანასირის შერისხვის შემდეგ, ტრეგუბმა მიიღო იორდანიელის არა მხოლოდ მდიდრული უძრავი ქონება, არამედ მისი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილიც. მანასირის მთავარი კომპანია „სტროიგაზკონსალტინგი“, მთელი რიგი კომბინაციების შემდეგ, 2018 წლიდან, ფორმალურად, ხდება „გაზპრომის“ ეგრეთ წოდებული „მეგაკონტრაქტორის“ ნაწილი, სახელწოდებით შპს „გაზსტროიპრომი“. შემდგომში “გაზპრომში“ შეიყვანეს ორი სხვა მსხვილი კონტრაქტორი, „სტროიტრანსგაზ როტენბერგი“ და „სტროიტრანსნეფტოგაზ ტიმჩენკო“. თავის დროზე თავად „გაზპრომის“ მიერ გასხვისებული აქტივების ხელახლა შემოერთება კი წარმოჩენილი იქნა, როგორც დანახარჯების შემცირების მცდელობა.

სინამდვილეში, ყველაფერი ეს ერთ დიდ თაღლითობას ჰგავს. ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც მანასირის „მემკვიდრეობას“ ნაწილდებოდა, SGK-ის თითქმის 75 პროცენტი  ტრეგუბსა და მის მფარველებთან დაკავშირებულ კომპანიებს ერგოთ. ესენია შპს Ankord, Intek Group და Legato. ამ ფირმებს იურიდიული პირების ჯაჭვის საშუალებით აკონტროლებდნენ ოფშორული კომპანიები, რომელთა ბენეფიციარიარად ახლა კიდევ ერთი ტრეგუბია მითითებული – სერგეის ნათესავი, ვადიმ ტრეგუბი.

ვადიმ ტრეგუბი (მარცხნივ)

2018 წელს დაიწყო SGC-ის აქტივების ნაწილის კომპანია „სფერას“ ქოლგის ქვეშ გადატანა. მანასირის ყოფილი ბიზნესის სწორედ ეს ნაწილი აღმოჩნდა 2019 წლისთვის „მეგაკონტრაქტორში“,  მაგრამ SGC მაინც განაგრძობდა არსებობას. ეს არის 23 კომპანია, რომელთა ჯამური საბალანსო ღირებულება დაახლოებით 746 მილიონი დოლარია. იურიდიული პირების ჯაჭვის მეშვეობით, ეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ბიზნესი ეკუთვნის ოფშორულ კომპანიებს, რომელთა საბოლოო ბენეფიციარიდ კვლავ ვადიმ ტრეგუბი რჩება.

SGK-ის ზოგიერთი კომპანია აგრძელებს საქმიანობას, მაგრამ ყველა არა. ამ კუთხით აღსანიშნავია კომპანია „გაზტექლიზინგი“, რომელიც კვლავ შოულობს ფულს სახელმწიფო კონტრაქტებით, სამშენებლო ტექნიკის, ნავთობტანკერების და თვითმფრინავების ლიზინგით. მაგალითად, სამი თვის წინ კომის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან 1,8 მილიარდი რუბლი გამოყო „გაზტექლიზინგის“ დავალიანების დასაფარად.

სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ადამიანი, რომელიც ფორმალურად ფლობდა მილერის უძრავ ქონებას, ახლაც აკონტროლებს ბიზნესს, რომელიც თითქოს „გაზპრომს“ უნდა შერწყმოდა.

რა ბედი ეწია  მანასირის ყოფილი აქტივების იმ ნაწილს, რომელიც საბოლოოდ მაინც „გაზსტროიპრომში“ აღმოჩნდა? ირკვევა, რომ ადამიანებმა, მათ შორის იმათაც, ვინც მილერის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება, ბიზნესი იმ სახელმწიფო კომპანიას მიჰყიდეს, რომელსაც ასევ ის (მილერი) ხელმძღვანელობს.

გარიგებით მიღებული თანხის ნაწილი – 34,4 მილიარდი რუბლი – კვიპროსულ კომპანია „რედენსი მენეჯმენტის“ (ამ კომპანიის სახელი კვლავ გამოჩნდება ჟურნალისტურ გამოძიებაში) ანგარიშზე აღმოჩნდა. ამ თანხის დიდი ნაწილი  „რედენსიმ“ უკვე გადასცა რუსულ ფირმებს „Владение-В“-ს и „Всенародный фермерский центр“-ს, რომლებიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ნომინალურად ფლობენ „გაზპრომის“ ხელმძღვანელის უძრავ ქონებას – სასახლეს სოფელ გრინფილდში და მილერჰოფს. გამოდის, რომ სახელმწიფო „მეგაკონტრაქტორის“ მიერ გადახდილი ფული, სხვა მიმართულებებთან ერთად, პუტინის ყოფილი მდივნისა და მდივანი ქალის მდიდრული ცხოვრების მოსაწყობადაც იხარჯებოდა.

თუმცა, თაღლითობა ამით არ მთავრდება. თუ გადავხედავთ „მეგაკონტრაქტორის“ საკუთრების სტრუქტურას, აღმოჩნდება, რომ მისი 26 პროცენტი ეკუთვნის ვინმე სერგეი ფურინს, რომელიც იზმაილოვოს ჩვეულებრივ კორპუსშია რეგისტრირებული. იქნებ, ესეც ფულის დაზოგვის მიზნით გაკეთდა, რისთვისაც თითქოს „მეგაკონტრაქტორი“ შეიქმნა? საეჭვოა. ფურინის შესახებ იმის ცოდნაც საკმარისია, რომ ის არის სერგეი ტრეგუბის და მისი ოჯახის წევრების პირადი მძღოლი.

სხვა სიტყვებით რომ ითქვას,  რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის, რომლის წლიური ბიუჯეტი 1,4 ტრილიონი რუბლია, დაბლოკვის უფლების მქონე აქციონერია მძღოლი, რომელსაც არავინ იცნობს.

იქნებ ტრეგუბი მსხვილი ბიზნესმენია, რომელიც დიდი ხანია წარმატებით არის ჩართული ინფრასტრუქტურის ბიზნესში? ესეც ასევე ნაკლებად სავარაუდოა. ტრეგუბს ისევე ცოტა რამ აკავშირებს ამ საქმესთან, როგორც გენერალ ტკაჩუკს. მაგრამ, ტკაჩუკის მსგავსად, ტრეგუბიც საფუძვლიანად არის დაკავშირებული დაზვერვასთან.

ტრეგუბი 80-იანი წლებიდან არის სამხედრო სამსახურში – ის, სავარაუდოდ, მსახურობდა ყაზახეთში სარი-შაგანის სასწავლო პოლიგონზე, სადაც საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემების ტესტირება ხდებოდა. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სსრკ-ს მეგობარ სირიის არაბთა რესპუბლიკაში, 90-იან წლებში იყო დამასკოში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე, დაკავებული იყო საჰაერო თავდაცვის საკითხებით. „მე მჯერა, რომ ყველა სამხედრო ატაშე დაკავშირებულია გრუ-სთან“, – ამბობს ტრეგუბის იმდროინდელი ამერიკელი კოლეგა, რიკ ფრანკონა. სამაგიეროდ, მცირე ტირაჟით გამოცემულ წიგნში – „აღმოსავლეთი ახლოსაა. იერუსალიმი წმინდაა“, –  აღმოსავლეთმცოდნე ლეონიდ მედვედკო ტრეგუბს იმ „პატიოსანი სამხედრო დაზვერვის ოფიცრებს“ შორის ასახელებს, რომლებიც „თავიანთ მოვალეობის ერთგულები არიან“.

სერგეი ტრეგუბის (მარცხნივ) ერთ-ერთიშვიათი ფოტო, რიკ ფრანკონასთან ერთად

„პროექტის“ ერთ-ერთი თანამოსაუბრე ტრეგუბს „ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში ყოფილ რეზიდენტს“ უწოდებს. დაზვერვაში სამსახური მან 1997 წელს, პოლკოვნიკზე არანაკლები წოდებით დაასრულა და 2006 წელს ბიზნესში საპასუხისმგებლო დავალებით გაამწესეს (იხ. შემდეგი თავი). ამის შემდეგ, მან სპეცსამსახურში თავისი კოლეგების ჯგუფთან ერთად, რომელიც, ალბათ, მისივენაირი „პატიოსანი სამხედრო დაზვერვის ოფიცრებისგან“ შედგებოდა, შექმნა არაკეთილსინდისიერი კომპანიების ფართო ქსელი, რომელიც თითქმის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიზნეს-აქტივებსა და ქონებას აკონტროლებდა. ამ აქტივების მნიშვნელოვან ნაწილს ტრეგუბი მილერის ოჯახის ინტერესებისკენ მიმართავს.

ზიად მანასირი კი ჩვენს ქვეყანას ჩამოეხსნა. მაგრამ რუსეთის ნაწილი, რომელშიც ის წარმატებული ბიზნესმენი იყო, მანასირმა თან წაიღო – სამშობლოში იორდანიელმა მოაწყო ვიკილანდის მამული, რომელიც საოცრად მოგვაგონებს მანასირის სასახლეს მოსკოვის მახლობლად სოფელ გრინფილდში. იმ სასახლეს, რომლის ფანჯრებიდან ალექსეი მილერის მდიდრული სასახლე ჩანს. მილერის მდიდრულ სასახლეს, რომელიც ყველაფრისმომცველი სერგეი ტრეგუბის ერთ-ერთი კომპანიის რეესტრშია ჩასმული.

ისტორია N2

როგორ აიღეს ჩეკისტებმა იუკოსი

იმის გასაგებად, თუ საიდან გამოჩნდნენ რუსულ ბიზნესში ტრეგუბი და მისი კოლეგები უსაფრთხოების სამსახურებიდან, აგრეთვე რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისინი, პუტინის მმართველობის საწყის პერიოდს უნდა დავუბრუნდეთ.

2003 წელს, იმ დროისთვის უმდიდრესმა რუსმა, მიხაილ ხადარკოვსკიმ პუტინს ტელეკამერების წინ განუცხადა ქვეყანაში მასშტაბური კორუფციის არსებობის შესახებ. საპასუხოდ, პუტინმა ხოდორკოვსკის და მის ნავთობკომპანია იუკოსს მკაცრი რეპრესიები დაატეხა. „იუკოსის საქმე“ 2000-იანი წლების ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური პროცესი გახდა – კომპანიის მფლობელები და მენეჯერები ან დააპატიმრეს, ან აიძულეს დაეტოვებინათ რუსეთი, იუკოსის ქონება კი სახელმწიფო კომპანიებმა მიიღეს. თუმცა, იუკოსის ქონების ნაწილი, როგორც ახლა ირკვევა, პუტინის გარემოცვაში მომუშავე კერძო პირებს გადაეცა.

მიხაილ ხადარკოვსკი და პლატონ ლებედევი მოსკოვის მეშანსკის სასამართლო პროცესზე. 2004 წელი

როდესაც იუკოსის მემკვიდრეობის ბედი წყდებოდა, „გაზპრომი“ დიდხანს მიიჩნეოდა მთავარ პრეტენდენტად. „როსნეფტი“, რომელმაც საბოლოოდ აქტივების უდიდესი ნაწილი მიიღო, მაშინ არ იყო ფავორიტი, იხსენებს კომპანიის ყოფილი აქციონერი ლეონიდ ნევზლინი. სქემა მას შემდეგ გადაათამაშეს, როდესაც იუკოსის დასავლელმა აქციონერებმა დაიწყეს სამართლებრივი ბრძოლა თავიანთი აქტივებისთვის და გაჩნდა საფრთხე, რომ „გაზპრომს“ შეიძლებოდა იურიდიული პრობლემები შექმნოდა. „გადავწყვიტეთ, არ შეგვეჭამა ქათამი, ანუ „გაზპრომი“, რომელიც ოქროს კვერცხებს დებს“, – ადასტურებს „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იგორ ვოლობუევი.

2006 წელს, იუკოსში გაკოტრების მენეჯმენტის დაწყებიდან მალევე, კომპანიაში დაინიშნა ახალი მენეჯერი – ჩვენთვის კარგად ნაცნობი სერგეი ტრეგუბი „ЮКОС ЭП“-ის и „ЮКОС-РМ“-ის დირექტორი გახდა.  იუკოსის ყოფილი წევრები, რომლებიც „პროექტმა“ გამოკითხა, ​​იხსენებენ ერთადერთ შეხვედრას მათ ახალ უფროსთან, რომლის დროსაც მან ყველა მათგანი გაათავისუფლა. „კომერსანტი“ მაშინ წერდა, რომ „ტრეგუბი მოქმედებდა, როგორც „სახელმწიფოდან მომზირალი“, რომელსაც „უმეფობის“ პერიოდში სახსრებისა და აქტივების გადინების შეზღუდვა დაევალა.

2007 წლის გაზაფხულზე დაიწყო იუკოსის აქტივების ნაწილის გაყიდვა. 18 ლოტიდან 9-ში „როსნეფტმა“ ან მასთან აფილირებულმა პირებმა გაიმარჯვეს. მაგრამ მე-13 ლოტში „როსნეფტმა“ აუქციონი წააგო უცნობი შპს „პრანასთან“, რომელიც ბელიზის ოფშორში იყო რეგისტრირებული. ყველასთვის უცნობმა „პრანამ“ლოტში 100 მილიარდი რუბლი (4 მილიარდი დოლარი) გადაიხადა, რომელიც არავინ იცის, საიდან მოიტანა. ჟურნალისტებს ძალიან აინტერესებდათ, ვისი ინტერესები იმალებოდა „პრანას“ უკან, მაგრამ მაშინ ეს არავის უღიარებია. ცოტა მოგვიანებით გაირკვა, რომ „პრანა“ ტრეგუბსა და მასთან დაკავშირებულ პირებს ეკუთვნოდათ.

აუქციონიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, „პრანამ“ „როსნეფტს“ მიყიდა ლოტის ერთ-ერთი მთავარი აქტივი – იუკოსის ცენტრალური ოფისის 22-სართულიანი შენობა დუბინინსკაიას ქუჩაზე. მცირე ხნის შემდეგ, „როსნეფტმა“ „გაზპრომს“ მიყიდა იუკოსის ყოფილი აქტივის – „ტომსკნეფტის“ ნახევარი. ტრანზაქციის თანხები საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთას – „პრანამ“ იუკოსის ოფისი დაახლოებით იმავე ფასად იყიდა, რაც „გაზპრომს“ „ტომსკნეფტის“ ნახევარი დაუჯდა.

წყარო, რომელიც ამ გარიგების გარემოებებს იცნობს, გამოთქვამს შემდეგ ვერსიას: „პრანა“ მოქმედებდა „გაზპრომის“ ინტერესებიდან გამომდინარე და შემდეგ შეძენილი აქტივი ტომსკში სამთო ბიზნესის ნახევარზე გაცვალა. სახელმწიფოს მხრიდან „იუკოსის საქმეში“ ჩართული პირი იხსენებს, რომ 2000-იანი წლების შუა პერიოდში ტრეგუბი არ მუშაობდა მილერზე და უფრო „მაღალის“ ინტერესებს ემსახურებოდა.  თანამოსაუბრემ შემდგომ დისკუსიაზე კატეგორიული უარი თქვა. წყარომ კი, რომელიც ახლოს იცნობდა მილერს, განაცხადა: „სპეცსამსახურები და იუკოსის ექსპროპრიაცია არ არის მილერის დონე, გადაწყვეტილებები უფრო მაღალ დონეზე მიიღებოდა“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაზვერვის პოლკოვნიკი, რუსეთის და უკრაინის მოქალაქე ტრეგუბი და მასთან დაკავშირებული განტოტილი ქსელი არა მარტო მართავს აქტივებს მილერის სასარგებლოდ, არამედ, უკვე 15 წელზე მეტია, ქვეყნის ხელმძღვანელის ფარულ დავალებებსაც ასრულებს.

იუკოსის აქტივების ნაწილი „პრანამ“ თავისთვის დაიტოვა და ის ძალიან უცნაურად გადაანაწილა. კერძოდ, იუკოსის მეორე ოფისი „პრანამ“        „სოგაზს“ დაუთმო, რომლის მესაკუთრეებშიც პრეზიდენტ პუტინის მეგობრები და ნათესავები ფიგურირებენ. ახლა იუკოსის ერთ-ერთ ყოფილ ოფისში „სოგაზის“ ოფისია განთავსებული, სადაც, მოსკოვში ჩამოსვლის დროს, პუტინის უახლოესი მეგობარი იური კოვალჩუკი მუშაობს. „სოგაზის“ ნაწილიც იმავე იდუმალ ჩეკისტებთან წავიდა.

ისტორია N3

როგორ მიიღო მილერთან დაკავშირებულმა ჩეკისტმა წილი რუსეთის უდიდეს სადაზღვევო ბიზნესში

ტრეგუბთან დაკავშირებულ პირებს შორის, რომლებიც იუკოსის მიტაცებულ ქონებას მართავდნენ, იყო ალექსანდრე სმირნოვიც. ის ჩეჩნეთის ომების მონაწილეა და ფეესბეს სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელის“ რიგებში მსახურობდა. 2000-იანი წლების დასაწყისში სმირნოვი თადარიგში გადავიდა და თავის ყოფილ კოლეგებთან ერთად შექმნა კომპანიების ჯგუფი, რომელთა სახელები უცვლელად შეიცავდა სიტყვა „ვიმპელს“. როგორც ბიზნესმენები თავიანთ ვებსაიტზე წერენ, ისინი სპეციალიზირებულნი არიან „კორპორატიული დავების გადაჭრასა და პრობლემურ აქტივებთან მუშაობაში“, „პროექტთან“ საუბრისას კი სმირნოვმა დააზუსტა, რომ „პრობლემური აქტივების“ გარდა,  მისი სპეციალოობა აგრთვე „უძრავი ქონება“.

გასაკვირი არ არის, რომ სმირნოვის პარტნიორი დიმიტრი ბაიკოვსკიც ვიმპილელია. 2008 წელს მან დააფუძნა დახურული სააქციო საზოგადოება „ოპუსი“, რომლის მეშვეობითაც, სმირნოვთან ერთად, ფლობს წილს შპს „ВНПА-Недвижимость“-ში, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს იუკოსის ოფისს ვორონეჟში…

მანქანის რეგისტრაციისას, ბაიკოვსკიმ თავის საცხოვრებელ მისამართად მიუთითა ფეესბეს სპეციალური დანიშნულების ცენტრის სამხედრო ნაწილი 35690 – ეს არის ვიმპელის ბაზა. ეს პიროვნება 2017 წლის ნოემბერში გახდა მცირე კომპანია „ორბიტა ექსპრესის“ დირექტორი და მთავარი აქციონერი. ამ კომპანიამ შეიძინა რუსეთის უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია „სოგაზ ჯგუფის“ 2,5%-იანი წილი. მას შემდეგ ბაიკოვსკის წილი „სოგაზში“ კიდევ უფრო გაიზარდა – ახლა ის ფლობს აქციების 5 პროცენტს, რომლის ღირებულება 28 მილიარდი რუბლია.

ვინმემ შეიძლება იფიქრო, რომ ბაიკოვსკი წარმატებული მეწარმეა. მაგრამ ამას, სხვა საკითხებთან ერთად, ხელს უშლის ის ფაქტი, რომ მისი პირადი მანქანა, 2005 წლის წლის გამოშვება Nissan X-Trail საბიუჯეტო სახსრებით იყო შეძენილი.

ვის წილებს ფლობს ბაიკოვსკი? „სოგაზმა“ და ბაიკოვსკიმ „პროექტის“ კითხვებს არ უპასუხეს, მაგრამ გარკვეულ მინიშნებას შეიცავს კვიპროსული კომპანია „რედენსი მენეჯმენტის“ ანგარიში. 2021 წლის დასაწყისში ამ კომპანიამ მიიღო წილი „სოგაზში“, რომელსაც ბაიკოვსკი აკონტროლებს, სანაცვლოდ კი ვიმპილელების კომპანიის ანგარიშებზე 3,5 მილიარდი რუბლი გადაირიცხა. კვიპროსული კომპანიის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „ორბიტას“ ეს თანხა სჭირდება იმ კომპანიების სესხების დასაფარად, რომლებსაც თავად ბაიკოვსკი, ისევე ტრეგუბი და სმირნოვი აკონტროლებენ. თავად „რედენსი მენეჯმენტის“ შესახებ კი საინტერესოა იმის ცოდნა, რომ მისი მფლობელია სერგეი ტრეგუბის ნათესავი, სახელად ვადიმი, რუსეთში  მილერჰოფის ქონებას ფლობს.

„ფორბის“ რეიტინგის უცნობი გმირი

სერგეი ტრეგუბი და მასთან დაკავშირებული ნომინალური მფლობელების ჯგუფი აკონტროლებს აქციებს და წილებს კომპანიებში, რომელთა ღირებულება სულ მცირე 2 მილიარდი დოლარია. მათ ხელთ არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონების გათვალისწინებით, ტრეგუბი და მისი ჯგუფი ფლობენ და მართავენ $3 მილიარდის აქტივებს.

„სტროიგაზკონსალტინგი“და მასთან დაკავშირებული კომპანიები, $750 მილიონი

ტრეგუბის კონტოლის ქვეშ არის თავად „სტროიგაზკონსალტინგი და მასთან დაკავშირებული კიდევ 22 კომპანია.

წილი „გაზსტროიპრომში, $660 მილიონი

კომპანიაში 26% ეკუთვნის შპს „MK-3“-ს, რომელიც რეგისტრირებულია ტრეგუბის მძღოლის, სერგეი ფურინის და ფირმა „პრანას“ ყოფილი დირექტორის, სერგეი ფილიმონოვის სახელზე.

„გაზპრომის“ და „სოგაზის“ აქციები, $522,4 მლნ

„რედენსი მენეჯმენტი“ ფლობს 2,6 მილიარდი რუბლის ღირებულების „გაზპრომის“ აქციებს  და 5%-იან წილს „სოგაზში“, რომლის სავარაუდო ფასი 28 მილიარდი რუბლია.

სადეპოზიტო ანგარიშები, $136,8 მლნ

2020 წლის ანგარიშის თანახმად, კვიპროსული კომპანია „რედენსი მენეჯმენტი“ რომლის დირექტორი მზვერავის ნათესავი ვადიმ ტრეგუბია, „გაზპრომის“ სადეპოზიტო ანგარიშზე 128 მილიონ ევროზე მეტს ინახავს,  რაც მიმდინარე კურსით დაახლოებით 8,7 მილიარდი რუბლი, ანუ თითქმის 137 მილიონი დოლარია.

სამშენებლო კომპანია „Гросс групп Ди“, $3.8 მილიონი

აღნიშნულია კომპანია ეკუთვნის კომპანია „Владение-В“- და სახელმწიფო კონტრაქტები აქვს გაფორმებული მოსკოვში საცხოვრებელი კორპუსების კაპიტალური რემონტის ფონდთან.

„პროექტის“ რედაქტორის თხოვნას საუბრის თაობაზე ვადიმ ტრეგუბმა არ უპასუხა. მისმა ბიძამ, დაზვერვის პოლკოვნიკმა სერგეი ტრეგუბმა კი მილერის აქტივებზე საუბრის შეთავაზებზე რედაქტორს გაოცების გამომხატველი სიმბოლიკა გამოუგზავნა, ხოლო შემდგომ კითხვებზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

* * *

2022 წლის დასაწყისში ალექსეი მილერი, რომელმაც ახლახან აღნიშნა 60 წლის იუბილე, რუსეთის შრომის გმირი გახდა. „სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე განსაკუთრებული შრომითი დამსახურებისთვის“, – ნათქვამია დაჯილდოვების შესახებ განკარგულებაში, რომელსაც ხელს აწერს პუტინი, ალბათ ერთადერთი რუსი, რომლის წინაშე მილერს ნამდვილად აქვს განსაკუთრებული დამსახურება.

პუტინმა მილერს შრომის გმირის წოდება მიანიჭა. 2022 წლის 2 თებერვალი

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით