„რეპრესიები ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებსაც ემუქრება - სოცდაუცველებს შიდა ქართლში დახმარება შეუწყვიტეს“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 13 დეკემბერს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „რეპრესიები ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებსაც ემუქრება – სოცდაუცველებს შიდა ქართლში დახმარება შეუწყვიტეს“.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში მცხოვრები ციალა მერებაშვილი ამბობს, სოციალური დახმარება მას მხოლოდ იმიტომ შეუწყვიტეს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღიად მხარდაჭერას არ ერიდებოდა.

ამ ისტორიასთან დაკავშირებით, „მთავარი არხის“ ვებ-გვერდზე  დაკავშირებით წერია: „ოპოზიციის მტკიცებით, ციალა მერებაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც ხელისუფლებისგან რეპრესიების მსხვერპლია. ნაციონალური მოძრაობის წევრი ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ “ოცნებამ” არჩევნებში გამარჯვება გაიფორმა და რეპრესიებზე გადავიდა.”

 

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკმა“ ციალა მერებაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაამოწმა. მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა გვითხრა, რომ ციალა მერებაშვილს 2019 წლის აგვისტოდან, ანუ არჩევნებამდე ერთი წლითა და ერთი თვით ადრე, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სოციალური დახმარება ფულადი დახმარების სახით იმის გამო შეუწყდა, რომ მას რამდენიმე თვის მანძილზე მაღალი კომუნალური გადასახადების გადახდა დაუფიქსირდა. ამდენად, ფულადი დახმარების შეჩერება არანაირად არ უკავშირდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

„მერებაშვილის ოჯახი, ქულათა ოდენობიდან გამომდინარე, 2020 წლის მაისიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით, სარგებლობდა ე.წ კოვიდის დახმარებით, ოჯახის ორ წევრზე, თვეში 90 ლარის ოდენობით. მთავრობის N286 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, 2021 წლის იანვრიდან, მერებაშვილის ოჯახს აღნიშნული დახმარება კიდევ ექვსი თვით გაუგრძელდება.

ამასთან, მერებაშვილის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ბოლო შეფასებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც მას უფლებას აძლევს, მიმართოს სოციალურ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს და მოითხოვოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი შეფასება“,- გვითხრა გიორგი წოწკოლაურმა.

ამდენად, „მთავარი არხის“ გავრცელებული ინფორმაცია („რეპრესიები ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებსაც ემუქრება – სოცდაუცველებს შიდა ქართლში დახმარება შეუწყვიტეს“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით