„რატომ შოულობს რუსეთი დღემდე უზარმაზარ ფულს ენერგორესურსების გაყიდვით და როგორ უნდა შეიცვალოს მდგომარეობა“
მოწოდებული ინფორმაცია
2022 წლის 5 დეკემბერს, ევროკავშირმა და „დიდმა შვიდეულმა“, რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის ფასზე, ლიმიტი დააწესეს, რომლის მიხედვითაც, 1 ბარელი რუსული ნავთობის შეძენა მხოლოდ 60 აშშ დოლარზე ნაკლებად შეიძლება, ხოლო ნედლი ნავთობის საზღვაო გზით ტრანსპორტირება ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებული რუსეთის შემოსავლები დეკემბერში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონეზე, 17%-ით დაეცა.
ბოლო პერიოდში 1 ბარელი რუსული Urals-ის ნავთობის ფასი 37,8 დოლარადე შემცირდა, რაც 60-დოლარიან სალიმიტო ფასზე საგრძნობლად ნაკლებია. თუმცა, იმისთვის, რომ რუსეთის ყოველდღიური მოგება კიდევ 100 მილიონი ევროთი შემცირდეს, საჭიროა ნავთობის ფასის სალიმიტო ზღვრის უფრო მეტად დაწევა.
„ანტიფეიკი“ გთავაზობთ გამოცემა eurointegration.com.ua-ს ანალიტიკურ მასალას იმის შესახებ, თუ კიდევ რა უნდა გაკეთდეს პუტინის „ომის მანქანის“ მუშაობის შესაფერხებლად.
გადამოწმებული: 1tv.ge
5 თებერვლის მოლოდინში
ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მონაცემებით, ევროკავშირის მიერ რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვამ და ფასზე ლიმიტის დაწესებამ უკვე გამოიწვია რუსეთიდან ნავთობის მიწოდების 12%-ით და გასაყიდი ფასის 23%-ით შემცირება. ამის გამო, ნავთობის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლები დეკემბერში მესამედით შემცირდა. დღეის მდგომარეობით, რუსეთის წიაღისეული საწვავის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტიდან მიღებული ყოველდღიური შემოსავლის სტრუქტურა ასეთია: 260 მილიონი ევრო მოდის ნედლი ნავთობის ექსპორტზე, 80 მილიონი ევრო – თხევად გაზზე, 80 მილიონი ევრო – ქვანახშირზე და 140 მილიონი ევრო – ნავთობპროდუქტებზე.
ეს უკანასკნელი მაჩვენებელი (ნავთობპროდუქტების გაყიდვიდან შემოსავალი), სავარაუდოდ, 40 მილიონ ევრომდე შემცირდება მას შემდეგ, რაც 5 თებერვალს ევროკავშირი ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს აამოქმედებს.
თუმცა, მანამდე ევროკავშირი კვლავ რჩება რუსული წიაღისეული საწვავის უმსხვილეს იმპორტიორად და მას მოჰყვება ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი და იაპონია. ევროკავშირის ქვეყნები დღემდე ყიდულობენ რუსულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო ბულგარეთისთვის, ჩეხეთისა და უნგრეთისთვის დაშვებულია გამონაკლისი ნედლი ნავთობის იმპორტზე.
დღეს ბუნებრივი აირი ერთადერთი წიაღისეული საწვავია, რომელსაც ჯერ კიდევ შეაქვს შეუზღუდავი რაოდენობის შემოსავალი კრემლის ხაზინაში.
მილსადენის გაზსა და თხევად ბუნებრივ აირზე იმპორტის აკრძალვა და/ან ფასების შეზღუდვა მნიშვნელოვნად შეამცირებს წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავალს (ბუნებრივი აირი, ნავთობის შემდეგ, ქვეყნის ბიუჯეტის სიდიდით მეორე უმსხვილეს წყაროს წარმოადგენს). აღსაბიშნავია, რომ ევროპაში ტანკერებით ტრანსპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, გასული წლის იანვარ-ოქტომბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-ზე მეტით გაიზარდა.
ვინ გადაუგდებს კრემლს მაშველ რგოლს?
2022 წლის დეკემბრისთვის, ევროკავშირი, მილსადენიდან მიწოდებული ნავთობისა და ყველა ნავთობპროდუქტის გათვალისწინებით, კვლავ რჩებოდა რუსეთიდან ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორად. 2023 წლის იანვრის დასაწყისიდან გერმანიამ შეწყვიტა რუსული მილსადენის ნავთობის იმპორტი, თებერვლიდან კი მთელი ევროკავშირისთვის ამოქმედდება რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა.
იაფ რუსულ ნავთობს კვლავ ყიდულობენ ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი.
თავის მხრივ, იაპონია გახდა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი იმპორტიორი მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებმა შესყიდვები შეამცირეს. ქვანახშირის უმსხვილესი იმპორტიორები კი არიან ჩინეთი, სამხრეთ კორეა, თურქეთი, ინდოეთი და იაპონია.
გასული თვის განმავლობაში, რუსეთმა 3,1 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავალი მიიღო ტანკერებით ნავთობის ტრანსპორტირებით, რომელიც 60-დოლარიან ფასის ზღვარს ექვემდებარება. ამან რუსეთის მთავრობას საშუალება მისცა, დამატებითი დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ოდენობის საგადასახადო შემოსავლები მიეღო. არადა, ეს შემოსავლები შეიძლება თითქმის მთლიანად დაკარგულიყო ფასის ლიმიტის მინიმუმ ნახევრით (25-35 აშშ დოლამდე) შემცირებით, რადგან ამით ის თითქმის გაუტოლდებოდა რუსეთის ფედერაციაში ნავთობის მოპოვებისა და მისი ტრანსპორტირების თვითღირებულებას.
ფასების ლიმიტის პირობებში, რუსეთმა მოახერხა სხვა ქვეყნებში ნავთობის ექსპორტის გაზრდა და ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საჭიროა 60-დოლარიანი ლიმიტის შემცირება.
ნადირობა რუსეთის ჩრდილოვანი საწვავის ფლოტზე
გარდა ამისა, ნავთობის სანქციების გვერდის ასავლელად, რუსეთმა შექმნა ტანკერების „ჩრდილოვანი ფლოტი“. გადაზიდვის ბროკერების შეფასებით, ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 2022 წელს შეძენილია 100-ზე მეტი გემი (ხშირ შემთხვევაში, ექსპლუატაციის ვადაგასული). ფასის ლიმიტის შემოღების შემდეგ, ასევე გაიზარდა საეჭვო დაზღვევის მქონე რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერების რაოდენობა.
საეჭვო დაზღვევის მქონე ძველი ტანკერების გამოყენებამ, ასევე გემის პოზიციონირების (AIS) გადამცემების გამორთვამ შეიძლება გაზარდოს ნავთობის ტრანსპორტირების ეკოლოგიური და სანავიგაციო რისკები. ამიტომ, აუცილებელია გაძლიერდეს გარემოსდაცვითი კონტროლი, განსაკუთრებით ბალტიისა და შავ ზღვებზე, ხოლო სანქციებს შეერთებულმა ქვეყნებმა სათანადო დაზღვევის არმქონე ტანკერებს ტერიტორიულ წყლებში შესვლა უნდა აუკრძალონ.
დასავლეთისთვის ასევე მნიშვნელოვანია ტანკერების გაყიდვაზე დამატებითი კონტროლის დაწესება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთს, მის მოკავშირეებს და მათთან დაკავშირებულმა ტრაიდერებს არ მიეცეთ შეზღუდვების გვერდის ასავლელად ძველი ტანკერების გამოყენების შესაძლებლობა, ასევე უნდა აიკრძალოს რუსული ნავთობის გადაზიდვა სანქციებს მიერთებული ქვეყნების ტერიტორიულ წყლებსა და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში. გარდა ამისა, ბალტიის და შავი ზღვების ქვეყნებში ნორვეგიამ და ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აკრძალონ სათანადო სადაზღვევო პოლისების არმქონე ტანკერების გადაადგილება და აღასრულონ გარემოსდაცვითი რეგულაციები.
გამკაცრებული პასუხისმგებლობა დამრღვევებისთვის
თუმცა, ყველაფერი წესრიგში არც იმ ტანკერების შემთხვევაშია, რომლებზეც ნავთობზე დაწესებული ფასის ლიმიტი ვრცელდება – წყნარი ოკეანის პორტებში ნედლი ნავთობის ფასი უცვლელი რჩება, ასევე რუსეთი იყენებს დიდი ბრიტანეთის მიერ დაზღვეულ ტანკერებს ჩინეთისთვის ნავთობის მისაყიდად.
დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ბიზნესში ჩართული მზღვეველებისა და ტანკერების წინააღმდეგ დამატებითი ზომების შემოღებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ფასების ლიმიტის ეფექტურობას. ასევე უნდა გამკაცრდეს სამართალდამრღვევთა მიმართ იურიდიული პასუხისმგებლობა.
მერვე სანქციების პაკეტის შემოღების წინ, ლიმიტის დამრღვევი ტანკერებისთვის დაზღვევის სამუდამოდ აკრძალვის ნაცვლად, ევროკავშირმა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გადაწყვიტეს, დამრღვევებს დროებით (სამი თვით) ჩამოერთვათ დაზღვევა და მცირე ზომის ჯარიმით შემოიფარგლონ.
პრაქტიკამ კი აჩვენა, რომ აუცილებელია, დამრღვევებს, დაზღვევის ჩამორთმევის ვადის გახანგრძლივებასთან ერთად, ევროკავშირისა და G7-ის პორტებში ან ტერიტორიულ წყლებში შესვლა აეკრძალოთ.
პრობლემაა ისიც, რომ ფასების ლიმიტის დარღვევის გამო ძნელია დამნაშავისთვის პასუხის მოთხოვნა ნავთობის ფასზე ლიმიტის დამწესებელი ქვეყნების ფარგლებს გარეთ. ამ შემთხვევაში, მზღვეველებს მხოლოდ ნავთობის მყიდველის სერთიფიკატები სჭირდებათ, რაც შეიძლება ყალბი იყოს და ამაზე დამზღვევს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
პოლიტიკა ისე უნდა შეიცვალოს, რომ გარანტირებული იყოს ნამდვილი სავაჭრო და საგადასახადო დოკუმენტების წარდგენა, ფასების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ემბარგოს პირველმა თვემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზედაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდანვე იყო საუბარი: წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები პუტინის ომის ფინანსური ხერხემალია.
ევროკავშირს და „დიდ შვიდეულს“ აქვთ ძალა და ყველა საშუალება, რომ გადაკეტონ რუსეთის შემოსავლის მთავარი წყარო. ევროკავშირის სანქციების პოლიტიკამ უნდა გაანადგუროს რუსეთის ეკონომიკა და მოუსპოს შესაძლებლობა, რომ იკვებოს თავისი სასარგებლო წიაღისეულით. ამ კუთხით, დაგვიანების ყოველი დღე უკრაინას არარეალურად მაღალი ფასი უჯდება.
თუ რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე ზღვრული ფასი დაწესდებოდა გასული წლის ზაფხულში , როდესაც რუსეთის ფედერაცია დღეში საშუალოდ 728 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, მაშინ მისი შემოსავალი დაახლოებით 18%-ით, 595 მილიონ ევრომდე შეიძლებოდა შემცირებულიყო. ამის ნაცვლად, ფასის ლიმიტი მხოლოდ 5 დეკემბრიდან ამოქმედდა, სხვა ღონისძიებები კი ჯერ კიდევ ელიან თავის დროს.
შედეგად, რუსეთმა მიიღო სუპერმოგება, ხოლო უკრაინამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე დაკარგა და ტრილიონობით დოლარის ოდენობის ზარალი განიცადა. ომი გრძელდება. ევროპას უნდა ესმოდეს: კრემლს მხოლოდ ძალისა და ფულის ენა ესმის.
ფასების ზღვარი მაქსიმალურად უნდა გადაიხედოს შემცირების მიმართულებით, ემბარგოს აღსრულება კი გაძლიერდეს.
წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის გარეშე, რუსეთის სასტიკი თავდასხმები საერთაშორისო სამართალზე, ადამიანის უფლებებზე, კლიმატსა და გარემოზე უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს გამარჯვებით დასრულდება.
ჩვენ გვჭირდება მკაფიო ქმედება სანქციების მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციისგან – არა მხოლოდ ფასების ლიმიტის შემცირება, არამედ დამატებითი სანქციების შემოღება, რათა დაიხუროს მათი ზემოქმედების გვერდის ავლის ან შემცირების ყველა შესაძლებლობა .