„რამდენიმე საერთაშორისო ინდექსის მიხედვით, საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 22 ივლისს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე საერთაშორისო ინდექსი დაასახელა და აღნიშნა, რომ მათში საქართველო კარგ პოზიციებს იკავებს.

„მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას და ასევე, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებში, ბალტიის ქვეყნების შემდეგ, ვართ მე-4 ადგილზე.

ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, წელს პირველად, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე, მაშინ, როდესაც ჩვენს მეგობარ მოლდოვას და უკრაინას რეკომენდაციაში, დათქმებში ჩაუწერეს საჯარო სამსახურის რეფორმა და მათ შორის, გამჭვირვალობაზეა მინიშნება და ძალიან ბევრი რეკომენდაციაა ჩაწერილი – ეს შედარებისთვის. ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. რომ მეკითხებიან, რა გავაკეთეთ ჩვენ და რა მიღწევები აქვს საქართველოს, აი ეს არის კონკრეტული 10 წლის შეჯამება, გამოხატული რეიტინგებით.

„ფრეიზერის“ ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წამყვან 5 ეკონომიკას შორის არის, სინგაპურის, შვეიცარიის და მსგავსი ეკონომიკების შემდეგ.

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ჩვენ ვართ მე-18 ადგილზე ევროპაში, ბევრად უფრო წინ ვართ ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ევროკავშირის მრავალი სხვა წევრი ქვეყანა და წამყვანი ეკონომიკა“ , – განაცხადა პრემიერმა.

„ბიზნესმედია ჯორჯიამ“ პრემიერ-მინისტრის განცხადება გადაამოწმა და აღნიშნულის შესახებ თავისი დასკვნა გამოაქვეყნა.

გადამოწმებული: 1tv.ge

1) მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორები – 2021 წლის შედეგებით, საქართველოს აქვს 75.48 ქულა. პრემიერის განცხადება სწორია: ინდექსში ვუსწრებთ ნატოს და EU-ს წევრ ქვეყნებს – საბერძნეთს (69.23 ქულა), ხორვატიას (68.75 ქულა), იტალიას (67.31 ქულა), პოლონეთს (66.35 ქულა). 

2) ღია ბიუჯეტის ინდექსი – 2021 წლის შედეგებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მაჩვენებლით, საქართველო არის #1 ადგილზე და მინიჭებული აქვს 87 ქულა. პრემიერის განცხადება სწორია. 

3) Fraser Institute, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი – საქართველო არის #5 ადგილზე, პრემიერის განცხადება სწორია. 

4) Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი – საქართველო არის 18-ე ადგილზე ევროპაში და 26-ე მსოფლიოში. პრემიერის განცხადება სწორია. 

თუმცა, ამ ინდექსში საქართველოს პოზიცია ბოლო წელში 14 ადგილით გაუარესდა, რადგანაც 2021 წლის ინდექსით 12-ე ადგილზე ვიყავით და 2021 წლის ინდექსით, საქართველო 26-ზე ჩამოვქვეითდა.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით