რამდენადაა დამოკიდებული მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე

მოწოდებული ინფორმაცია

რუსეთი, უკრაინაში შეჭრის შემდეგაც, კვლავ აგრძელებს ევროპის ქვეყნებისთვის დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის მიწოდებას.

თუმცა, დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ „არამეგობრულად“ განწყობილ ქვეყნებს ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა მხოლოდ რუსულ ვალუტაში შეეძლებათ.

2022 წლის 27 აპრილს, რუსეთმა ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა ევროკავშირის წევრ ბულგარეთს და პოლონეთს მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს გაზის საფასური რუბლით გადაეხადათ.

იმავე დღეს გაკეთებულ განცხადებაში, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შანტაჟის ინსტრუმენტია.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ სათადარიგო გეგმები ამ სცენარისთვის და ევროკომისია მჭიდრო კავშირშია მათთან, რათა უზრუნველყოს ალტერნატიული მიწოდება და მთელს ბლოკში შეინარჩუნოს მარაგის საუკეთესო დონე.

ამ მოვლენების ფონზე, „ანტიფეიკი“ დაინტერესდა, როგორაა დამოკიდებული მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე.

გადამოწმებული: 1tv.ge

ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს, ევროპაში იმპორტირებული ბუნებრივი გაზის 41 პროცენტი რუსეთიდან შევიდა.

BBC Reality Check-ის მიხედვით, თუ რუსეთი ევროპაში ბუნებრივი გაზის ექსპორტს მთლიანად შეწყვეტს, ყველაზე დიდი პრობლემები გერმანიას და იტალიას შეექმნებათ, რადგან სწორედ ისინი არიან რუსული გაზის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები. რუსეთს, დიდი ბრიტანეთის ბუნებრივი აირის იმპორტში 5-პროცენტიანი წილი აქვს, შეერთებული შტატები კი რუსულ გაზის იმპორტს საერთოდ არ ახდენს.

რუსეთი ევროპას ბუნებრივ აირით რამდენიმე მთავარი გაზსადენის საშუალებით ამარაგებს. გაზი ჯერ რეგიონულ საცავებში გროვდება, შემდეგ კი ხდება მისი გადანაწილება კონტინენტის მასშტაბით.

BBC ასევე წერს, რომ პოლონეთს გაზის მარაგი 76 პროცენტამდე აქვს შევსებული, ხოლო ბულგარეთს -17 პროცენტამდე.

ასეთ ვითარებაში ევროპა ბუნებრივი აირის მიღების ახალ გზებს ეძებს.

ბულგარეთის მთავრობა აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მარაგის შესავსებად და ამ მიზნით, ახალი პარტნიორების მოსაძლიებლად, მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საბერძნეთთან.

პოლონეთი კი ახალ მილსადენს აშენებს, რომელმაც ქვეყანა ნორვეგიის გაზის საბადოებთან უნდა დააკავშიროს. პროექტის დასრულება 2022 წლის ოქტომბერში იგეგმება. პოლონეთი თხევადი გაზის მარაგის შევსებას მეზობელი ლიეტუვადანაც აპირებს. გაზსადენი დაჩქარებული წესით, პირველ მაისს გაიხსნება.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ BBC-ის განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, განიხილებოდა შეერთებული შტატებთან ან სპარსეთის ყურის ქვეყნებთან მოლაპარაკებაც.

ევროპის სხვა ქვეყნები აცხადებენ, რომ შესაძლებელია ისეთ მსხვილ ექსპორტიორებთან გარიგებაც, როგორებიც არიან ყატარი, ალჟირი და ნიგერია. მაგრამ, ამ შემთხვევაში, არსებობს პრაქტიკული ბარიერები, რომლებიც წარმოების საჭირო სისწრაფით გაზრდას უშლის ხელს.

მკვლევარი ბენ მაკუილიამსი აცხადებს, რომ „გაზის ჩანაცვლება რთულია, რადგან ევროპაში უკვე არსებობს გაზსადენები, რომლებსაც რუსული გაზი ევროპაში შემოაქვთ“,

ამ სირთულის თუნდაც ნაწილობრივ დასაძლევად, შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ წლის ბოლომდე 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი აირის (LNG) შტატებიდან ევროპაში ექსპორტზე.

გეგმის საბოლოო მიზანია, 50 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის თხევადი გაზის მარაგის შექმნა 2030 წლის ბოლომდე.

ექსპერტების მოსაზრებით, ევროპას ენერგიის არატრადიციული წყაროების მოხმარების გაზრდაც შეუძლია, მაგრამ ამის გაკეთება სწრაფად და მარტივად არ მოხდება.

მკვლევარი სიმონე ტაგლიაპიეტრა აღნიშნავს, რომ „განახლებად ენერგიას დრო სჭირდება, რომ გაეშვას, ამიტომ, მას მოკლევადიან გამოსავლად ვერ ჩავთვლით“.

„ამიტომ, მომავალი ზამთრისთვის შედეგიანი იქნება საწვავის შეცვლა, მაგალითად, ქვანახშირის სადგურების გახსნა. ასეთი გეგმები იტალიას და გერმანიას აქვთ, გამოუვალი მდგომარეობის შექმნის შემთხვევაში“, – განაცხადა ტაგლიაპიეტრამ.

ევროკავშირის გეგმაა, რომ 2030 წლამდე ევროპა რუსული საწვავისგან დამოუკიდებელი გახდეს. ამ გეგმის ნაწილია გაზის იმპორტირების დივერსიფიკაცია და გათბობისა და ელექტროენერგიის წარმოებაში გაზის როლის ჩანაცვლებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.

რაც შეეხება ნავთობის ექსპორტს, რუსეთი ნავთობის მწარმოებლებს შორის მესამე ადგილზეა.

სანქციების დაწესებამდე, რუსეთის მიერ ყოველდღიურად ექსპორტზე გატანილი 5 მილიონამდე ნედლი ნავთობიდან, ნახევარზე მეტი ევროპაში შედიოდა.

რუსული ნავთობი დიდი ბრიტანეთის ნავთობის საჭიროების 8 პროცენტს აკმაყოფილებდა, ხოლო შეერთებული შტატების საჭიროების 3 პროცენტს.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, აპრილის დასაწყისში რუსული ნავთობის ყოველდღიური წარმოება 700,000 ბარელით შემცირდა.

სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ ეს ციფრი აპრილის ბოლომდე 1.5 მილიონ ბარელამდე გაიზრდება, ხოლო მაისის თვეში 3 მილიონს მიაღწევს.

მაკუილიამსი აღნიშნავს, რომ ბუნებრივ აირთან შედარებით, ნავთობის ალტერნატიული მომმარაგებლების პოვნა გაცილებით ადვილია, რადგან რუსეთთან ერთად „მსოფლიოს მასშტაბით სხვა მომწოდებლებიც არსებობენ“.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრმა ქვეყნებმა, საცავებიდან, საერთო ჯამში, 120 მილიონი ბარელი ნავთობი გამოუშვეს. ამავე კონტექსტში, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ საუდის არაბეთი ნავთობის წარმოებას გაზრდის. ის ვენესუელიდან მომავალ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებასაც არ გამორიცხავს.

BBC წერს, რომ ევროპელის მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის, გათბობის და საწვავის ფასების ზრდა უკვე სახეზეა. ფასების ზრდის მაჩვენებელი უფრო გაიზრდება, თუ რუსეთიდან გაზის შემოდინება კიდევ უფრო შეიზღუდება.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით