„ქართველმა მესაზღვრეებმა სომხეთში მიმავალი იარაღით დატვირთული სატვირთო ავტომობილი დააკავეს“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 10 ოქტომბერს, აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-გაზეთმა minval.az-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით, „ქართველმა მესაზღვრეებმა  სომხეთში მიმავალი იარაღით დატვირთული სატვირთო ავტომობილი დააკავეს“. სტატიაში ნათქვამია, რომ სომხური გადამზიდავი კომპანია “სპაიკას” კუთვნილ სატვირთოს, სომხეთისკენ შენიღბულად გადაჰქონდა იარაღი და ის ქართველმა მესაზღვრეებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს. სტატიას დამაჯერობლობისთვის თან ახლავს სურათი და ვიდეო, რომელშიც სატვირთოს ძარაზე მოთავსებული პროდუქციაა გადაღებული, თუმცა ამ დოკუმენტური მასალით შეუძლებელია ამ ტვირთის ამოცნობა.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკმა“ გადაამოწმა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს minval.az-ის გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქართველმა მესაზღვრეებმა სომხეთის მიმართულებით მიმავალი იარაღით დატვირთული სატვირთო ავტომობილი დააკავეს.

10 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება:

„დღეს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით, გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთის მიმართულებით, სამხედრო ტვირთის გადაადგილება აღიკვეთა. 
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ყაზბეგი“, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი  სატვირთო ავტომობილი შემოვიდა.  
მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აღნიშნულ ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა. ამასთან, შემდგომი საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ტვირთის თანმხლები დოკუმენტების, კამერალური შემოწმებისა და საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა და  შესაბამისად, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დაუფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვარის კვეთა და  გააგრძელა მოძრაობა შემდგომი დანიშნულების ადგილის მიხედვით“.

ამდენად, აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა minval.az-ის მიერ გავრცელებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით