

„პუტინის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს სომხეთის პატრიარქმა ეროვნება ჩამოართვა და მისი პორტრეტი არაქსში გადააგდო“
მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 24 ივლისს „ახალი თაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პატრიარქმა გარეგინ მეორემ სპეციალური ცერემონია გამართა, რომლის დროსაც რუსეთში მოღვაწე ეროვნებით სომეხ ჟურნალისტს, „რაშა თუდეის“ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს ეროვნება ჩამოართვა.
„სომხეთის პატრიარქმა ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ჟურნალისტმა სომხეთის ხელისუფლება გააკრიტიკა… გარეგინ მეორემ ჟურნალისტს აუკრძალა ღმერთს სომხურ ენაზე მიმართოს და ასევე აუკრძალა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში შესვლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ღონისძიებას ესწრებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი… ცერემონიის ბოლოს, ჟურნალისტის ფოტო ტაძრიდან გამოიტანეს და მდინარე არაქსში გადააგდეს“, – ნათქვამია „ახალი თაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადამოწმებული: 1tv.ge
2020 წლის 24 ივლისს „ახალი თაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ეჩმიაძინის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მამა ვაგრამ მელიქიანი. „სრულიად სომეხთა კათოლიკოსს არა აქვს უფლება, ვინმეს ეროვნება ჩამოართვას. ასეთი ცერემონია საერთოდ არ არსებობს. მის უწმინდესობას სომხეთის ეკლესიის წევრისთვის მხოლოდ ზიარების უფლების ჩამორთმევა, აგრეთვე ცოდვებისთვის სხვადასხვა სასჯელის დადება შეუძლია, უარეს შემთხვევაში, – ეკლესიიდან განკვეთის უფლება აქვს. გავრცელებული ინფორმაცია კი სიცრუეა, რომლის მიზანი დაბნეულობის გამოწვევაა“, – აცხადებს მამა ვაგრამ მელიქიანი.
ამასთან, ირკვევა, რომ აღნიშნული ინფორმაცია პირველად, ვაგიფ ჯავადოვის ავტორობით, სატირულ გამოცემა „პანორამაში“ დაიბეჭდა, რომელიც 1822 წლიდან გამოდის.
ინფორმაციის არასერიოზულობასა და არარეალურობაზე საუბრობს სომხეთის „ინფორმაციის გადამოწმების ცენტრიც“, რომელიც მარგარიტა სიმონიანთან დაკავშირებულ ისტორიას „იუმორისტულ ჟურნალთან დაკავშირებულ „ფეიკს“ უწოდებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 24 ივლისს „ახალი თაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის აბსურდი.