„პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამჟამად პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის პირველ ნოემბერს, საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტმა“ (newposts.ge) გაავრცელა ინფორმაცია სათაურით – „ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს პრემერ-მინისტრის თანამდებობას სთავაზობს?“, რომლის თანახმად, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ამჟამად პატიმრობაში მყოფ, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა“.

მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელეს „ალიამ“, „spnews.io“-მ, „tia.ge“-მ და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა.

 

 

გადამოწმებული: 1tv.ge

„ნიუპოსტსის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია ეყრდნობა უკრაინელი ბლოგერის, სერგეი კორნაკის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც იგი საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს და ამბობს, რომ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს.

ვლადიმერ ზელინსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა რომ უკრაინელი ბლოგერის მხოლოდ სურვილი და პირადი მოსაზრებაა, თავად სერგეი კორნაკი ადასტურებს.

„ეს ფანტასტიკის სფეროა და უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მოხდება სასწაული, სააკაშვილი პატიმრობიდან განთავისუფლდება და უკრაინის პრემიერი გახდება, რაც ძალიან წაადგება უკრაინას. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და დავიტოვოთ იმედი, რომ ვარსკვლავების განლაგება ჩვენი ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება“, – აცხადებს სერგეი კორნიკი თავის ვიდეო-ბლოგში.

უკრაინულ მედიასივრცეში სხვა ინფორმაცია პრეზიდენტ ზელინსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ არ იძებნება.

შესაბამისად, საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ „პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამჟამად პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა“, წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით