„პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს ქუთაისში საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია დანაგვიანებული დახვდა და თავად დაასუფთავა“

მოწოდებული ინფორმაცია

საინფორმაციო სააგენტო „ინფოიმერეთმა“ (infoimereti.ge) გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილის, მალგოჟეტა გოშევსკას ქუთაისში სტუმრობას შეეხებოდა.

„დელაგაციის წევრებმა ქუთაისში საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია მოინახულეს და ადგილზე სანთლები დაანთეს. ადგილი სტუმრებს დანაგვიანებული დახვდათ და თავად დაასუფთავეს“, – წერს „ინფოიმერეთი“.

გადამოწმებული: 1tv.ge

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, პოლონეთის დელეგაციამ ქუთაისში, ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის წინასწარ შეთანხმებული, პროტოკოლით განსაზღვრული ადგილის ნაცვლად, კერძო ტერიტორია მოინახულა.

„ადგილი, რომელიც პოლონელმა სტუმრებმა მოინახულეს, არ შეესაბამება იმ ლოკაციას, სადაც მდებარეობდა ე.წ. „შინსახკომის ბანაკი“ და რომელიც წინასწარ იყო მითითებული საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ შემუშავებული ვიზიტის პროგრამაში. ბანაკი, სადაც პოლონელი ტყვეები 1945-1947 წლებში პატიმრებთან ერთად იყვნენ განთავსებულნი, რამდენიმე სხვადასხვა შენობაში მდებარეობდა, მათ შორის – ქუთაისის ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ. ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია, სხვადასხვა დროს, არაერთმა უცხოელმა სტუმარმა მოინახულა, მათ შორის, იგივე სტუმრები პოლონეთის რესპუბლიკიდან – ელჩიც და ვიცე-სპიკერიც – იქ არაერთხელ ყოფილან. ჩვენთვის უცნობია, თუ რატომ შევიდა დელეგაციის ვიზიტის პროგრამაში ცვლილება და წინასწარ განსაზღვრული ტერიტორიის ნაცვლად, დელეგაციის მიყვანა მოხდა კერძო ტერიტორიაზე. მითუმეტეს, რომ ვიზიტის მომზადების დროს პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი სტუმრების მისვლას გეგმავდა სწორედ იმ ადგილას, სადაც ტრადიციულად, პროტოკოლით არის განსაზღვრული ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორის მონახულება“, — ნათქვამია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხს საქართველოში პოლონეთის საელჩოც გამოეხმაურა. როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, მათთვის (საელჩოსთვის) ცნობილი იყო, რომ ადგილი, სადაც ცერემონიის მონაწილეებმა სანთლები აანთეს, სავარაუდოდ, არ არის НКВД-ს ბანაკის ადგილი.

რაც შეეხება, პროტოკოლით თავდაპირველად გათვალისწინებული ადგილის შეცვლას, პოლონეთის საელჩოს განმარტებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ სურდათ, გარდაცვლილთათვის პატივის მიგება „დამსწრეებისთვის ხელმისაწვდომ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხილულ ადგილას“ მომხდარიყო.

„ჩვენ გვინდოდა ბანაკის პოლონელ მსხვერპლთათვის მხოლოდ სიმბოლური პატივის მიგება დამსწრეებისთვის ხელმისაწვდომ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხილულ ადგილას… მიგვაჩნია, რომ ზოგიერთი მედიის რეაქცია ამ მოვლენაზე გაზვიადებულად და საზიანოა ქალაქ ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ხელისუფლების კარგი სახელისთვის, რომელმაც საშუალება მოგვცა, 2022 წლის 6 ნოემბერის ღონისძიებები მოგვეწყო“, – აცხადებს პოლონეთის საელჩო.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საინფორმაციო სააგენტო „ინფოიმერეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია („პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს ქუთაისში საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია დანაგვიანებული დახვდა და თავად დაასუფთავა“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით