„პოლიტიკურ პარტიებისა და არასამთავრობოების საჩივრების 99 პროცენტი სასამართლომ არ დააკმაყოფილა“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 11 ნოემბერს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, სერგი კაპანაძის კომენტარი, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შეეხებოდა.

მისი განცხადებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების 99 პროცენტი იმ უბნებზე, „სადაც არსებობს საფუძველი, რომ ბიულეტენები იყო ჩაყრილი“.

„სასამართლოებმა დაასრულეს იმ საჩივრების განხილვა, რომლებიც შეიტანეს პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის „ევროპულმა საქართველომ“ და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ 99% ამ სარჩელების არ დაკმაყოფილდა… ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი, სიმართლე დადგენილიყო ლეგალური გზით“, – აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

გადამოწმებული: 1tv.ge

2020 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც „სიცრუე“ უწოდა განცხადებას იმის შესახებ, თითქოს, საქართველოს საერთო სასამართლოებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასინჯვასთან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელების 99 პროცენტი არ დააკმაყოფილეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სულ შევიდა 96 სარჩელი. აქედან, 60 სარჩელით მოთხოვნილი იყო სხვადასხვა საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა ან ხელახალი გადათვლის დავალება.

„სასამართლოს მიერ საარჩევნო უბნების შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელების 16 პროცენტზე მეტის დაკმაყოფილების გზით, 17 საარჩევნო უბანი დაექვემდებარა ხელახლა გადათვლას, ხოლო ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილადაა ცნობილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე განმარტავს, რომ „სარჩელების დანარჩენი ნაწილი (სარჩელების საერთო რაოდენობის 37%-ზე მეტი) შეეხებოდა არაუფლებამოსილი სუბიექტების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრების განუხილველად დატოვების კანონიერებას და რამდენადაც  „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 42-ე მუხლის, 78 -ე მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტების იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, დადასტურდა საჩივრების არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წარდგენის ფაქტი, აღნიშნულით გამოირიცხა სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის შინაარსობრივი ნაწილის განხილვისა და შეფასების შესაძლებლობა“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, სერგი კაპანაძის განცხადება იმის შესახებ, რომ „პოლიტიკურ პარტიებისა და არასამთავრობოების საჩივრების 99 პროცენტი სასამართლომ არ დააკმაყოფილა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით