

მოწოდებული ინფორმაცია
აზებაიჯანულმა გამოცემამ „Minval.az“ საკუთარ ვებ-გვერდზე, „The Sun“-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაითედ“-ის ფეხბურთელი და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი პოლ პოგბა საფრანგეთის ნაკრებს ტოვებს პრეზიდენტ მაკრონის განცხადებების გამო, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავენ, „უშვებს რელიგიურ დისკრიმინაციას მუსულმანების მიმართ“.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს პირველმა არხმა გადაამოწმა „Minval.az“ -ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და დაადგინა, რომ „The Sun“-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელსაც „Minval.az“ დაეყრდნო, გამოეხმაურა პოლ პოგბა და „The Sun“ სიცრუეში დაადანაშაულა. ოფიციალურ ინსტაგრამზე და ტვიტერზე პოგბას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, გამოცემა ცრუობს და ფეხბურთელი სამართლებრივ დავასაც აპირებს. „The Sun“-მა ეს ისევ გააკეთა….აბსოლუტურად 100 % უსაფუძვლო ახალი ამბები ვრცელდება იმ განცხადების შესახებ, რომელიც მე არასოდეს გამიკეთებია ან მიფიქრია. მე ვარ შეძრწუნებული, გაბრაზებული, შოკირებული და იმედგაცრუებული იმით, რომ ზოგიერთი „მედია“ წყარო იყენებს ჩემ სახელს ყალბი სათაურებისთვის ისეთ სენსიტიურ მოვლენებზე, რაც ახლა საფრანგეთში ვითარდება და ამას უმატებენ ჩემ რელიგიასა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს“ – წერს პოლ პოგბა.

მოგვიანებით „ The Sun“-მა, პოლ პოგბას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პირვანდელი სტატიის სათაური შეცვალა და შესწორებაც შეიტანა
შესაბამისად, „Minval.az“ -ის მიერ „The Sun“-ზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 27 წლის ფეხბურთელმა პოლ პოგბამ საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა, არის სიყალბე.