მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 20 სექტემბერს,  ინტერნეტ-გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“-მ (geworld.ge) გამოაქვეყნა სტატია სათაურით, „ევროპა სამხედრო მდგომარეობის შემოსაღებად ემზადება“.

„1 ოქტომბრიდან გერმანიის ქუჩებში სამხედრო პატრულირება დაიწყება… ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში ჯავშანტექნიკა, ჯერ ცნობილი არ არის. საბაბი არეულობის თავიდან აცილებაა“, -წერს „საქართველო და მსოფლიო“, რომელიც ამ ინფორმაციის წყაროდ გერმანიის თავდაცვის მინისტრს, კრისტინა ლამბრეხტს ასახელებს.

ინტერნეტ-გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ  „ხელისუფლებისა  და ცხოვრების გაუარესების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ჩვეულებრივ პერიოდში მშვიდობიანი პროტესტია, ქუჩაში სამხედროების გამოსვლის შემდეგ აღიქმება, როგორც კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფა, გადატრიალების მცდელობა, რომელიც ძირშივე უნდა მოაშთო  ძალისმიერი მანქანის გამოყენებით“.

მსგავსი შინაარსის ინფორმაციები ასევე ცირკულირებს გერმანულ, ნიდერლანდურ და ბრიტანულ მედიასაშუალებებში.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

ფაქტების გადამოწმების გერმანული პორტალის, Correctiv-ის მიხედვით, 2022 წლის 13 ივნისს „ბუნდესვერმა“ (გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები) ნამდვილად გამოაცხადა „ბუნდესვერის ტერიტორიული სამმართველოს“ შექმნის შესახებ, მაგრამ ამის მიზეზად არა მოსალოდნელი არეულობების თავიდან აცილება, არამედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწყებული სტრატეგიული რესტრუქტურიზაცია დაასახელა. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, რესტრუქტურიზაციამ გადაწვეტილებების მიღების პროცესი უნდა გაამარტივოს და უფრო მობილური გახადოს. თავდაცის უწყების განცხადებაში რესტრუქტურიზაციის მიზეზად ასევე ნახსენებია გახშირებული სტიქიური უბედურებები და კოვიდ-19-ის პანდემია.

აღსანიშნავია, რომ ფედერალურ დონეზე არსებობს კანონები, რომლითაც მკაცრად რეგულირდება, რა შემთხვევაში შეუძლია „ბუნდესვერს“ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვა და წესრიგის დაცვა. ასეთ სიტუაციად მიიჩნევა „განსაკუთრებული მდგომარეობა“, როდესაც საქმე ეხება „შიდა უსაფრთხოებას“. ამ შემთხვევაში, შეიარაღებული ძალები ადამიანური და მატერიალური რესურსით ეხმარება დაზარალებულ რეგიონს. ამის მაგალითია 2021 წელს აჰრის ხეობის წყალდიდობა, როდესაც არმიამ დროებითი თავშესაფრები და ხიდები ააშენა. მსგავსი სიტუაცია იყო კოვიდ-19-ის პანდემიის დროსაც, როდესაც ჯარისკაცები სამედიცინო სფეროს მუშაკებს ეხმარებოდნენ პაციანტების ტესტირებაში, სამედიცინო დაწესებულებში განთავსებასა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიებაში.

აღნიშნულთან ერთად, ბუნდესვერის ახალი სტრუქტურული დანაყოფის ფუნქცია იქნება ნატოს ძალებთან ურთიერთობა და ქვეყნის შიგნით მათი გადაადგილება/განთავსების კოორდინაცია.

სხვადსხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, Correctiv-მა შეკითხვით მიმართა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრს, სადაც განაცხადეს, რომ „ბუნდესვერის ტერიტორიული სამმართველოს“ ჩამოყალიბება მიზნად არ ისახავს შეიარაღებული ძალების გამოყენებას სამოქალაქო წესრიგის შენარჩუნებას ან მოქალაქეების დაცვას, რადგან ეს პოლიციის საქმეა.

„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ღონისძიება (ბუნდესვერის ტერიტორიული სამმართველოს ჩამოყალიბება) „მოსალოდნელი აჯანყების“ საპასუხო ზომას წარმოადგენს“, – აცხადებს გერმანიის თავდაცვის უწყება.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი ერთეული ოპერირებას არა 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან, არამედ 2023 წლის მარტიდან დაიწყებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ინტერნეტ-გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „პირველი ოქტომბრიდან გერმანიის ქუჩებში სამხედრო პატრულირება დაიწყება“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით