

მოწოდებული ინფორმაცია
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, „პფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინები საიდუმლო ინგრედიენტს – გრაფენის ოქსიდს შეიცავენ.
ფეისბუქ-მომხმარებლის მტკიცებით, ვაქცინის „პირველი დოზა ემსახურება ბუნებრივი იმუნიტეტის ნაწილობრივ ბლოკირებას და ამიტომ არის, რომ პირველი დოზის შემდეგ ასე სწრაფად ინფიცირდებიან ადამიანები.“
პოსტის თანახმად, „ყოველი ახალი დოზის შეყვანა ემსახურება გრაფენის ოქსიდის უფრო დიდი დოზებით შეყვანას ორგანიზმში იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის დოზა იქნება სრულიად ლეტალური.“
ფეისბუქ-მომხმარებელი ასევე აცხადებს, რომ ვაქცინის ინგრედიენტები, ჰიდროქსიბუტილი და ჰექსან-6 კარცეროგენები არიან და ორგანიზმში რიგი დაავადებების და სიმსივნის გამოწვევა შეუძლიათ.
პოსტს 3 500-ზე მეტი გაზიარება აქვს და თან ახლავს სხვა ანტივაქსერი მომხმარებლების კომენტარები.
გადამოწმებული: 1tv.ge
„პფაიზერის“ საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის დეპარტანემტის ხელმძღვანელმა, ჯერიკა პიტსმა ფაქტების გადამოწმების პორტალ Politifact-ს განუცხადა, რომ კომპანია გრაფენის ოქსიდს არ მოიხმარს და შესაბამისად, ის არ შედის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობაში.
მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორის, დოქტორ რებეკა ვურცის თქმით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ინგრედიენტების შესწავლის შედეგად არ დადასტურდა მასში გრაფენის ოქსიდის არსებობა, ასევე, ჩამოთვლილი ინგრედიენტებიდან არც ერთი არ ესადაგება გრაფენის ოქსიდის მეორეულ სახელწოდებას, რაც მთლიანად გამორიცხავს ვაქცინაში გრაფენის ოქსიდის არსებობას.
გრაფენის ოქსიდი არ შედის ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ „პფაიზერის“ „მოდერნასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინების ინგრედიენტების სიაშიც.
„პფაიზერის“ ვაქცინის სრული შემადგენლობა ასეთია:
- მესენჯერ რნმ (mRNA)
- ლიპიდები: ((4-hydroxybutyl)azanediyl)bis(hexane-6,1-diyl)bis(2-hexyldecanoate), 2
[(polyethylene glycol)-2000]-N,N-ditetradecylacetamide, 1,2-Distearoyl-sn-glycero-3-
phosphocholine, and cholesterol) - კალიუმის ქლორიდი
- მონობაზისური კალიუმის ფოსფატი
- ნატრიუმის ქლორიდი
- დიბაზისური ნატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი
- საქაროზა
„მოდერნას“ ვაქცინის სრული შემადგენლობა ასეთია:
- მესენჯერ რნმ (mRNA)
- ლიპიდები: (SM-102, polyethylene glycol [PEG] 2000
dimyristoyl glycerol [DMG], cholesterol, and 1,2-distearoyl-sn-glycero-3-phosphocholine [DSPC]) - ტრომეტამინი
- ტრომეტამინი ჰიდროქლორიდი
- ძმარმჟავა
- ნატრიუმის აცეტატი
- საქაროზა
პოსტის ავტორი მანიპულირებს ვაქცინის კიდევ ერთ ინგრედიენტზე – ((4-hydroxybutyl)azanediyl)bis(hexane-6,1-diyl)bis(2- hexyldecanoate)-ზე.
მისი თქმით, ჰიდროქსიბუტილი (ALC-0315=((4-hidroxibutil)azanodiil) და ჰექსან 6 (hexano-6,1-diil)bis(2-hexildecanoato) (ALC-0315) ორგანიზმში ნერვულ დაავადებებს და სიმსივნეს იწვევენ.
სინამდვილეში, ((4-hydroxybutyl)azanediyl)bis(hexane-6,1-diyl)bis(2- hexyldecanoate) ანუ ALC-0315 „პფაიზერის“ ვაქცინაში არსებული ოთხი ლიპიდიდან ერთ-ერთია. ოთხ ლიპიდს სხვაგვარად ლიპიდური ნანონაწილაკები ეწოდებათ.
ლიპიდური ნანონაწილაკები ქმნიან ერთგვარ „კედელს“, რომელთა მიზანიც მესენჯერ რნმ-ის შენარჩუნება, დაცვა და გადაადგილებაა.
მესენჯერ რნმ-ი ვაქცინის მთავარი კომპონენტია. ის ადამიანის უჯრედებს ასწავლის, როგორ გამოიმუშაონ ე. წ. „სპაიკ ცილა“ ან ცილის ფრაგმენტი, რომელმაც ორგანიზმში იმუნური რეაქცია უნდა გამოიწვიოს.
ამდენად, სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ „პფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინები საიდუმლო ინგრედიენტს – გრაფენის ოქსიდს შეიცავენ“, არის სიყალბე.