„პარტნიორები როდესაც მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლისკენ, ეს არ ეხება მხოლოდ ოპოზიციას და არ ნიშნავს, რომ პირდაპირ გავიგოთ“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 18 ნოემბერს „საქართველოს პირველმა არხმა“ გაავრცელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის კომენტარი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული განცხადების („ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს თავისი მანდატი, შევიდეს პარლამენტში და გააგრძელოს თავისი მუშაობა ინსტიტუტების ფარგლებში“) შეფასებისას, ზაალ უდუმაშვილი ამბობს: „როდესაც მოგვიწოდებენ ჩვენი პარტნიორები, რომ უნდა შევიდეთ პარლამენტში, ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირ გავიგოთ, ეს ნიშნავს, რომ ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ვალდებულება და ეს არ ეხება მხოლოდ ოპოზიციას“.

„არის ეუთო-ს განცხადება, მათი პოზიცია, მაგრამ მე მოვისმინე და წავიკითხე ძალიან ბევრი სხვა განცხადება, მათ შორის ენდიაი, აირაი და ამ განცხადებებში წერია, რომ არჩვენებზე იყო სერიოზული პრობლემები და ჩაიარა სერიოზული დარღვევებით, ასე რომ ნუ შევხედავთ მხოლოდ ცალმხრივად“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადებაზე საუბრისას.

გადამოწმებული: 1tv.ge

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, შეეხება მხოლოდ ოპოზიციას და არა მმართველ გუნდს, რადგან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტები არ აღიარებენ და მისი გაყალბების მოტივით, უარს ამბობენ საკანონონმდებლო ორგანოში შესვლაზე. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის არჩევნების შედეგებს ეჭვის ქვეშ არ აყენებს და მზად არის, შევიდეს მე-10 მოწვევის პარლამენტში. ამდენად, „პარლამენტში შესვლასთან“ დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მოწოდება „პირდაპირ უნდა იყოს გაგებული“ – ის, ერთმნიშვნელოვნად, არის გზავნილი ოპოზიციის და არა მმართველი პარტიის მისამართით.

როდესაც ზაალ უდუმაშვილი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე აპელირებს და ამის დასტურად „ენდიაი“-ს და „აირაი“-ს განცხადებებს იშველიებს, ეს არანაირად არ უკავშირდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს – არც ერთი სადამკვირვებლო მისიის შეფასებაში მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ დარღვევების გამო, ოპოზიციამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს და საპარლამენტო მანდატებზე უარი უნდა თქვას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადება („როდესაც მოგვიწოდებენ ჩვენი პარტნიორები, რომ უნდა შევიდეთ პარლამენტში, ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირ გავიგოთ, ეს ნიშნავს, რომ ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ვალდებულება და ეს არ ეხება მხოლოდ ოპოზიციას“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით