„პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ პროექტი იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 22 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ საკუთარ ვებ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ პროექტი იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო“.

იმას, რომ „პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ პროექტი იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო“, „მთავარი არხი“ „რეპრესიებისკენ გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს და აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების კომენტარებს აქვეყნებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

საპარლამენტო კომიტეტის მიერ კანონპროექტის „პირველი (მეორე, ან მესამე) მოსმენით მიღების“ ცნება ქართული კანონმდებლობაში საერთოდ არ არსებობს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლში („კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები“), რომელშიც დეტალურად არის გაწერილი კანონპროექტის განხილვის პროცედურები, აღნიშნულია: „წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად“.

ანუ, კანონპროექტს, სხვადასხვა მოსმენით (პირველი, მეორე და მესამე) იხილავს და იღებს პარლამენტის პლენარული სხდომა და არა საპარლამენტო კომიტეტი. ამ უკანასკნელის ფუნქცია კი იმით შემიფარგლება, რომ „განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადასცეს პარლამენტის ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად“.

შესაბამისად, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ პროექტი იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო“, არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით