

„პარლამენტში არა მარტო ოპოზიცია არ შევიდა, არამედ, იქ არ არის კონსტიტუციურად აუცილებელი ადამიანების რაოდენობა“
მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 12 დეკემბერს, ტელეარხ „Настоящее Время“-თვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირებაზე ისაუბრა.
ოპოზიციის გარეშე გამართულ პარლამენტის პირველ სხდომას მიხეილ სააკაშვილი „არაკონსტიტუციურს“ უწოდებს.
„პარლამენტში არა მარტო ოპოზიცია არ შევიდა, არამედ, იქ არ არის კონსტიტუციურად აუცილებელი ადამიანების რაოდენობა. ჯერ ერთი, საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტმა რომ იმუშავოს, მინიმუმ, 100 დეპუტატია საჭირო. მეორეც, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლით ნათელია, რომ ოპოზიციამ არჩევნებში ხმების 60 პროცენტი მიიღო, ივანიშვილმა კი – 40. მან (ივანიშვილმა) ეს ხმები მოიპარა და ციფრები პირიქით დასვა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისმა პარტიამ იმდენიმე ხმა მიიღო 31 ოქტომბრის არჩევნებზე, რამდენიც მმართველმა პარტიამ.
„ამიტომ, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები და ელჩები მეუბნებიან, რომ საქართველოში დემოკრატიაა, ეს ჩემში ღებინების ეფექტს იწვევს“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომლის თქმითაც, „საკუთარ გუნდთან ერთად შექმნა ქართული სახელმწიფოებრიობა, ყველაზე ეფექტური პოსტსაბჭოთა სივრცეში“.
გადამოწმებული: 1tv.ge
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, „პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა“, ანუ, 76 დეპუტატი.
აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმის შესაბამისად, 2020 წლის 11 დეკემბერს ჩატარებულ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის უფლებამოსილება ჰქონოდა, საჭირო იყო, მინიმუმ, 76 დეპუტატის დასწრება, სხდომას კი ესწრებოდა 88 პარლამენტარი.
ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მიიღო ხმების 47,6 პროცენტი, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა – 46,9 პროცენტი.
ცესკო-ს მონაცემებით კი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ მიიღო 928 004 ხმა (48,22 პროცენტი), ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 523 127 ხმა (27,18 პროცენტი).
რაც შეეხება „ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნას“, ის შექმნა არა მიხეილ სააკაშვილმა, არამედ როგორც „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტშია“ გაცხადებული, „საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს“.
შესაბამისად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეარხ „Настоящее Время“-თვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული ზემოთ მოყვანილი განცხადებები არის სიყალბე.