მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 25 ოქტომებრს, ვებ-გვერდმა „ახალი თაობა“(akhalitaoba.ge)  გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით, „პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენებას გეგმავენ“.

„თბილისში, პარლამენტის შენობის „C“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების მე-3 სართულის აივნებზე, ასევე ცენტრალური ფლიგელის მე-7 სართულზე, დაგეგმილია თითო სართულის დაშენება მსუბუქი კონსტრუქციით. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნით, მე-7 სართულზე დაშენება არარეკომენდებულია“, – წერს „ახალი თაობა“.

გადამოწმებული: 1tv.ge

2020 წლის 11 მარტს, საქართველოს პარლამენტის უფროსს, გივი მიქანაძესა და შპს „სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგის“ დირექტორს, ბადრი ჭურჭელაურს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, უნდა მომზადებულიყო საქართველოს პარლამენტის სასახლის „C“ კორპუსზე განზრახული დაშენებების შედეგად გამოწვეული გაზრდილი დატვირთვების გათვალისწინებით სივრცითი კარკასის გადაანგარიშება და საექსპერტო დასკვნა დაშენებების შესაძლებლობის შესახებ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის აპარატის მიმართვის საფუძველზე მომზადებულ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში აღინიშნა, რომ „C ბლოკის ცენტრალური ფლიგელის (მეშვიდე სართულზე) ნაკვეთურებზე ერთი სართულის დაშენება არარეკომენდირებულია“, 2021 წლის 22 ოქტომბერს, პარლამენტის აპარატმა გამოაცხადა 360 000 ლარის ღირებულების ტენდერი „საქართველოს პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის“ შესახებ.

პარლამენტის აპარატის განმარტებით, აღნიშნულის მიზანია, „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება (და არა სართულის დაშენება), როგორც ეს უკვე მოხდა რამდენიმე წლის წინ ცენტრალურ ფლიგელთან დაკავშირებით.

პარლამენტის აპარატის განცხადებით, „საქართველოს პარლამენტი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას“.

შესაბამისად, ვებ-გვერდ „ახალი თაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენებას გეგმავენ“, წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით