„პანდემიის დროს არასწორი პარკირებისთვის მილიონ 300 ათასი ლარის ჯარიმა გამოწერეს“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 29 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავრი არხის“ 12:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს (21 მარტი – 22 მაისი), თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებების არასწორი პარკირებისთვის დაკისრებულ ჯარიმებს შეეხებოდა.

სიუჟეტი იწყება „ოპოზიციის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტზე“ დაყრდნობით მოწოდებული ინფორმაციით, რომლის თანახმად, „თბილისის მერიამ პანდემიის დროს არასწორი პარკირებისთვის მილიონ 300 ათასი ლარის ჯარიმა გამოწერა და ჯარიმების დიდი ნაწილი (სიუჟეტის ბოლოს, ავტორი აკონკრეტებს, რომ ეს „დიდი ნაწილი“ 900 ათას ლარს შეადგენს) 2020 წლის თებერვლისა და მარტის პერიოდშია გამოწერილი, მაშინ როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და ავტომანქანების დიდი ნაწილი, სპეციალური საშვებით გადაადგილდებოდა“.

ამავე სიუჟეტში, თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს: „დედაქალაქის მერმა  პანდემიის პერიოდში, ადამიანები სახლებში რომ გამოკეტეს და ლუკმა-პურის გარეშე დატოვეს, ამ დროს 132 ათასი ჯარიმა დაუწერა თბილისელებს და ჯამში, ამ ჯარიმების ღირებულებამ მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა. საუბარია ეგრეთ წოდებულ პარკირებაზე“.

 

 

გადამოწმებული: 1tv.ge

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის ინსპექტორების მიერ გამოვლინდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დარღვევის 39 026 ფაქტი და შესაბამისად, გამოიწერა 39 026 საჯარიმო ქვითარი (და არა 132 ათასი, როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს).

აქედან, 125 ჯარიმა არის 50-ლარიანი, 38 900 ჯარიმა – 10-ლარიანი და 1 (ავტომობილის გადაუდებელი ევაკუაცია) – 60-ლარიანი. ჯამში, ჯარიმების თანხა შეადგენს 395 310 ლარს (და არა 1 მილიონ 300 ათას ლარს, როგორც ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, ან თუნდაც 900 ათასს, როგორც „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის ავტორი აცხადებს).

ამდენად, თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომ „დედაქალაქის მერმა  პანდემიის პერიოდში, 132 ათასი ჯარიმა დაუწერა თბილისელებს და ჯამში, ამ ჯარიმების ღირებულებამ მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით