„ნიკოლაევში შიმშილია, ადამიანები უწყლობით, უშუქობით და სიცივით იტანჯებიან“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსული მედიასაშუალებების („რია ნოვოსტი“, „პერვი რუსკი“, „ნიუს-ფრონტ ინფო“ და სხვა) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში კრიტიკული ჰუმანიტარული ვითარებაა. რუსული მედიის მტკიცებით, ქალაქში „მასობრივი შიმშილია“, ამასთან, მოსახლეობას წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაში შექმნილი შეფერხებები, აგრეთვე გათბობის პრობლემები აწუხებს.

სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებით სიტუაცია დღითიდღე უარესდება… სუფთა წყალი არ იყო და არ არის, სასმელი წყლის პუნქტები იკეტება, პურს უკვე სამ დღეში ერთხელ გასცემენ, კონსერვებს კი – კვირაში ერთხელ. პური, რომელსაც კიევში, „კიევხლებში“ აცხობენ, ვიდრე ნიკოლაევში მოიტანენ, უკვე გამოუსადეგარია, დაძველებულია, მისი ჭამა შეუძლებელია“, – წერს „რია ნოვოსტი“, „ნიკოლაევის იატაკქვეშეთის აქტივისტის მიერ მიწოდებულ“ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თავის მხრივ, „ნიუს-ფრონტ ინფო“ ამტკიცებს, რომ ნიკოლაევში ონკანებიდან ჟანგიანი წყალი მოდის და მას კანალიზაციის სუნი ასდის.

„საქმე იმაშია, რომ მდინარე სამხრეთ ბუგში ჩაედინება სხვადასხვა ქალაქის მოსახლეობის მიერ მოხმარებული წყალი და ნიკოლაევის მცხოვრებლებს სწორედ ეს წყალი მიეწოდებათ. ადრე ისინი სასმელ წყალს მდინარე დნეპრიდან იღებდნენ, მაგრამ საომარი მოქმედებების დროს წყალმომარაგება შეწყდა, სამხარეო ადმინისტრაციამ კი უარი თქვა რუსეთის წინადადებაზე, რომ მომხდარიყო მისი შეკეთება“, – წერია „ნიუს-ფრონტ ინფოს“ სტატიაში, რომლის სათაურია  „კიევის მიერ კონტროლირებადი ნიკოლაევი ჰუმანიტარული კატასტროფისგან ერთ ნაბიჯზეა“.

ანალოგიური შინაარსის მასალას გამოცემა „პერვი რუსკიც“ ავრცელებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

გამოცემა „სტოპფეიკის“ ინფორმაციით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ნიკოლაევში, ისევე როგორც უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში, მძიმეა, მაგრამ არა ჩიხში შესული, როგორც ამას რუსული მედია ამტკიცებს. გარდა ამისა, კრემლის მხარდამჭერი რუსული მედიასაშუალებები, რომლებიც ნიკოლაევის „დამშეულ და გაყინულ მოსახლეობაზე“ წერენ, არაფერს ამბობენ არსებული სიტუაციის ძირეულ მიზეზებზე – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და თავად ქალაქ ნიკოლაევზე ყოველდღე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე. სწორედ ამის გამოა, რომ ნიკოლაევში, ისევე როგორც უკრაინის სხვა ქალაქებში, შეფერხებულია მშვიდობიანი მოსახლეობის ენერგომომარაგება, წყალმომარაგება და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების მიწოდება.

„უკრენერგოს“ გამგეობის ხელმძღვანელის, ვლადიმერ კუდრიცკის თქმით, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე 1000-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. კუდრიცკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები მიზანმიმართულად უმიზნებენ სატრანსფორმატორო ქვესადგურებს, რის გამოც სულ უფრო და უფრო რთულდება ერთი რეგიონიდან მეორეში ენერგიის მიწოდება. რუსული თავდასხმების შედეგად საცხოვრებელი კორპუსებისა და ინფრასტრუქტურის გათიშვა მთელი უკრაინის პრობლემაა და არა მხოლოდ ცალკეული რეგიონებისა თუ ქალაქების.

ნიკოლაევის მერი ალექსანდრე სენკევიჩი ამბობს, რომ ქალაქი რუსების მხრიდან სისტემატურ ყოველდღიურ საჰაერო თავდასხმებს განიცდის: 2022 წლის 24 თებერვლიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, ანუ თითქმის 300 დღის მანძილზე, ნიკოლაევში მხოლოდ 46 დღის განმავლობაში იყო სიმშვიდე. დაიბომბა ქალაქის ყველა უბანი, უზარმაზარი ზიანი მიადგა ქალაქის მუნიციპალურ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინის ხელისუფლების წინასწარი შეფასებით, ნიკოლაევში რუსული დაბომბვის შედეგად მიღებული ზარალი 852 მილიონ ევროს შეადგენს – მასში შედის სოციალური, სამედიცინო, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბინაო ფონდი, კომუნალური ინფრასტრუქტურა… ყველაზე მეტად კი მაინც საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურების, წყალმომარაგებისა და გათბობის ობიექტები დაზარალდა.

თუმცა, რუსეთის არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შექმნილ ასეთ არაადამიანურ პირობებშიც კი, ნიკოლაევში ცხოვრება გრძელდება. ქალაქის მაცხოვრებლებისთვის შეიქმნა გათბობისა და ელექტრომომარაგების მობილური ქსელი – „უძლეველობის წერტილები“. ნიკოლაევში ყველაზე დიდი ასეთი ობიექტი, 200 კვადრატული მეტრი ფართობითა და საკუთარი საცხობით, 12 დეკემბერს ამოქმედდა. ეს პუნქტი, ერთდროულად, 150 ადამიანს იტევს – აქ შეგიძლიათ დალიოთ ჩაი, დამუხტოთ გაჯეტები, მიიღოთ ჰუმანიტარული დახმარება, სასურსათო კომპლექტის სახით, და აქვე გამომცხვარი ახალი პური.

ნიკოლაევში ასევე ფუნქციონირებს სასმელი წყლის გასაცემი ათობით პუნქტი, ზოგიერთი მათგანი აღჭურვილია გენერატორებით და სისტემური ავარიის პირობებშიც შეუძლია მუშაობა. რაც შეეხება ნიკოლაევის სასურსათო უსაფრთხოებას, ქალაქი სრულად არის უზრუნველყოფილი საკვები პროდუქტებით, პირველად მოხმარების საგნებით და მედიკამენტებით. ინფორმაცია ნიკოლაევში „შიმშილის“ და „საკვების არარსებობის“ შესახებ ადვილად ბათილდება თუნდაც იმით, რომ ქალაქში მრავალი სასურსათო მაღაზია ნორმალურად ფუნქციონირებს. აქ ხელმისაწვდომია პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ყველა გემოვნების მომხმარებლისთვის, ამასთან, ნიკოლაევში არსებულ მსხვილ სუპერმარკეტებს – Silpo, Novus, ATB და ა.შ. – გააჩნიათ შეკვეთების სახლში მიტანის სევისი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსული მედისაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია („ნიკოლაევში შიმშილია, ადამიანები უწყლობით, უშუქობით და სიცივით იტანჯებიან“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით